"ვთხოვ ყველას, ნუ დავემსგავსებით იმათ, ვისაც ვებრძვით!" - კვირის პალიტრა

"ვთხოვ ყველას, ნუ დავემსგავსებით იმათ, ვისაც ვებრძვით!"

"მრცხვენია, რომ ქართველი ვარ... მეზიზღებით! თქვე არაქართველებო!" - ეს ჩემ წინ მიმავალი ჭაღარა ქალი წამოიძახებდა დროდადრო და ცოცხს გააფთრებული იქნევდა. გარშემო სტუდენტები ჟივილ-ხივილით მიყვებოდნენ. გეზი ე.წ. მოდულის შენობისკენ გვქონდა აღებული. შენობის გარეთა პერიმეტრს ფორმიანი ბიჭები იცავდნენ. ახლა იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე წინა დღეებში. "მეზიზღებით" - მივარდა ცოცხიანი ქალბატონი ერთ-ერთს. მეგონა, ვინმე ხელს შეუშლიდა, მაგრამ შევცდი. ქალი გათამამდა და დაწინაურდა. - ქალბატონო, ის ბიჭები წვევამდელები არიან, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობენ და უბრალოდ აქ გაანაწილეს, - ვუთხარი მორიდებით. - საერთოდ რატომ არიან ამათ სამსახურში, რატომ? - შემომიღრინა მან, - თავმოყვარე კაცი ახლა ამათ სამსახურში დადგება? - უკვე შეტევაზე გადმოვიდა.

ჩვენს საუბარს სხვებიც შეესწრნენ. სანამ კიდევ რამეს ვეტყოდი, ახალგაზრდა ბიჭმა დამასწრო: - ქალბატონო, ნუ დავემსგავსებით იმ ურჩხულებს, რომელთაც ვებრძვით. ეს ბავშვები ჯარში არიან და ხელმძღვანელობის დავალებას ასრულებენ. - ის არაკაცებიც იმ დიდი ნაძირლების დავალებას ასრულებდნენ, სხვას კი არაფერს აკეთებდნენ, - მხარი აუბეს გაბრაზებულ ქალს სხვებმა. სანამ აქციის მონაწილეები მათ დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე კამათობდნენ, ვიღაცამ მეორე ჯარისკაცს სახეში წვენი შეასხა... "გაბედულს" სხვებმა ტაში დაუკრეს. - რას აკეთებთ, ხალხო, მიშას და ახალაიების სიძულვილმა ხომ არ უნდა დაგაბრმავოთ? იმიტომ ვებრძვით მათ, რომ ბოროტობას სჩადიოდიან და ძალადობენ, თქვენც იგივეს აკეთებთ? - აღშფოთდა წვერიანი ახალგაზრდა. მერე მოიფიქრეს და აქციის მონაწილეებსა და ამ ბიჭებს შორის ჩადგნენ.

სამხედრო ფორმიანი მხრებაწურული იდგა. ასე 19-20 წლის იქნებოდა. უცებ მასთან აფორიაქებული ქალი მივარდა, - ხომ კარგად ხარ, შვილო, ხომ არაფერი დაგიშავეს, დედა?.. ბიჭი კიდევ უფრო მოიბუზა, - არა, სახლში წადი, გთხოვ... ქალი მუდარით სავსე თვალებით უყურებდა აქციის მონაწილეებს.

იქიდან ფილარმონიასთან გადავინცვლეთ. იქაც იგივე განმეორდა, - აქციის მონაწილეთა ერთ ნაწილს იმის გაგონებაც არ უნდოდა, რომ ისინი ჯარისკაცები იყვნენ, - ხვალ და ზეგ ისინიც იგივეს გვიზამენ! როგორც კი ძალაუფლებას იგრძნობენ, ისინიც გადაგვივლიან. ჩემი შვილი ციხეშია და ამისთანები ურტყამენ, - კიოდა თმაგაწეწილი მოხუცი და ახალგაზრდა სამხედროსკენ იწევდა....

ვიცი, რომ ხალხს ინფორმაციის დეფიციტი აქვს, მაგრამ მაინც მძიმე სანახავი იყო ამ ადამიანთა ცქერა, ვინც ჯარისკაცსა და სპეცრაზმელს შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ და არც უნდოდათ დაენახათ. აქციის მონაწილეებმა მითხრეს, რომ ხალხს, მათ შორის ახალგაზრდებს უჭირდათ იმის გაგება, რომ ის ბიჭები არ იყვნენ სააკაშვილის, ახალაიებისა და ადეიშვილის პირად სამსახურში და შეურაცხყოფას აყენებდნენ... მითხრეს, ერთ-ერთ ჯარისკაცთან დედა იყო მოსული და აქციის მონაწილეებმა მასზე მიიტანეს იერიშიო...

რატი დიდებულიძე, აქციის მონაწილე:

- ორი აზრი არ არის, რომ სრულიად საქართველო (და არა მარტო) შეძრა იმ კადრებმა, რომელიც ბოლო დღეებში ციხეში არსებულ ვითარებას ასახავდა. აქციის მონაწილეები ვითხოვთ, რომ ისინი თანამდებობიდან კი არ უნდა გათავისუფლდნენ, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მაგრამ რასაც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვუყურებ, გაოგნებული ვარ. ეს მთავრობა ორმაგად არის დასასჯელი იმ ზიზღის გამო, რაც საზოგადოებაში დათესა. ხალხს ეზიზღება ყველა ფორმიანი, ვინც არ უნდა იყოს - პატრული იქნება, სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი, სპეცრაზმელი თუ კონტროლიორი. ამას წინათ 51-ე სკოლიდან მანდატურები გამოვიდნენ და კინაღამ დაესივნენ...

ნინო ბართიაშვილი, აქციის მონაწილე:

- მე და ჩემი მეგობრები ყველას ცალ-ცალკე ვეხვეწებოდით, მოდულთან მდგარი ბიჭებისთვის არაფერი დაეშავებინათ, ისინი არაფერ შუაში არიან-მეთქი. ზოგმა დაიჯერა, ზოგი იერიშზე გადმოვიდა, რახან იმის თავმოყვარეობა არ აქვთ, რომ ასეთ დროს ჯარიდანაც წამოვიდნენ, კეთილი ინებონ და აიტანონ შეურაცხყოფაო... სხვებმა, ამ "ვიშკიორების" ბედის გვადარდეთ ახლაო... ვერაფრით ავუხსენი, რომ ისინი სამხედრო სამსახურში არიან და ამ საშინელებებთან საერთო არაფერი აქვთ. მესმის, რომ ხალხი ნანახითGდაძაბულია და ემოციებისგან გადაღლილები ვართ, მაგრამ იგივე ხომ არ უნდა გავაკეთოთ, რასაც ეს სადისტების კლანი აკეთებდა. ვთხოვთ ყველას, ვინც საკუთარი პოზიციის გამოსახატავად ქუჩაში გამოვიდა, სიძულვილმა აზროვნების უნარი არ დაგვაკარგვინოს. ის ბიჭები არაფერ შუაში არიან და უდანაშაულო ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ... იმედია, როცა პირველი ეიფორია გადაივლის, საზოგადოება ემოციას უფრო მეტ გონებას დაატანს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)