„ურანზე მონადირე“ ჩინელებს საქართველოდან მისი გატანა სურდათ, მაგრამ რისთვის? - კვირის პალიტრა

„ურანზე მონადირე“ ჩინელებს საქართველოდან მისი გატანა სურდათ, მაგრამ რისთვის?

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს, 25 ოქტომბერს ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას „ურანზე მონადირეების“ მორიგი პირების, ამჯერად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების დაკავების თაობაზე - „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში“.

შეგახსენებთ, რომ ოთხი თვის წინ სუს-მა უკვე აღკვეთა ბათუმში 3 კგ ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტი,რომლის შესახებაც დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამავე ბლოგის 17 ივლისის სტატიაში „ურანის კონტრაბანდაში 3 მლნ დოლარის გადამხდელს იმედია, მისი „გამოყენება“ ბათუმშივე არ სურდა - სპეცოპერაცია აჭარაში და ურანის კონტრაბანდის ქრონოლოგია საქართველოში“.

თუმცა ორივე შემთხვევაში სუს-მა არ დააკონკრეტა თუ რა სახის ურანის კონტრაბანდა იქნა აღკვეთილი-გაღარიბებული და შესაბამისად თითქმის უხიფათო ურან-238-ის თუ 90%-ზე მეტად გამდიდრებული,საიარაღო ურან-235-ის,არადა ამ დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მათგან გამომდინარე საფრთხეების დონეების გათვალისწინებით.

მაგრამ, თუკი 17 ივლისის სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეოკადრებში სუს-მა რადიაციის გამზომი ხელსაწყოს-დოზიმეტრის ეკრანი სპეციალურად დაფარა,რათა არ გამოჩენილიყო რადიოიზოტოპური გამოსხივების სიმძლავრე, დღევანდელ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ეს აღარ გააკეთა, რითაც საშუალება მოგვცა, გაგვეშიფრა, თუ სავარაუდოდ რა სახის ურანის ყიდვა სურდათ ჩინელ „ურანზე მონადირეებს“...

სუს-ის ოფიციალური ვიდეოდან ამოღებულ სტოპ-კადრზე კარგად ჩანს, რომ დოზიმეტრი ჯერ აჩვენებს 2.276 µSv/h პარამეტრს, შემდეგ კი წერს Uranium SNM-ს, რას უნდა ნიშნავდეს ეს?

პირველი - 2.276 µSv/h მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მანქანის საბარგულში დადებულ ყვითელი ფერის ფხვნილით სავსე ორ გამჭვირვალე ქილასთან მიდებისას დოზიმეტრმა აჩვენა 2.276 მიკროზივერტი/სთ-ში სიმძლავრის გამოსხივება,რაც 227-ჯერ აღემატება გამოსხივების ბუნებრივ ფონს, რომელიც თავის მხრივ მერყეობს 0,06-დან 0,2 მიკროზივერტი/სთ-ში შორის.

2-ura-1761397853.png
მანქანის საბარგულში აღმოჩენილი ურანის ყვითელი ფხვნილის შემცველი ორი ქილა...

რამდენად საშიშია ამ დონის გამოსხივება?

მაგალითად, ადამიანი,რომელიც თბილისიდან ლონდონში გადაფრინდება,სამგზავრო თვითმფრინავის სალონში 10-11 კმ-ის სიმაღლეზე 5 სთ და 25 წთ ხანგრძლივობის ფრენისას საათში თითქმის 3-5 მიკროზივერტ რადიაციულ დასხივებას იღებს (მიწაზე მყოფი ადამიანი 5-6 მიკროზივერტ რადიაციულ გამოსხივებას სხეულში ერთი დღე-ღამის განმავლობაში „აგროვებს“),რაც არ ითვლება დიდად საშიშად ჯანმრთელობისთვის, თუმცა ხშირად გამეორება არასასურველია (ამიტომაც არის, რომ სამგზავრო თვითმფრინავების ეკიპაჟების-პილოტებისა და ბორტგამცილებლების ინტენსიური ფრენები შორ მანძილებზე, საბოლოო ჯამში მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს).

3-ura-1761397854.png
საეჭვო ქილებთან მიდებული დოზიმეტრი აფიქსირებს 2.276 µSv/h (2.276 მიკროზივერტი/სთ) სიმძლავრის გამოსხივებას,რაც 227-ჯერ აღემატება გამოსხივების ბუნებრივ ფონს...

შესაბამისად, სუს-ის მიერ ჩინელი „ურანზე მონადირეების“ მანქანის საბარგულიდან ამოღებული 2 კგ-მდე ნივთიერება არ ასხივებდა სასიკვდილო დოზას, მაგრამ მასთან დიდხანს ახლოს ყოფნა და მითუმეტეს საათების განმავლობაში ჯიბეში ჩადება კარგს არაფერს მოიტანდა.

მეორე -დოზიმეტრის ეკრანზე გამოსახული Uranium SNM კი კიდევ უფრო საინტერესო დასკვნის საშუალებას იძლევა.

SNM იშიფრება, როგორც Special nuclear material –„სპეციალური ბირთვული მასალა“, ეს არის აშშ-ის ბირთვული რეგულირების კომისიის მიერ მიღებული ტერმინი და მასში იგულისხმება მხოლოდ პლუტონიუმ-239,ურან-233 ან 0,711%-ზე მეტად გამდიდრებული ურან-235-ის იზოტოპი.

4-ura-1761397854.png
დოზიმეტრის ეკრანზე გამოსახული Uranium SNM იმაზე მიუთითებს, რომ ქილებში მოთავსებულია „სპეციალური ბირთვული მასალა“...

სუს-ის მიერ ამოღებული 2 კგ-მდე ურანის მასა, ჩვენი აზრით, სავარაუდოდ შეიცავდა ძირითადად ურან-238-ს, მასში შერეული 0,711%-ზე მცირედით მეტად გამდიდრებული ურან-235-ის ჩათვლით,თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთების უფლება მხოლოდ რადიოიზოტოპების სპეციალისტებს აქვთ.

ყოველ შემთხვევაში, როგორც 2025 წლის 17 ივლისის, ისე 25 ოქტომბერს „ურანზე მონადირეებისთვის“ ჩამორთმეული ურანის ფხვნილის შემცველი ქილები(ისე,ორივე შემთხვევაში ამოღებული ეს ქილები თავის შიგთავსით ძალიან წააგავენ ერთმანეთს,რაც შეიძლება მათი წარმომავლობის საერთო წყაროზეც მიუთითებდეს და შეიძლება სუს-ის ერთგვარი „ოპერატიული სატყუარაც“ იყვეს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც რატომღაც ასეთი დაჟინებით აგრძელებენ საქართველოში ურანის მასალების ძებნისა და მათი უკანონო შეძენის მცდელობებს) წესით არ წამოადგენდა განსაკუთრებული დონის საფრთხეს და მათი გამოყენებით „ატომურ ბომბს“ ვერც რობერტ ოპენჰეიმერი და ვერც იგორ კურჩატოვი ვერ შექმნიდნენ(ლავრენტი ბერიაც რომ თავზე დაგეყენებინათ), მაგრამ ბოროტ ძალას ურანის იზოტოპების შემცველი ამ ქილებისგან ადვილად შეეძლო „ბინძური ატომური ბომბის“ დამზადება,მათი ჩვეულებრივ ასაფეთქებელ მოწყობილობაში განთავსების საშუალებით,რაც აფეთქების შემდეგ რადიაციულად დააბინძურებდა რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრს,შესაძლოა მნიშვნელოვან ობიექტზეც და არა საქართველოს ტერიტორიაზე...

შესაბამისად, მისასალმებელია, რომ „ურანის კონტრაბანდის“ მცდელობის მორიგი შემთხვევაც დროულად აღიკვეთა...