გლოვის დღე რუსებისთვის ანუ "ჩელიაბინსკის მეტეორიტი" უკრაინულად?! - რამ ააფეთქა საარტილერიო ჭურვების ქარხანა
„ჩელიაბინსკის მეტეორიტი“ უკრაინულად ანუ რამ ააფეთქა ჩელიაბინსკის საარტილერიო ჭურვების ქარხანა?
2013 წლის 15 თებერვალს რუსეთის ჩელიაბინსკთან ატმოსფეროში საშინელი აფეთქება მოხდა, რომლის ძალა 300-500 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი გახლდათ ანუ ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ამერიკული ატომურ ბომბზე ოცჯერ უფრო ძლიერი - მიწაზე მეტეორიტის მსხვილი ფრაგმენტები დაეცა, მათგან ყველაზე დიდი(რომელიც ჩებარკულის ტბიდან ამოიღეს) 570 კგ-ს იწონიდა...
12 წლის წინ ამ „მეტეორიტულმა დაბომბვამ“ ჩელიაბინკის სახლების მინები მასობრივად ჩაამსხვრია, რასაც 1 615 ადამიანის დაშავება მოჰყვა, ძირითადად მინის ნამსხვრევებით, ხოლო რუსეთის ბიუჯეტმა ერთ მილიარდ რუბლამდე ზარალი განიცადა...
2025 წლის 22 ოქტომბრის საღამოს ჩელიაბინსკელები კვლავ გააყრუა საშინელი ძალის აფეთქებამ და ბევრმა შეიძლება ისევ ახალ „მეტეორიტზე“ მიიტანა ეჭვი, თუმცა ამჯერად ჩელიაბინსკის აღმოსავლეთით ხუთიოდე კმ-ში მდებარე ქარხანა „პლასტმასში“ მომხდარ აფეთქებას აუფორიაქებია ეს მილიონიანი რუსული ქალაქი...
სახელმა -„პლასტმასი“ - მკითხველი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს, რადგან ამ რუსულ ქარხანაში სინამდვილეში 82 და 120 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნების ნაღმებსა და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს აკომპლექტებდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებით ანუ გამალებული მუშაობდნენ უკრაინაში შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების ინტერესებში და შესაბამისად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს აფეთქება სწორედ უკრაინულმა „შურისძიების მეტეორიტმა“ გამოიწვია, მით უმეტეს, რომ უკრაინული ხარკოვიდან რუსულ ჩელიაბინსკამდე პირდაპირი ხაზით 1 700 კმ-მდეა,მ აშინ როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები უკვე წვდებიან 2 ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში...
ჩელიაბინსკის გებერნატორი კი იფიცება, რომ უკრაინული დრონები არაფერ შუაშია და სამხედრო ქარხანაში აფეთქება, რომელმაც 12 ადამიანი შეიწირა(დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ქარხნის ნანგრევებს გაწმენდენ) ტექნოლოგიური პროცესის დარღვევამ გამოიწვია, მაგრამ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრში(რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერის არეალში მოხვდა) კარგად ფიქსირდება ერთმანეთის მიყოლებით ორი აფეთქება, რომლებიც გარკვეული მანძილით არიან ერთმანეთისგან დაშორებულნი, რაც შეიძლება ორი უკრაინული კამიკაძე-დრონის სინქრონულ საჰაერო შეტევებს გამოეწვიათ...
თუკი, „ჩელიაბინსკის ახალი მეტეორიტის“ აფეთქების წყარო ოფიციალურად ჯერ არ გაცხადებულა, სამაგიეროდ უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთის უდიდესი ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა(900 კმ უკრაინის საზღვრიდან) და ორენბურგის აირგადამამუშავებელი ქარხანა( 1 100 კმ უკრაინის საზღვრიდან) ამ დღეებში სწორედ უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმების შედეგად აგიზგიზდნენ...
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი ომი გაგრძელდება ანუ 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც პუტინი არ დათანხმდება?!
პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი და ტრამპის "შვიდი პარასკევი" - გაწირავს თუ არა "დიდი დონალდი" ზელენსკის?!
რუსეთის ნავთობ და აირგადამამუშავებელ ქარხნებზე მოხშირებული უკრაინული საჰაერო თავდასხმების ფონზე, გუშინ აშშ-მა პირველად დაუწესა სანქციები რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს -„როსნეფტსა“ და „ლუკოილს“, რასაც ემატება ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ეკონომიკური სანქციების მე-19 პაკეტიც, რამაც საერთო ჯამში, წესით, უნდა მიაყენოს ისეთი მტკივნეული დარტყმა რუსეთის ბიუჯეტს, რომ პუტინის არმიას უკრაინის ომში ახალი დიდი შეტევების წამოწყება ვეღარ შეძლოს...