მთელი კვირა წიგნის რიგში ანუ წიგ-ნი, წინ-და, წა-მა-ლი - კვირის პალიტრა

მთელი კვირა წიგნის რიგში ანუ წიგ-ნი, წინ-და, წა-მა-ლი

ის, რაც დღეს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ხდება, ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 90-იან წლებს, როცა ხალხი ტალონებით ხელში პურის რიგში საათობით იდგა და რიგი, რომ მოუწევდათ, პური აღარ ხვდებოდათ. უკვე ერთი კვირაა, რაც საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო, მაგრამ მოსწავლეთა უმრავლესობამ სახელმძღვანელოების შეძენა ვერ შეძლო. ამის მიზეზი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც სახელმძღვანელოები წიგნების მაღაზიებსა და სასკოლო ბაზრობებზე აღარ გაიყიდება. თუმცა წიგნები სარეალიზაციოდ შეიტანეს სკოლებში და თბილისის მასშტაბით, მხოლოდ 4 სავაჭრო ობიეტს დართეს სახელმძღვანელოების გაყიდვის უფლება.

წიგნების გამოწერა "საქართველოს ფოსტის" საიტითაც შესთავაზეს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მაგრამ ვებგვერდის სერვერმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო და მთელი კვირა ფაქტობრივად არ მუშაობდა. არც "საქართველოს ფოსტის" ცხელ ხაზზე პასუხობდნენ წიგნების მაძიებელ მშობლებს.

მართალია, წიგნს ვერ ნახავთ წიგნის მაღაზიაში, სამაგიეროდ, აფთიაქებმა დაუთმეს წამლისთვის განკუთვნილი დახლები. მაგალითად, "ჯი-პი-სიმ" ის წიგნები გამოიტანა გასაყიდად, რისი გაყიდვაც გასულ წელს ვერ შეძლო და მომხმარებელს 20 ლარის შენაძენის შემთხვევაში, ერთ სახელმძღვანელოს საჩუქრად ატანს. ხშირ შემთხვევაში, აფთიაქის მიერ შეთავაზებული ასორტიმენტი მომხმარებლის მოთხოვნებს არ პასუხობს. თუმცა, მთელ ამ ამბავში იმდენი ალოგიკური რამაა, რომ ეს აღარ უნდა გაგიკვირდეს კაცს.

მოკლედ, მთელი გასული კვირა წიგნის რიგში გავატარე და დღესაც ვერ შევაგროვე ჩემი შვილისთვის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ როცა ე.წ. რეფორმა მავანთა ინტერესებს ემსახურება, ეს აუცილებლად დიდი სოციალური უკმაყოფილების საფუძველი ხდება და მერე, რაც უნდა იძახო - მეტი სარგებელი ხალხსო, ურემი შეიძლება უკვე კარგა ხნის გადაბრუნებული დაგხვდეს.

სასკოლო სახელმძღვანელოების ძებნაში თბილისის რამდენიმე სკოლა და აფთიაქი შემოვიარე. ისე, წიგნის რიგში გასავათებულს, აფთიაქში შესვლა ისედაც მჭირდებოდა სულის მოსათქმელად. მაგრამ კარგი რა დაგემართება ადამიანს, როცა ხედავ, რომ აფთიაქებში წიგნები წინდების გვერდით იყიდება. სკოლებში კი წიგნის ე.წ. ბაზრობები ფოიეში, სააქტო და სპორტდარბაზებშია მოწყობილი. სახელმძღვანელოები უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ იატაკზე ყრია და დაბნეული კონსულტანტები ძლივს უმკლავდებიან, დახლთან მიმდგარ ათეულობით მომხმარებელს.

ნაზი ჯიქია: "მთელი კვირაა უკვე წიგნების შესაძენად რიგში მიწევს დგომა. ჩვენც ხომ გვაქვს სამსახური, ამდენი ხნით ვინ გაგათავისუფლებს. ორშაბათიდან მპირდებიან, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს შემოტანას, მაგრამ როცა ჩემი რიგი მოდის, მპასუხობენ, რომ წიგნი აღარ აქვთ, ან მომწოდებელმა დააგვიანა მისი დროულად მიწოდება. პრეტენზიასაც ვერ იტყვი, უკმეხად გპასუხობენ: თქვენსავით აქ რიგში უამრავი ადამიანი დგას და თავის რიგს ელოდებაო. მაიმედებენ: ხვალ მოდიო, მეც მოვდივარ და.. წიგნი აღარ აქვთ. არა და მასწავლებლები ბავშვებს უკვე დავალებებს აძლევენ და შესრულებასაც სთხოვენ. გუშინ, მაგალითად, წიგნი თავად მასწავლებელმა გვათხოვა და პირველი გაკვეთილი ქსეროქსზე გადავიღეთ, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე? ორი დღე სულ ტყუილად ვიდექი წიგნის რიგში. შიგნით, სკოლის სააქტო დარბაზში, სადაც სახელმძღვანელოები იყიდება, რიგ-რიგობით, 2-3 მშობელს გვიშვებენ. გარეთ კი, როგორც ხედავთ, დაახლოებით 50 ადამიანი ელოდება თავის რიგს. აქედან როგორ უნდა გავიგო, აქვთ თუ არა წიგნი, რომელიც მჭირდება და შეიძლება დღესაც სულ ტყუილად ვდგავარ რიგში."

ლალი ხომასურიძე: "ჩემი შვილი #42 საჯარო სკოლაში სწავლობს. იქ არ იყიდება სახელმძღვანელოები, ამიტომ ყველა ახლომდებარე სკოლა შემოვიარე წიგნების შესაძენად. ზოგ სკოლაში ერთი წიგნი აქვთ, მეორე კი არა. გვეუბნებიან: განათლების სამინისტრომ რომელი წიგნების ჩამონათვალიც გადმოგვცა, ის შემოგვაქვსო. მე რა დავაშავე, მუზაშვილის ავტორობით ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო რომ ვერსად ვიშოვე? ჩემს მეზობელს შეცდომით სხვა წიგნები გამოატანეს და უკან მიბრუნება რომ დააპირა, უარი უთხრეს. შესთავაზეს: თუ გინდა, სხვა წიგნებში გადაგიცვლითო. რაც სჭირდებოდა, ის სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ და რაში უნდა გადაეცვალათ საინტერესოა".

გივი ლეჟავა: "მეთორმეტე კლასელი შვილი მყავს. თვითონ უნდოდა წიგნების ყიდვა, შესვენებაზე ჩამორბოდა ხოლმე სააქტო დარბაზში, მაგრამ ურიგოდ ვინ გაატარებდა. შემდეგ მთხოვა, მე მოვსულიყავი სკოლაში. სასწაულია პირდაპირ! ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოები ხომ ვიყიდეთ, ახლა მასწავლებელმა დაავალა, იგივე კლასის შარშანდელი სახელმძღვანელოებიც შეიძინეთო, ამ წიგნებში სრული პროგრამა შეტანილი არ არისო. აბა მაშინ რატომ მიანიჭა განათლების სამინისტრომ გრიფი ამ ახალ წიგნებს? გამოდის, რომ კიდევ დამატებითი ხარჯი უნდა გაიღოთ."

რამდენიმე წიგნის მოსაძიებლად გამომცემლობებში დავრეკე და თითქმის ყველგან ერთსა და იმავეს მპასუხობდნენ: ჩვენთან წიგნს ვერ იყიდით, განათლების სამინისტროს მითითებით, წიგნების ბეჭდვაც და დისტრიბუციაც "24 საათი პრინტს" დაევალა და მთელი ტირაჟები ტერმინალზე აქვთ, სწორედ ისინი ახდენენ წიგნების დისტრიბუციას და თუ სკოლებში წიგნების მომარაგებასთან დაკავშირებით რამე შეფერხებებია მათ მიმართეთო. მოკლედ, რამდენიმე წიგნი წამალივით მჭირდება და "ჯი-პი-სის" შემდეგ, სადაც მხოლოდ გასულ წელს გრიფირებული, დაბალი კლასის სახელმძღვანელოები აქვთ, "პე-ეს-პესაც" მივადექი, მაგრამ იქ ერთი წიგნის მოტანას ოთხ სამუშაო დღეში დამპირდნენ. გამოდის, რომ თუ წიგნი ვერ ვიშოვე, მთელი მომავალი კვირა ჩემმა შვილმა ისევ წიგნების გარეშე უნდა იაროს.

(სპეციალურად საიტისთვის)