გილოცავთ მარიამობას - კვირის პალიტრა

გილოცავთ მარიამობას

დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეა

ნაზარეთის ერთ-ერთ ოჯახში უჩვეულო სიხარული სუფევდა-წყვილს, რომელსაც ორმოცდაათი წელი შვილი არ ჰყავდა, გოგონა შეეძინა. მას მარიამი უწოდეს, რაც ებრაული სახელია და ქართულად "ქალბატონს", "დედოფალს" ნიშნავს. ახალშობილისთვის სწორედ ეს ხვედრი განემზადებინა უფალს-იგი ყოველთა დედოფლად უნდა ქცეულიყო და ეშვა განკაცებული ღმერთი.

მარიამის დედა, ანა, რომელიც, ასევე, ებრაული სახელია და ქართულად გამოითარგმანება, როგორც "მადლი", "ზეციური წყალობა", მოსეს ძმის, აარონის, პირველი მღვდელმთავრის, პირდაპირი შთამომავალი იყო. ანას მამაც, როგორც აარონის ტომის ჩამომავალი, ღვთისმსახური გახლდათ და შვილებს ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა. სწორედ ამ მადლისა და სიყვარულის გამო იყო, რომ მისი სამი ქალიშვილიდან ერთი, სოფიო, იოანე ნათლისმცემლის ბებია გახდა, ხოლო მეორე, ანა _ ხორციელად შობილი მაცხოვრის ბებია.

მარიამის მამა, იოაკიმე, საოცრად მორწმუნე და კეთილმსახური ადამიანი გახლდათ. იგი სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, იუდას სამეფო ტომიდან. მატერიალურად ძლიერ ოჯახს მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდა-ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ეს პირადი ტკივილი იმითაც იყო გამძაფრებული, რომ მაშინდელ ებრაელებში უშვილობა ღვთის განსაკუთრებულ სასჯელად აღიქმებოდა-აკი ყველა ხვდებოდა, რომ მოახლოებულიყო წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები ჟამი უფლის განკაცებისა. ჰოდა, დავით მეფის შთამომავლები იმედოვნებდნენ, რომ ნებისმიერი ოჯახი შეიძლებოდა გამხდარიყო მისი მშობლობის ღირსი.

იოაკიმე და ანა უშვილობის გამო ახლობლებისგანაც და უცნობებისგანაც მრავალ დაცინვასა და დამცირებას ითმენდნენ, ღმერთს ემსახურებოდნენ, მთელი გულით იცავდნენ რჯულს და სიტყვითაც და საქმითაც უფლის ნების აღმსრულებლები იყვნენ. და ელოდნენ. . . ამ ლოდინში გავიდა 50 წელი. ხანდაზმულები მაინც სასოებდნენ უფალს, რადგან იცოდნენ, შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის.

მაგრამ ერთხელ იოაკიმე, მღვდელმთავარმა და მლოცველებმა, იერუსალიმის ტაძარში ტაძრის განახლების დღესასწაულზე მისული, ტაძრიდან გამოაგდეს. გულმოკლული მოხუცი სახლში აღარ მისულა, უდაბნოში გავიდა და ცრემლებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის შვილი. როცა ეს ამბავი მართალმა ანამ გაიგო, ატირდა და ლოცვად დადგა. ჰოდა, ორივეს აუწყა ანგელოზმა, რომ უფალმა შეისმინა მათი ვედრება და მათ მიეცემოდათ ასული, რომელსაც მარიამს უწოდებდნენ და რომლისგანაც კაცობრიობა ხსნას მიიღებდა. გახარებული ანა მაშინვე იერუსალიმის ტაძრისაკენ გაეშურა ღვთისათვის მადლობის შესაწირად, სადაც იოაკიმეს შეხვდა. ცოლ-ქმარი ბედნიერი დაბრუნდა შინ.

გავიდა ხანი და ანამ მართლაც შვა ასული, რომელსაც მარიამი უწოდა. ერთი წლისა რომ შესრულდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, რომელზეც პატივცემული მოხუცები ,მღვდელმთავრები და მწიგნობრები მოიწვია. მათ დალოცეს გოგონა და კურთხევა არ დაიშურეს მისთვის.

სამი წლის მარიამი დედ-მამამ, აღთქმისამებრ, იერუსალიმში წაიყვანა, რათა უფლისათვის მიეძღვნათ იგი. სამი წლიდან მარიამი მშობლებისაგან მოშორებული, ზეციური მამის სახლში, იერუსალიმის ტაძარში, ცხოვრობდა, რითიც თავისი მისიის აღსასრულებლად ემზადებოდა: ანგელოზებს ესაუბრებოდა, ზეციური მანანით იკვებებოდა და მადლით გაბრწყინდებოდა და განიღმრთობოდა. მოხუცებულ მშობელთაგან შობილი სხვათათვის მადლისა და წყალობის მიმნიჭებლად იქცა.

მისი მადლი არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისთვის)