"ადრე ცხოვრების სტილი და ურთიერთობები სხვანაირი იყო, ხალხი არ იყო ასე გამწარებული და აგრესიული. ახლა საშინელი კონტრასტია - მილიონერი "გულაობს" და ვიღაც ისეთი ღარიბია, რომ მშიერია. ჩვენს ეზოში ვაჭრობის მინისტრი ცხოვრობდა და არაფრით გამორჩეული ბინა ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"ადრე ცხოვრების სტილი და ურთიერთობები სხვანაირი იყო, ხალხი არ იყო ასე გამწარებული და აგრესიული. ახლა საშინელი კონტრასტია - მილიონერი "გულაობს" და ვიღაც ისეთი ღარიბია, რომ მშიერია. ჩვენს ეზოში ვაჭრობის მინისტრი ცხოვრობდა და არაფრით გამორჩეული ბინა ჰქონდა"

ის თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დაიბადა და გაიზარდა. ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი, 80 წელს გადაცილებული მამაკაცი, ვფიქრობ, საინტერესო ამბებს იხსენებს.

აი, რა გამოვიდა ჩვენი საუბრიდან.

ეპიზოდები უბნის და სკოლის ცხოვრებიდან

- თბილისურ (იტალიური არასწორია) დიდ ეზოში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ვცხოვრობდით. უბანში ხშირი იყო ჩხუბები, დაჭრა და არცთუ იშვიათად მკვლელობა. ჩხუბი შეიძლებოდა დაწყებულიყო, ვთქვათ იმიტომ, რომ ვიღაცა იტყოდა: სიგარეტი ასე რატომ მომიკიდეო? ანდა, ისე რატომ შემომხედეო?.. მაშინ ქალთა და ვაჟთა სკოლები ცალ-ცალკე იყო. ჩემს კლასში ყველანი ხულიგნები ვიყავით, მაგრამ ისტორიის გაკვეთილზე ჩუმად ვისხედით, პედაგოგს ვერაფერს ვუბედავდით. გამორჩეული მასწავლებელი თარიღების დაზეპირებას კი არ გვთხოვდა, ისტორიას, როგორც პროცესს ძალიან საინტერესოდ გვაწვდიდა.

პარალელურ კლასში სწავლობდა ერთი წყნარი ბიჭი, ნიჭიერი და ძლიერი იყო ყველა მიმართულებით - ფიზიკა, მათემატიკა, ქართული, ისტორია... გადაწყვიტა, სამედიცინოზე ჩაებარებინა, პოპულარობის გამო კი არა, მედიცინა აინტერესებდა. მისაღებ გამოცდებზე ყველა გამოცდა ჩააბარა, მაგრამ ინსტიტუტში ვერ მოხვდა. ეს იყო ისეთი გამაოგნებელი ფაქტი, რომ სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა პროტესტის გამოსახატად ინსტიტუტს მიაშურეს. საბჭოთა კავშირის დროა, მიტინგები მაშინ არ იმართებოდა. ამის მიუხედავად, გამოთქვეს აღშფოთება, რადგან პრაქტიკულად, კონკურსი არ ტარდებოდა ამ ინსტიტუტში. სამწუხაროდ, აბიტურიენტები ირიცხებოდნენ ან პროტექციით, ან დიდ ფულს იხდიდნენ. იმ ბიჭმა ხელი ჩაიქნია სამედიცინოზე, ჩააბარა "გეპეიში" და საბოლოოდ, მისი ნიჭიერება დაიკარგა.

ამბავი ბიჭზე და პროკურორზე

- ჩვენს ეზოში ხელოსნები მუშაობდნენ, ერთ-ერთ ოჯახში ინდივიდუალურ გათბობას აყენებდნენ, იმ დროს ცენტრალური გათბობა არ არსებობდა. პირველ სართულზე მცხოვრებ დედა-შვილს კამათი მოუვიდა: ბიჭი სთხოვდა დედას - ჩვენც შემოვაყვანინოთ ამ ხელოსნებს გათბობა, დანაზოგი ხომ გვაქვსო. დედა უარზე იყო, ბიჭმა აიღო შეშის ღუმელი, რაც სახლში ჰქონდათ და გარეთ გადააგდო. დედამისმა ჩხუბი დაიწყო. ამ ამბავს გამოეხმაურა მეზობელი კაცი, პროკურორი (არასრულწლოვანთა საქმეებს განიხილავდა), რომელმაც ბიჭს დაუყვირა: რას შვრებიო? ბიჭმა შეაგინა კაცს. მან გამოიძახა მილიცია, ბიჭი დაიჭირეს და მისცეს ორი წელი. მეზობლები გვერდში დაუდგნენ ახალგაზრდას, წესიერი ბიჭი იყო, თან ეპილეფსია ჰქონდა. პროკურორმა არ აპატია შეგინება, ბიჭმა ბოლომდე მოიხადა სასჯელი. ციხიდან რომ გამოვიდა, ერთ დღესაც, ქუჩაში მიმავალი ხედავს, რომ მის წინ მიდის ის კაცი, ახლო-მახლო არავინაა. ბიჭმა ზურგიდან, ყურში, დედა შეაგინა. ამან, კიდევ ერთი წლით ჩასვა... ბიჭმა ესეც მოიხადა.

ამ ამბავს გაგრძელება აქვს. გარდაიცვალა ჩვენი მეზობელი, ერთი კარგი კაცი, რომელიც ჩვენს ეზოში აღარ ცხოვრობდა, სხვა უბანში, კორპუსში გადავიდა. მეც უკვე სხვაგან ვცხოვრობდი. წავედი პანაშვიდზე, მივუახლოვდი კორპუსს და ვხედავ, ბიჭი (უკვე 20 წლისა იყო) ჩქარი ნაბიჯით მოდის. კარგა ხანი გავიდა, რაც არ მენახა. მივესალმეთ ერთმანეთს, მაგრამ ვერ მოვიკითხე, მეჩქარებაო, მომაძახა. სადარბაზოსთან ხალხის ჩოჩქოლია. თურმე, რა მოხდა? ბიჭი შევიდა პანაშვიდზე, შემთხვევით იმ პროკურორის უკან აღმოჩნდა და უთქვამს: აბა, სად არის სამართალი? ეს მიწაში უნდა წავიდეს და შენ ფეხზე უნდა იდგეო?! მისი ნათქვამი გაიგონა უბედურმა, დავარდა და იქვე გარდაიცვალა...

სამი წელი უცხოეთში

- სირიაში სამი წელი კონტრაქტით ვმუშაობდით საბჭოთა სპეციალისტები. მთელი სირია შემოვიარე და გამიკვირდა, როცა ვნახე მოწესრიგებული საირიგაციო სისტემები, შესანიშნავი საგზაო ინფრასტრუქტურა და სხვა ბევრი რამ. საბჭოთა კავშირში სხვანაირ აგიტაციას ეწეოდნენ. ჩვენც გვჯეროდა, რომ ისინი მონები იყვნენ, რადგან სირია ერთ დროს საფრანგეთის კოლონია იყო. მათთან ოჯახებში მივდიოდით, გვიმასპინძლდებოდნენ, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. ამ თვისებასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ.

სახლში ძველი, დიდი მოცულობის წიგნი მაქვს, მე-19 საუკუნეშია გამოცემული, გაქრისტიანებულმა ებრაელმა დაწერა. წიგნის ერთ ეპიზოდში გერმანელი ფერმერი და ბედუინია შედარებული. წერია, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ბედუინი ბევრად განათლებულია გერმანელ ფერმერზე, მას კარვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებულიო. ეს რას ნიშნავს? მოგეხსენებათ, მომთაბარე მწყემსი - ბედუინი კარავში ცხოვრობს და წიგნის ავტორი წერს, რომ სტუმართმოყვარე ბედუინი როგორც კი დაინახავს კარვის სიახლოვეს ვინმეს, მაშინვე ეპატიჟება ყავასა და ჩაიზე. სირიაში არაჩვეულებრივი ხარისხის ყავა და ჩაი აქვთ. მასპინძელი სტუმარს ესაუბრება და ეკითხება: ვინა ხარ? სად და რისთვის მიდიხარ? იქ, რა საქონელია დეფიციტური? და ა.შ. ყველაფერი აინტერესებს. მერე იმ მონაცემებს იმახსოვრებს და თავად გარდაქმნის ინფორმაციად. ასე რომ, გერმანელმა ფერმერმა კარგად იცის, ვთქვათ, ყველის ამოყვანა და მეტი არაფერი. ხოლო, ბედუინმა იცის გაცილებით მეტი რამ.

სირია განვითარებად ქვეყნად ითვლებოდა და ყველას ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, თუმცა სხვათა შორის, იქ არ ხდებოდა არც ჩხუბი და არც მკვლელობა...

დღეს

- ადრე, ცხოვრების სტილი და ურთიერთობები სხვანაირი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ის სჯობდა, მაგრამ ხალხი არ იყო ასე გამწარებული და აგრესიული. ახლა საშინელი კონტრასტია ცხოვრების დონის მიხედვით. მილიონერი „გულაობს“ და ვიღაცა ისეთი ღარიბია, რომ მშიერია. ჩვენ ეზოში ვაჭრობის მინისტრი ცხოვრობდა, თანამდებობის პირი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბინა ჰქონდა. სკოლაშიც ჩაცმა-დახურვით, თითქმის ყველას ერთნაირად გვეცვა.

დღევანდელ თბილისში მომწონს ის, რომ ძველი ბიჭები აღარ არიან, მაგრამ რამდენი მკვლელობა ხდება? მაგის მეტი რა არის? მაშინ იყო ჩხუბი ჩხუბისთვის, ახლა ბიზნესებს ვერ იყოფენ და მიდის „რაზბორკები“.

ქვეყანა არეულია...

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)