რაში სჭირდება ზელენსკის ასზე მეტი შვედური „გრიპენი?“ - ტექნიკური ნიუანსი, რომელიც უკრაინელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
ორიოდე დღის წინ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტერსონმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც უკრაინისთვის 100-დან 150 ერთეული შვედური საბრძოლო თვითმფრინავის - JAS 39 Gripen E-ის შესაძლო მიყიდვის თაობაზე წერია...
მაგრამ რაში სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის და მის უკრაინას ასზე მეტი შვედური გამანადგურებელი?
მკითხველს გაუკვირდება - როგორ თუ რაში სჭირდება, უკრაინა ხომ რუსეთთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული და, რა თქმა უნდა, სჭირდება თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები, რუსული ბომბდამშენების მოსაგერიებლადო და მკითხველი ნაწილობრივ მართალიც იქნება და ნაწილობრივ - არა...
პირველი - მეოთხე თაობის შვედური გამანადგურებელი „გრიპენი“ ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ერთძრავიან მსუბუქ გამანადგურებელ თვითმფრინავად, რომელიც ამერიკული F-16 Fighting Falcon-ის კონკურენტია შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ, ძირითადად, უფრო მცირე ფასის გამო.
1987 წლიდან დღემდე დამზადებულია „გრიპენის“ სხვადასხვა მოდიფიკაციის მხოლოდ 300-მდე ერთეული, მაშინ, როდესაც 1973 წლის შემდეგ ჰაერში აფრინდა 4 600-ზე მეტი F-16-ი…
მეორე - უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები რუსეთთან ომში მეორე წელია, იყენებენ ევროპული ქვეყნებიდან გადაცემულ ორ ათეულამდე ამერიკულ F-16-ს და რამდენიმე ფრანგულ Mirage 2000-5-ს, რომლებიც ასევე მეოთხე თაობის გამანადგურებლებს წარმოადგენენ და ამასთან - მოძველებულ მოდიფიკაციებს, რომელთან შედარებით შვედური JAS 39 Gripen E მოდიფიკაციები (რომელთა შესაძლო შესყიდვაზე წინასწარ შეთანხმდნენ სტოკჰოლმში) ბევრად უფრო თანამედროვედ გამოიყურება.
მესამე - რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წელს, საბრძოლო მოქმედებების არეალის თავზე, საჰაერო სივრცეში, ისეთი მდგომარეობა შექმნეს მებრძოლი მხარეების საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა, რომ ვერც რუსი და ვერ უკრაინელი სამხედრო მფრინავები ვეღარ ბედავენ უშუალოდ ფრონტის ხაზთან რამდენიმე ათეულ კმ-ში მიახლოებასაც კი და მართვად ბომბებსა და „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტებს შორი მანძილიდან უშვებენ, ხშირად კაბრირების რეჟიმშიც, რაც უმართავი რაკეტების მიზანში მოხვედრის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.
მეოთხე - უკრაინის საჰაერო ძალებს სჭირდებათ, როგორც საჰაერო პლატფორმები, საბრძოლო თვითმფრინავების სახით, ისე - შორსმფრენი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტები, რათა თითქმის 200 კმ-დე მისწვდნენ იმ რუსულ Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებიდანაც ფრონტის ხაზიდან 60-80 კმ-ის დაშორებით აგდებენ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილ 500,1 500 და 3 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს - ეს რუსული მართვადი ბომბები დღემდე რჩება ფრონტის ხაზზე უკრაინული თავდაცვითი პოზიციების უმთავრეს და ყველაზე საშიშ გამანადგურებელ იარაღად...
მეხუთე - შვედურ JAS 39 Gripen E-ის მოდერნიზებულ გამანადგურებლებს, რომელთა წარმოება 2019 წლიდან დაიწყო, ახალი აქტიურ ფაზირებულანტენიანი საბორტე რადიოლოკატორი უყენია, რომელსაც ორას კმ-ზე შორს შეუძლია მოწინააღმდეგის თვითმფრინავების აღმოჩენა და მათზე ამერიკული AIM-120C-7 AMRAAM-ისა და ევროპული MBDA Meteor-ის ტიპის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტების მიმართვა, რაც სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა ფრონტის ხაზიდან თუნდაც ასიოდე კმ-ში მართვადი ბომბების ჩამომყრელ რუსულ „იხვნისკარტებს“- Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს.
მეექვსე - შვედური „გრიპენის“ ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა იმაშიცაა, რომ ის თავიდანვე დაპროექტებული იქნა... საავტომობილო გზებიდან აფრენა-დაფრენისთვის -პირველი „ცივი ომიდან“ მოყოლებული, შვედები უფრთხოდნენ საბჭოთა ბომბდამშენების შესაძლო შეტევებს შვედურ აეროდრომებზე და ამიტომაც თავის გამანადგურებელ თვითმფრინავებს - „დრაკენს“, „ვიგენსა“ და „გრიპენს“ ჩვეულებრივი გზებიდან აფრენებიც „ასწავლეს“.
ეს ტექნიკური ნიუანსი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, რადგან რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერები“ და „კინჟალები“ უკრაინის ნებისმიერ სამხედრო აეროდრომსა და სამოქალაქო აეროპორტს სტარტიდან 3-7 წუთში სწვდებიან და ამ რუსული რაკეტების საჰაერო დარტყმებისგან თავის ასარიდებლად, უკრაინელ პილოტებს ხშირად უწევთ საბრძოლო თვითმფრინავებით აფრენა საავტომობილო გზებიდან.
მეშვიდე - უკრაინის სამხედრო აეროდრომებზე მრავლადაა შემორჩენილი რკინაბეტონის არკული თავშესაფრები -ანგარები, მაგრამ ისინი, ძირითადად, 13 მ-მდე სიგანისაა, განკუთვნილი იმ საბჭოთა МиГ-23 გამანადგურებელებისა და Су-24М საფრონტო ბომბდამშენებისთვის, რომლებსაც ფრთის ისრისებურობა ეცვლებოდათ („ფრთები ეკეცებოდათ“) და ეტეოდნენ ამ გადახურულ და დაცულ ანგარებში, შედარებით თანამედროვე Су-27-ები, ისევე როგორც მოიერიშე Су-25-ები კი უკვე ვერ ეტევიან. სამაგიეროდ, მათში თავსდება ამერიკული F-16-ები და დაეტევა შვედური JAS 39 Gripen E-ებიც, თუკი... შვედეთმა მართლაც მიჰყიდა ეს თანამედროვე გამანადგურებლები უკრაინას...
მერვე - ეჭვი იმისა, რომ შვედურმა „გრიპენებმა“ ვერ მოასწრონ უკრაინის ცაში „წაომება“, დიდია, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთისა და უკრაინის პირველი პირები ამაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს არ ყოფილა მტკიცე ხელშეკრულების დადება, ეს იყო სურვილების გაზიარება 100-დან-150-მდე „გრიპენის“ შესაძლო შეძენაზე... მაგრამ,როგორც ამბობენ, „შეპირება არ ნიშნავს დაქორწინებას...“
მეცხრე - „გრიპენის“ თანამედროვე მოდიფიკაციის სავარაუდო გასაყიდი ფასი ას მილიონ დოლარს უახლოვდება ან გადააჭარბებს კიდეც, შესაბამისად, ასი „გრიპენის“ საყიდლად უკრაინამ ათი მილიარდი დოლარი უნდა მოიძიოს, რაც კიევს, ბუნებრივია, არ აქვს. შვედური მხარე განიხილავს ევროპულ ბანკებში გაყინული რუსული საფინანსო აქტივების გამოყენებას, რაც ძალზე საეჭვოა, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ბელგიამ კვლავ დაბლოკა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივა, რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მლრდ დოლარის გამოსაყოფად, უკრაინის შესაიარაღებლად.
მეათე - ვთქვათ, მოხდა სასწაული და უკრაინამ მართლაც შეისყიდა ასი ან უფრო მეტი „გრიპენი“ შვედეთიდან, მათ დამზადებას წლები დასჭირდება და ეს პროცესი დიდ დროში გაიწელება.
მეთერთმეტე - უკრაინის საჰაერო ძალებში თვითმფრინავების ერთგვარი „ზოოპარკია“ (ისევე, როგორც ტანკებსა და არტილერიაში), როდესაც ერთდროულად უწევთ საბჭოთადროინდელი, ამერიკული და ფრანგული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების ექსპლუატაცია და კიდევ შვედური „გრიპენების“ დამატება უფრო გაართულებს სიტუაციას, თუმცა აქ მეორე მხარეცაა - ევროპიდან ნაჩუქარი მოძველებული F-16-ებისა და ფრანგული „მირაჟების“ მარაგი მალე ამოიწურება, ისევე, როგორც საბჭოთადროინდელი „სუებისა“ და „მიგების“ და უკრაინის საჰაერო ძალებს დარჩებათ მხოლოდ თანამედროვე მოდიფიკაციის „გრიპენები“, რომლებსაც შორსმოქმედი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტებით მეტ-ნაკლებად თანასწორი საჰაერო ორთაბრძოლები შეუძლიათ გაუწიონ რუსულ თანამედროვე გამანადგურებლებს...