"ქვეყანაში მუნის შემთხვევები გახშირდა, სწრაფად გადამდები დაავადებაა. დაუშვებელია თვითმკურნალობა შინაური, სახალხო მეთოდებით" - როგორ ჩნდება და ვრცელდება მუნი, რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისა და მკურნალობისთვის?
საქართველოში ბოლო პერიოდში მუნის შემთხვევებმა იმატა, რის გამოც რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა და სველი წესით დასუფთავება ჩატარდა. სპეციალისტების შეფასებით, სკოლებში ბავშვებს შორის ახლო კონტაქტის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია. ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და მოუწოდებენ, გამონაყარის ან ძლიერი ქავილის შემჩნევისთანავე, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან და დერმატოლოგს მიმართონ.
თბილისის N136 სკოლაში მუნის შემთხვევები დაფიქსირდაროგორც სსიპ ქალაქ თბილისის N 136 საჯარო სკოლა 12 ოქტომბერს, 18:35 საათზე გაავრცელა, სკოლაში ინფექციური დაავადების - მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
„სსიპ ქალაქ თბილისის N 136 საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ სკოლაში დაფიქსირდა ინფექციური დაავადების -მუნის ორი შემთხვევა და ორივე ჯერზე მოხდა შესაბამისი სამსახურის მიერ სკოლის სრული დეზინფიცირება. აქვე, გატყობინებთ, რომ ნებისმიერი ინფექციური დაავადების გამოვლენისას სკოლა თანამშრომლობს სპეციალისტთან, იღებს რეკომენდაციებს და შემდგომ ასრულებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იქნება ეს სასწავლო რეჟიმთან თუ სკოლის დეზინფიცირებასთან დაკავშირებული, მიიღება შესაბამისი სამსახურის ინფექციონისტების რეკომენდაციების საფუძველზე. აქვე, გიზიარებთ ინფექციონისტის რეკომენდაციებს“, - აღნიშნული იყო სკოლის განცხადებაში.
მუნი არ არის "სიბინძურის დაავადება", როგორც მას ადრე ეძახდნენ, ის კონტაქტით გადამდები პარაზიტული ინფექციაა, რომელსაც ტკიპა Sarcoptes scabiei იწვევს.
რა უნდა ვიცოდეთ მუნზე?
ექიმების შეფასებები: პედიატრი, დერმატოლოგი და დერმატოზ-ვენეროლოგი ვრცლად განმარტავენ დაავადების სიმპტომებს, მკურნალობასა და პრევენციულ ზომებს.
"ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო ეს დაავადება, ახლა კი გახშირდა"
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას ეპიდემია არ ეთქმის, ის მაინც ფართოდ გავრცელებულად შეიძლება ჩაითვალოს:
"მუნს იწვევს ტკიპა სკაბიესი, რომელიც კანის ქვეშ შედის და ძირითადად უყვარს ისეთი ადგილები, როგორიცაა მუცელი, ხელები, მტევნები, თითებს შორის არე. ახასიათებს ძლიერი ქავილი და დისკომფორტი. ახასიათებს წვრილი ნაჩხვლეტივით გამონაყარი და ზოგჯერ ხაზები - ეს იმ შემთხვევაში, როცა მუნის გამომწვევი ტკიპა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდება და ტოვებს ხაზს. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, კონტროლი. ადრე მუნს ბინძურთა დაავადებას ეძახდნენ და ეს ასე არ არის. ეს არ არის აირწვეთოვანი ინფექცია, გადადის კონტაქტით... ადრე სრულიად ლიკვიდირებული იყო ეს დაავადება, ახლა კი გახშირდა".
ექიმის თქმით, დაცვა მხოლოდ ჰიგიენითაა შესაძლებელი და თუ მშობლები შეამჩნევენ სპეციფიკურ გამონაყარს ხელებზე, მუცელზე ან ძლიერ ქავილს, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. სხვა სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ტკივილი, დაავადებას არ ახასიათებს.
"დაუშვებელია თვითმკურნალობა შინაური და სახალხო მეთოდებით, აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატი, ასევე არ შეიძლება ამ პრეპარატის თვითნებურად მოხმარება. სკრუპულოზურად შესასრულებელი მკურნალობაა, რომ არ გადავიდეს მუნი ოჯახის სხვა წევრებზე. თეთრეული უნდა დამუშავდეს, გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე და იზოლირება სჭირდება პაციენტებს. გართულება არ ახასიათებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივად გართულდა ნაკაწრები, მაგრამ კარგი მოვლის შემთხვევაში გართულება არ ხდება. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობას, ინდივიდუალურია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩამთავრდეს სამ დღეში, ზოგის კი რამდენიმე კვირა გაგრძელდეს", - ამბობს პედიატრი.
"ძალიან გადამდები დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება"