ძიუდოისტებს ქართველი მწვრთნელი დაუბრუნდათ - კვირის პალიტრა

ძიუდოისტებს ქართველი მწვრთნელი დაუბრუნდათ

რას მოგვიტანს ოლიმპიური ჩემპიონი?

ლონდონის ოლიმპიადის დასრულებამდეც ვიცოდით, რომ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი ჩვენს ეროვნულ გუნდში მუშაობას აღარ განაგრძობდა. ასეც მოხდა, მისი ხელმძღვანელობით ლონდონის თამაშებზე ერთი ოქროს მედალი მოვიპოვეთ (ლაშა შავდათუაშვილი) და ამის მიუხედავად, კმაყოფილების საბაბი ნაკლებად გვქონდა, რადგან ნაკრებში არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი იყო, რომელთაგან სულ მცირე ბრინჯაოს მედალს ველოდით. თუმცა მედალს ვინ ჩივის, უმეტესობამ პირველ-მეორე რაუნდში დაასრულა გამოსვლა. სწორედ ამან განაპირობა პიტერ ზაიზენბახერით უკმაყოფილება, თორემ სახელოვან ჩემპიონს მწვრთნელის რანგში ოლიმპიურ ოქროს არავინ უკარგავს.

მოკლედ, კითხვაზე, როგორ შეიძლება საქართველოში ძიუდოისტებს უცხოელი წვრთნიდეს?! მივიღეთ ზუსტი პასუხი - ნამდვილად არ შეიძლება. უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს მწვრთნელებად საკალათბურთო თუ საფეხბურთო ნაკრებებში, პირველ რიგში გამოცდილების გამო ნიშნავენ, რომელსაც მსოფლიოს წამყვან გუნდებთან მუშაობაში აგროვებენ. თუმცა, ფედერაციის ხელმძღვანელებიც აღიარებენ, რომ საზღვარგარეთიდან სპეციალისტის ჩამოყვანა მაინც რისკთანაა დაკავშირებული, რადგან ბევრს ქართული მენტალიტეტის შეცნობა უჭირს. როცა საქმე ჭიდაობასა და ძიუდოს ეხება, ჩემპიონთა ლიგასა თუ NBA-ში გამოცდილ მწვრთნელს ვერ ჩამოიყვან, ისეთის ნახვაც ძნელია, რომელიმე ქართველ მწვრთნელზე მეტი ენახოს...

მოკლედ, გასულ კვირას სამართლიანად გადაწყდა, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სათავეში ქართველი ჩაუდგება. ასეთად ირაკლი ცირეკიძე დასახელდა, რომელიც ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროთი მკერდდამშვენებული. როგორც სპორტსმენს გამოცდილება საკმარისად აქვს. თუმცა, მწვრთნელობა სხვა სფეროა, რომელშიც არაერთი დეტალია გასათვალისწინებელი და შესასწავლი. როგორც ჩანს, ირაკლი ცირეკიძემ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა და ძიუდოს ფედერაციას თავადვე წარუდგინა საკუთარი კანდიდატურა:

- მწვრთნელად მუშაობის სურვილი ჯერ კიდევ სპორტსმენობისას მქონდა და თუ ეს მთავარი მწვრთნელობაც იქნებოდა, არც ამაზე ვიტყოდი უარს. თვითონ შევთავაზე სამინისტროსაც და ოლიმპიურ კომიტეტსაც საკუთარი კანდიდატურა - მათთან ჩემი გეგმით მივედი, რაც დააკმაყოფილეს.

ირაკლიმ ახალ სამუშაოს ენთუზიაზმით მოჰკიდა ხელი. ძიუდოში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის ურთიერთობას სპორტსმენებთან. ამ მხრივ ცირეკიძეს არაფერი დაეწუნება. ერთადერთი, რაზეც შესაძლოა დავფიქრდეთ, მისი სამწვრთნელო გამოცდილებაა. შესაძლოა, უმჯობესი ყოფილიყო, კარიერა თანაშემწის რანგში დაეწყო, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვერდში ჰყავს გამოცდილი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი - 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი, რომელიც არაერთი წელია მწვრთნელად მუშაობს და ლონდონში პიტერ ზაიზენბახერის თანაშემწეც იყო. გიორგისთან ერთად ირაკლი ცირეკიძეს ლაშა გუჯეჯიანი დაეხმარება. მანაც კარიერა ახლახან დაასრულა და მწვრთნელის რანგში პირველ ნაბიჯებს დგამს.

ასე და ამგვარად, ძიუდოისტთა ნაკრებში ახალი ეტაპი იწყება, ცირეკიძე და მისი გუნდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ ეროვნულ გუნდს და იმედი დავიტოვოთ, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ისეთ შედეგებს მიაღწევენ, რასაც ქართველი ქომაგი იმსახურებს. მანამდე მსოფლიოსა და ევროპის პირველობებია. უახლოესი შეჯიბრება ოქტომბრის ბოლოს გაიმართება - ბრაზილია მსოფლიოს გუნდურ პირველობას უმასპინძლებს.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)