ბანკების "შავი სია" - საქართველოს რამდენი მოქალაქე ვეღარ იხდის სესხს?!
საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით, 23% სესხს ვერ იხდის - ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, 30 სექტემბრის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 371 139 მსესხებელს, საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) რაოდენობა 1 629 500-ს შეადგენს. ამასთან, „კრედიტინფოს“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საფინანსო სექტორის ვალი 1 965 617 ადამიანს აქვს, (მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506 - წყარო „საქსტატი“), ეს კი თითქმის ყოველი მეორე ადამიანია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 823-ით, მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით კი 1 968 მსესხებლით გაიზარდა. კერძოდ, „კრედიტინფოს“ 2025 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 171-ს შეადგენდა, 2024 წლის სექტემბერში კი ე.წ. შავ სიაში 365 316 პირი იყო.