დიდი სკანდალის "იურიდიული ექსკურსი" - როგორ ისჯება საქართველოში ფულის გათეთრება, უკანონო ქონებით სარგებლობა და ზეგავლენით ვაჭრობა
ალბათ გსმენიათ: - ადამიანი მალევე ეჩვევა ცუდსაც და კარგსაცო. საქართველოს უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ საზოგადოებაც და მთლიანად ჩვენი ქვეყანაც შეეჩვია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ანომალიურ მოვლენებს - სახელმწიფო გადატრიალებებს; რეალურ და დადგმულ ტერაქტებს; უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გალაღებულ თარეშს; ეკონომიკის „ორნიშნიან ზრდას“, უმუშევრობის ზრდასთან ერთად; პოლიტიკური პარტიების „კრუნჩხვებს“; კორუფციას უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში, რომელსაც „რატომღაც“ ყოველთვის დაგვიანებით ავლენენ... და ვითომც არაფერიო, – ყველა ეს უბედურება ჩვენთვის უკვე ისეთ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც ყოველ 10-15 წელიწადში აუცილებლად მეორდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე, ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ეს საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარებულა როგორც თბილისში, ასევე - დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. აღნიშნულ ღონისძიებებში, თურმე, მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი. შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში - 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირად ღირებული ნახატები, დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
მრავალ ჭირ-ვარამგადატანილი საქართველოს მოსახლეობისთვის თავად ეს ინფორმაცია არ იყო რაიმე განსაკუთრებული სიახლე და სენსაცია, რომ არა იმ პირების ვინაობა, რომლებთანაც ჩხრეკები ჩატარდა. მაშ ასე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მასშტაბურ კორუფციაში ეჭვმიტანილნი არიან: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი; ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და კიდევ მათთან დაახლოებული რამდენიმე პირი. სწორედ მათი და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლებიდან იქნა ამოღებული ზემოთ დასახელებული ნაღდი ფული, ძვირფასეულობა და დოკუმენტაცია. თუმცა კონკრეტულად რომელი ეჭვიმიტანილიდან - რა, პროკურატურამ არ დაასახელა. ალბათ, „ინტრიგა“ ბოლომდე შეინახეს. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირებაო. ანუ „ადამიანურ ენაზე“ რომ ვთარგმნოთ, გენერალური პროკურატურა ჯერ არაა ბრალის ფორმულირებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული.
22 ოქტომბერს მორიგი სიურპრიზი გველოდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტიო. თუმცა იმავე საღამოს არანაკლები სიურპრიზი ი. ღარიბაშვილის ადვოკატმა შემოგვთავაზა, რომელმაც განაცხადა, რომ ღარიბაშვილი მხოლოდ მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის განცხადება არის ძალზე ზოგადიო. ამით ადვოკატმა, ფაქტობრივად, ეჭვის ქვეშ დააყენა ღარიბაშვილის გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტი. ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ პროკურატურა უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ბრალის როგორ ფორმულირებას შემოგვთავაზებენო.
გუშინ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ამ უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - ანდრია ლილუაშვილიო. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) ითვალისწინებს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და კორუფცია სხვადასხვა სამართლებრივი ცნებებია და სასჯელიც ძალზე განსხვავებულია. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ „იურიდიულ კაზუისტიკაში“ მცირედი ექსკურსი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) - ითვალისწინებს:
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი, უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა
- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე;
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ჯგუფურად;
ბ) ჩადენილი არაერთგზის;
გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
3. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლონათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით;
2. ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით;
3. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით;
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
- ისჯება ლიკვიდაციით ან 194-ე პრიმა მუხლით: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება...
1. წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება,
- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) დიდი ოდენობით,
- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით“.
კორუფცია, როგორც „სამოხელეო დანაშაული“, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისგან განსხვავებული დანაშაულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-342 მუხლებით რეგულირდება.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნითო. რას ითვალისწინებს „339-ე პრიმა მუხლი?“
პრიმა მუხლი 339 - ზეგავლენით ვაჭრობა
1. იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირის მიერ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი,
- ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. პირის მიერ, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მოთხოვნა ან მიღება, ასევე, ასეთის თაობაზე დაპირების ან შეთავაზების მიღება, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენით სასურველი შედეგი,
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ,
- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით“.
ლოგიკურად გამოდის რომ ა. ლილუაშვილს ედავებიან გ. ლილუაშვილის „ზეგავლენით ვაჭრობას“ ან მის მცდელობას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებასო. ასე რომ, ამ ეტაპზე ისევ უცნობია, ჯერ კიდევ გუშინ საქართველოს მთავრობის და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ბრალის ფორმულირება.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩატარებული ბრიფინგები ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის უმძაფრესი სახელისუფლებო კრიზისისა და თვითწმენდის დაწყების მაუწყებელი გახდებოდა. ამ ორომტრიალის შემხედვარე ადამიანს შეიძლება გასცინებოდა, სატირლად, რომ არ იყოს საქმე. უნდა დამეთანხმოთ: როდესაც ქვეყნის ეროვნული ინტერესებია კითხვის ნიშნის ქვეშ, მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიებს! ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაბუდებული კორუფცია შიგნიდან ხრავს და ჭამს ნებისმიერ ქვეყანას. ამ პროცესში თუ სპეცსამსახურების პირველი პირები არიან ჩართულნი, ეს საგანგაშოა, ხოლო თუ მთავრობის თავმჯდომარეა გარეული, მაშინ ეს უკვე უბედურებაა!
P.S. დღეს დილით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს საქართველოს ყოფილ-პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 6 500 000 აშშ დოლარი. ამავე დროს, მას ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედო. ზემოაღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. უნდა ითქვას, რომ ეს არის სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი.
ამავე დროს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე - უძრავი ქონებით (!). საინტერესოა, რომ პროკურატურა, გირაოსთან ერთად, ითხოვს ი. ღარიბაშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ჩამორთმევასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.