"ტყეში მოიპოვეს სოკო და მიირთვა ოჯახში ცოლ-ქმარმა, ქალბატონი გარდაიცვალა" - რას ამბობს სოკოთი მოწამვლის გახშირებულ შემთხვევებზე სპეციალისტი და რა რჩევებს აძლევს მოსახლეობას?
კახეთში სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მასთან ერთად კლინიკაში შეიყვანეს მისი მეუღლეც, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
ეს არ არის მოწამვლის ერთადერთი შემთხვევა, არსებული ინფორმაციით, ბოლო ათი დღის ინტერვალში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სოკოს ინტოქსიკაციით 20-მდე მოქალაქე მოხვდა. მსგავსი შემთხვევები იყო რამდენიმე დღის წინ იმერეთშიც, კერძოდ ზესტაფონში, კლინიკა "ფერომედში" სოკოთი მოწამვლით არაერთი პაციენტი შეიყვანეს. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა გადაუდებელი, კომპლექსური მკურნალობის შემდეგ ექიმებმა მათი გამოჯანმრთელება შეძლეს. ყველა შემთხვევაში ადამიანებმა თავისი ხელით მოპოვებული სოკო მიირთვეს და იმით მოიწამლნენ. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ არ მიირთვან ტყეში დაკრეფილი სოკო, რადგან საფრთხის შემცველია.
გვესაუბრება ექიმი ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯია:
- ბატონო ოთარ, სამწუხაროდ კახეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა სოკოს ინტოქსიკაციით, ამ ფაქტის ირგვლივ რა შეგიძლიათ გითხრათ?
- დიახ, სამწუხაროდ 60 წლის ქალბატონია გარდაცვლილი. ტყეში მოიპოვეს სოკო და მიირთვა ოჯახში ცოლ-ქმარმა, სიმპტომები გამოუვლინდათ სოკოს მიღებიდან 12 საათის შემდეგ, რაც ძალიან დამახასიათებელია ხოლმე თეთრი შხამა სოკოსთვის, ტოქსინის შემცველი სოკოსთვის. თეთრ შხამა სოკოშია ძალიან საშიში, ღვიძლზე მოქმედი ტოქსინი, რომელიც თავის მოქმედებას იწყებს გვიან, მიღებიდან რვა საათის შემდეგ. ორივე პაციენტს, ცოლ-ქმარს სიმპტომები დაეწყოთ სოკოს მიღებიდან 12 საათის შემდეგ. ისინი მარტო იყვნენ სახლში, თავი ცუდად იგრძნეს და თავდაპირველად მიმართეს 11სკოთ 2-ს, მოხდა მათი გადაყვანა ჯერ რაიონულ საავადმყოფოში და შემდეგ უკვე გადაიყვანეს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში. ქალბატონი სამწუხაროდ გარდაიცვალა, მამაკაცი ჯერ კიდევ აგრძელებს მკურნალობას. ჯერჯერობით რჩება იმიტომ, რომ მას საკმაოდ მძიმე ღვიძლის უკმარისობა განუვითარდა ისევე როგორც მის მეუღლეს. როგორც წესი, სოკოთი ინტოქსიკაციის დროს სიმპტომები ეწყებათ ხოლმე 2-3 საათში, მაგრამ ერთ-ერთი გამონაკლისია თეთრი შხამა სოკო, რომელიც ძალიან საშიშია და მასში არის ღვიძლზე მოქმედი ტოქსინი, რომელიც მოქმედებას იწყებს ძალიან გვიან.
- უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს?
- არა, უგონოდ არ იყვნენ, მაგრამ მერე წამოვიდა უკვე დინამიკაში ღვიძლის მწვავე უკმარისობა ორივესთან, რაც მოსალოდნელი იყო. მეუღლის შემთხვევაში ეს პრობლემა დავძლიეთ ერთობლივად ყველამ, თავიდანვე ჩავრთეთ შესაბამისი მედიკამენტები, თუმცა სტატისტიკურადაც, მთელ მსოფლიოში, როცა ამ ტიპის ტოქსინით ხდება ორგანიზმის მოწამვლა, ძალიან მაღალია ლეტალობა, თითქმის 85%-ზე მეტი. ქალბატონი დავკარგეთ, მეუღლე აგრძელებს კლინიკაში მკურნალობას. ჯერჯერობით დადებითი დინამიკა გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, იმ გარემოებას, რომ ტყეში დაკრეფილი სოკო შეიცავს ყოველთვის რისკებს. როცა ეპიდაფეთქება ხდება ქვეყანაში, თითოეული შემთხვევის უკან არის მრავლობითი სოკოს მირთმევის ფაქტი, არ ყოფილა ისე, რომ ერთი კონკრეტული სოკო შეჭამეს ოჯახის წევრებმა და შემდეგ ამის გარშემო მოგვეხდინა ჩვენ ფოკუსირება და სიღრმისეული კვლევა, არა, ასე არ ხდება, მრავლობით სოკოებით ხდებოდა ინტოქსიკაცია და როცა ასეთი შემთხვევის კვლევას ატარებ, ის კიდევ უფრო ართულებს საქმეს, იმიტომ, რომ სკურპლუოზური კვლევა სჭირდება, რომ კარგი ანალიზი გააკეთო. როცა ეპიდაფეთქებაა და ჯგუფური შემთხვევებია თავი უნდა შევიკავოთ ტყეში დაკრეფილი სოკოს მირთმევისგან. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული ცოდნა გაგვაჩნდეს და კარგად ვერკვეოდეთ სოკოებში. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამ ყველაფერზე, როგორ ხდება მისი დამტვერვა, ხდება მუტაციები, ხდება ნიადაგის ცვლილება, ხდება კლიმატის ცვლილება და 1000 ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. ძალიან რთული საკითხია და ერთ პატარა საუბარში ამის ჩატევა რთულია.
- ცოტა ხნის წინ ზესტაფონში იყო არაერთი შემთხვევა, ახლა კახეთშიც ანალოგიური ხდება?
- დიახ, დასავლეთ საქართველოში იყო ბევრი შემთხვევა და შემდეგ გადაინაცვლა აღმოსავლეთში, კერძოდ კახეთში. უკვე გახშირებული შემთხვევები უფრო კახეთში იყო, ჯგუფური ინტოქსიკაციების შემთხვევები. ყოველთვის მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ, როგორც ტოქსიკოლოგი ჩართული ვარ მათი მკურნალობის პროცესში. ახლა საბედნიეროდ უკვე ნელ-ნელა კლებისკენ არის ტენდენცია, ვფიქრობ ალბათ ისევ ჩვენმა საუბრებმაც, მასმედიით გავრცელებულმა ინფორმაციებმა. ჩემი და ჩემი კოლეგების სწორმა რჩევებმა დააფიქრა მოსახლეობა და შედარებით ნაკლები შემთხვევები ხდება. ამ შემთხვევებში ძირითადად მოზრდილები იყვნენ, თუმცა იყო ბავშვების მოწამვლის რამდენიმე ფაქტიც. ყველაზე რთულად მაინც მიდიოდა ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმული პაციენტები მოწყვლადი ჯგუფია ჩვენი საზოგადოების, მათ ბევრი ქრონიკული დაავადებები აქვთ და მათი სასიცოცხლო რესურსები შედარებით შემცირებულია, აქედან გამომდინარე მათთან ცოტა რთულად წავიდა მწვავე მოწამვლები, თუმცა საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა.
- რა სიმპტომები ჰქონდათ ცოლ-ქმარს?
- ისინი თავიდან იყვნენ აბსოლუტურად კონტაქტურები, უბრალოდ ჰქონდათ გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, რომელიც გამოეხატათ სოკოს მირთმევიდან დაახლოებით 12 საათში, მათ თავად დარეკეს სასწრაფო დახმარებაში. შემდეგ გადავიდნენ ჰოსპიტალში და უკვე იქ, როდესაც ვნახეთ ჩვენ მათი ლაბორატორიული ანალიზები, თავიდანვე მივიტანეთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვქონდა ეგრეთ წოდებულ ჰეპატოტოქსიურობასთან, ეგრეთწოდებულ თეთრ შხამასოკოსთან, რომლის შემადგენლობაში შედის ამარი და ტოქსინი, რომელიც არის ძალიან საშიში და ხშირ შემთხვევაში მთავრდება ლეტალობით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ძალიან მკაფიო გზავნილი გავუგზავნო ჩვენს საზოგადოებას, რომ ტყეში დაკრეფილი სოკოსკენ თავი შევიკავოთ, ვინც ვართ სოკოს მოყვარულები, არის სათბურში მოყვანილი სოკო, რომელსაც გავლილი აქვს სურსათის უვნებლობის სააგენტოს შესაბამისი შემოწმება და ის არის უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, სხვა შემთხვევაში მე ვერანაირ რეკომენდაციას ვერ მივცემ ჩვენს მოსახლეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს და კარგად იცოდეს სოკოს გარჩევა, დამერწმუნეთ, რომ აი ამ ინტოქსიკაციების უკან ძალიან ბევრი პროფესიონალი სოკოს მკრეფავი და პროფესიონალი სოკოს მოყვარული იყო, რომელთაც ასევე შეეშალათ, ეს მათი ბრალი არაა, ეს ბუნებრივი პროცესია, ეს ასე ხდება მთელ მსოფლიოში, საქართველო არ არის გამონაკლისი, ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მკაფიო რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ინფორმირება გავაკეთოთ და ვუთხრათ საზოგადოებას რა საფრთხის შემცველია ტყეში დაკრეფილი სოკო. კლინიკაში მოხვედრილი ყველა ადამიანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და გადარჩნენ, მაგრამ ვურჩევ ყველას, თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)