"დამოკლეს მახვილი დაკიდებულია, ეს მაფიოზური გარჩევაა და მეტი არაფერი. ღარიბაშვილი იმიტომ კი არ დატოვეს გარეთ, რომ დაინდეს. ეს სენტიმენტები მათ არ აწუხებთ. იმიტომ დატოვეს გარეთ, რომ..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი?
დღეს ოფიციალურად წარედგინა ბრალი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა არის ცნობილი დანაშაულზე?
- პროკურატურის ცნობით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.
- დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
- დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
- პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
- ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი თვლის, რომ პროკურატურის განცხადება ძალიან ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც ანალოგიურ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ სხვა პირს უსჯიან პატიმრობას.
"ავიღოთ იგივე ბაჩიაშვილი, რა ზეწოლა უნდა მოეხდინა მას მოწმეებზე? ღარიბაშვილს კიდევ, რომელსაც მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის ყველაზე დიდი რესურსი აქვს, გირაოთი გარეთ ტოვებენ.