პუტინ, დონ კიხოტი ხარ? ქარის გენერატორებს რაღას ერჩი? - კვირის პალიტრა

პუტინ, დონ კიხოტი ხარ? ქარის გენერატორებს რაღას ერჩი?

ესპანელი მწერლის მიგელ დე სერვანტესის რომანი „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ ბევრს ექნება წაკითხული და ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც რაინდი დონ კიხოტი თავის ერთგულ საჭურველმტვირთველ სანჩო პანსასთან ერთად მინდორში მიადგება ოცდაათიოდე ქარის წისქვილს, მათ გოლიათ მოწინააღმდეგეებად წარმოიდგენს და ცხენზე ამხედრებული შუბით ხელში შეტევაზე გადავა... შუბგაყრილი ქარის წისქვილის მბრუნავი ფრთა კი დონ კიხოტს მის ცხენთან, როსინანტთან ერთად ჰაერში აიტაცებს და შემდეგ მიწაზე დააგდებს... თავისი სატრფოსთვის-მშვენიერი დულცინეასთვის მიძღვნილ „გოლიათებთან ბრძოლაში“, სინამდვილეში კი ქარის წისქვილებზე შეტევაში, დონ კიხოტი სამარცხვინოდ მარცხდება...

დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლის ეპიზოდი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს წაკითხული თუ არა, გაგონილი მაინც ექნება, მაგრამ ამის მიუხედვად მისი საოკუაპციო არმია უკრაინაში ერთი-ერთზე იმეორებს „დონ კიხოტის გმირობას“ და ქარის წისქვილებს, უფრო სწორედ კი ქარის გენერატორებს ებრძოლება...

2-don-1761420814.png
პუტინის ბრძანებით აფეთქებული მორიგი ქარის გენერატორი უკრაინულ კრამატორსკთან...

უკრაინის დონბასში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკთან, რომელიც პუტინის არმიას ჯერ ვერ დაუპყრია, თუმცა ფრონტის ხაზი ამ ქალაქს უკვე 15 კმ-ში მიუახლოვდა, რუსმა ოკუპანტებმა მიზანმიმართულად დაიწყეს...ქარის გენერატორების აფეთქება...

ბოლო სამ დღეში პუტინის ჯარისკაცებმა უკრაინულ კრამატორსკთან სამი ქარის გენერატორი გაანადგურეს,რისი ვიდეოკადრების ნახვისას ძალუნებურად გაგახსენდება დონ კოხოტის შებრძოლება ქარის წისქვილებთან...

3-don-1761420767.png
იქნებ პუტინს თავი ...დონ კიხოტადაც წარმოუდგენია?

ძნელი სათქმელია, პუტინის გენერლებიც დონ კიხოტივით ქარის გენერატორებში „მოწინააღმდეგე გოლიათებს“ ხედავენ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ უშუალოდ პუტინის მიერ გაცემული მკაცრი ბრძანება - უკრაინას გაუნადგურეთ ყველა სახის ენერგეტიკული წყარო, რომ ამ ზამთარში უკრაინელები შუქისა და გათბობის გარეშე გაიყინონ - შესრულების სტადიაშია...