რა ბიზნესებს ფლობს გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი კობა ხუნდაძე, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საქმეზე დააკავა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში.
ამ დროისათვის, კობა ხუნდაძის სახელზე მეწარმეთა რეესტრში ორი კომპანია ფიქსირდება. ესენია: 2023 წელს რეგისტრირებული შპს „დაგი ბილდინგი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი კობა ხუნდაძეა და ასევე 2023 წელს რეგისტრირებული შპს „სამშენებლო კომპანია მალკო“, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი კობა ხუნდაძე, ხოლო 50%-ის მიხეილ ლაფაჩია. ეს კომპანიები საცხოვრებელ კორპუსებს გლდანსა და დიღომში აშენებს.