"შვილთან გამომშვიდობების მომენტი კიდევ სხვა სიმძაფრეს სძენს ამ ამბავს, თითქოს ფილმის სცენარივითაა, თავისი ძალიან სევდიანი, მაგრამ სიყვარულით გაჟღენთილი დასასრულით. თითქოს ბოლო კადრია…"
69 წლის ასაკში, ქართული კინოსა და თეატრის საყვარელი მსახიობი, დონარა გვრიტიშვილი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ცხოვრების გზა იყო ამბავი დიდ ხელოვნებაზე, უდიდეს სიყვარულზე, ემიგრანტულ ტკივილსა და დედობრივ თავდადებაზე, რომლის ბოლო აკორდიც შვილის ნახვის სანუკვარი სურვილით დასრულდა.
დონარა - ხელოვანი, რომელმაც "თავი დაიღუპა"
დონარა გვრიტიშვილი 1956 წლის 8 ივნისს დაიბადა. მისი გზა სცენისკენ არ ყოფილა მარტივი. მშობლებს, განსაკუთრებით კი მამას, არ სურდათ, შვილი მსახიობი გამხდარიყო. როგორც თავად იხსენებდა, ოჯახის ნებას მუსიკალური ტექნიკუმის გზით გაჰყვა, მაგრამ ოცნება მაინც აისრულა:
დონარა გვრიტიშვილი (ჟურნალი „თბილისელები“): "მე მუსიკალურ ტექნიკუმში ჩამაბარებინეს, იმიტომ რომ მშობლებს ასე უნდოდათ. მერე უცხო ენებში ჩასაბარებლად მამზადებდნენ. აი, მაშინ ვიხმარე ჭკუა თუ თავი დავიღუპე – დღემდე არ ვიცი, რატომ, მაგრამ მსახიობობა ავირჩიე. ოცნებებს თვითონ მივყავართ საკუთარ ბილიკებზე და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც."
მამა ამ გადაწყვეტილებაზე გაბუტული იყო და "ეს რა დაემართაო", მაგრამ დონარას არც ერთხელ არ გაუწევია ანგარიში ცხოვრებისეული არჩევანისთვის. ის მოხვდა თავის საოცნებო ინსტიტუტში, გიზო ჟორდანიას ჯგუფში, რომელსაც პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ ამ ჯგუფის წარმატებული დადგმა, რეზო გაბრიაძის პიესა „სამოთხის ჩიტი“, გახდა მისი კარიერის დასაწყისი.
მალევე დონარა გვრიტიშვილი რუსთავის თეატრში მიიწვიეს და წლების განმავლობაში ამ თეატრის ერთგული იყო. პოპულარობა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა:
"ჩემთან ეს ერთ დღეს არ მოსულა. აგურ-აგურ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი წინ... მოვიდა დიდი სიყვარული და სითბო, რომელიც ისეთ სიხარულსა და ბედნიერებას განიჭებს ადამიანს, რომ ენით ვერ აღწერ, ეს წარმოუდგენელია. მეტირება, რომ მახსენდება. უცხო ადამიანი რომ მოგვარდება, ჩაგეხუტება და გეუბნება, როგორ მიყვარხართო, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?!"
მისი ფილმოგრაფიიდან განსაკუთრებით გამორჩეულია ლევან ზაქარეიშვილის „ისინი“ და „თბილისი-თბილისი“, რამაზ იოსელიანის „მაგრამ რა მერე?“ და ლევან ანჯაფარიძის „არის ასეთი ქვეყანა“.
ქვრივობა, შვილები და მსახიობის ტკივილი
ხელოვნებაში წარმატების მიუხედავად, მსახიობს პირად ცხოვრებაში უმძიმესი დარტყმები შეხვდა. იგი ადრეულ ასაკში დაობლდა, დაკარგა ძმა, ხოლო მისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქვრივობამ განსაზღვრა:
"ქვრივობა იყო ჩემი ბედისწერა. წლებია, მეუღლე გარდამეცვალა. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. არაჩვეულებრივი შეყვარებული იყო და მის გვერდით ყოველთვის ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს."