"მფრინავი ჩერნობილი“ რუსეთს მართლაც გამოუცდია - პუტინი „ბირთვულ ხელკეტს“ ისევ სახიფათოდ „ათამაშებს“... - კვირის პალიტრა

"მფრინავი ჩერნობილი“ რუსეთს მართლაც გამოუცდია - პუტინი „ბირთვულ ხელკეტს“ ისევ სახიფათოდ „ათამაშებს“...

„ჩვენი შეიარაღებული ძალების, უფრო სწორად, ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალების თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა. ალბათ, გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის, სულ მცირე, ყველა ბირთვულ სახელმწიფოზე მაღალია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის გენერალიტეტთან შეხვედრისას და დაამატა-„სტრატეგიული შეტევითი ძალების წვრთნასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა. სტრატეგიულ ძალებს შეუძლიათ სრულად უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციისა და საკავშირო სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება“.

ფაქტს ვერსად გაექცევი-რუსეთი სტრატეგიული ბირთვული ტრიადის მთავარი კომპონენტი-მობილური და შახტური ბაზირების საკონტინენტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები რუსეთს უფრო თანამედროვე აქვს,ვიდრე აშშ-ებს,რამდენიმე დღის წინ კი რუსეთს ისეთი გლობალური მოქმედების შეიარაღების სახეობა გამოუცდია, რომელიც ჯერ-ჯერობით მსოფლიოს არცერთი ქვეყნის არსენალში არ არის და ალბათ არც გამოჩნდება, რადგან ამერიკელები ამაზე არ წავლენ, ჩინელებმაც შეიძლება თავი შეიკავონ, თუმცა ჩრდილოეთ კორეა ხელს აუცილებლად მოაწერს...

ლაპარაკია ახალი ტიპის ფრთოსან რაკეტაზე „ბურევესტნიკზე“, რომელსაც არამარტო ბირთვული მუხტი გადააქვს, არამედ მისი ფრენაც ბირთვული ენერგიის დახმარებით ხორციელდება...

იმავე შეხვედრაზე,პრეზიდენტ პუტინს რუსეთის გენშტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა გერასიმოვმა მოახსენა,რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ 21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმ-ის მანძილზე იფრინა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა,რაზეც პუტინის პასუხი შემდეგი იყო - „ეს უნიკალური იარაღია, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს. გადამწყვეტი გამოცდები დასრულდა. ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - ეს ცხადია. ყველა რეგულაცია უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, ძირითადი მიზნები მიღწეულია“.

პუტინმა გერასიმოვს დაავალა, განსაზღვროს რაკეტის კლასი და მოამზადოს ინფრასტრუქტურა „ბურევესტნიკების“ განლაგებისთვის.

ორიოდე კვირის წინ, ამავე ბლოგის 11 ოქტომბრის სტატიაში „პუტინი ახალი „ზემძლავრი“ იარაღის გამოჩენით ისევ იმუქრება... ნუთუ კრემლმა „მფრინავი ჩერნობილი“ გაამზადა?“,ვწერდით, რომ - „...რუსული „ბურევესტნიკები“ კი მართლაც უდიდეს პრობლემას შეუქმნიან მთელ დედამიწას, რომელიმე ომში გამოყენების გარეშეც და აი, რატომ...

კრემლი ცდილობს დამალოს სახიფათო ინციდენტი, რომლის შემდეგ არხანგელსკის ოლქში რადიაციის ფონი დროებით გაიზარდა...

2019 წლის 8 აგვისტოს, როდესაც საქართველოში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს იხსენებდნენ, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია, რუსეთის არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან მომხდარმა ორმა უმძლავრესმა აფეთქებამ, რომლებიც ვიდეოკადრებზეც დაფიქსირდა. აფეთქებები ქალაქიდან სამ ათეულ კილომეტრში დასახლებულ პუნქტთან, ნენოქსასთან მოხდა, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 45-ე სახელმწიფო ცენტრალური საზღვაო საგამოცდო პოლიგონი მდებარეობს, რომელზეც რუსეთის ფლოტის ყველა ბალისტიკურ, ფრთოსან რაკეტებსა და სხვა ტიპის შეიარაღების ნიმუშებს ცდიან.

შესაბამისად, ეს პოლიგონი, ისევე, როგორც ქალაქი სევეროდვინსკი (სადაც რუსული ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაცაა განთავსებული), ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ობიექტებს წარმოადგენენ, მაგრამ აფეთქებების მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ მისი დამალვა თვით რუსეთის უშიშროების "ყოვლისშემძლე" ორგანოებისთვისაც კი შეუძლებებლი გახდა.

პოლიგონზე აფეთქებები, არცთუ იშვიათი მოვლენაა და არა მარტო რუსეთში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ბუნებრივი რადიაციული ფონის მყისიერი ზრდა, რაც მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა, რამაც უცხოელი ექსპერტები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ საზღვაო პოლიგონზე მომხდარი აფეთექებისას წარმოიქმნა მცირეხნიანი რადიოაქტიური იზოტოპები.

მოგვიანებით, თავად "როსატომმა" აღიარა, რომ გამოცდას ბირთვული იზოტოპების შემცველი ენერგეტიკული წყაროს მქონე სარაკეტო ძრავა გადიოდა და საზღვაო ბარჟაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი მათი თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასევე დაღუპული შეიძლება იყოს ორი სამხედროც, დაჭრილები კი სასწრაფოდ მოსკოვში გადააფრინეს რადიაციული დაცვის კოსტუმებში ჩაცმულმა მაშველებმა, რაც კიდევ უფრო ამაგრებს ვარაუდს, რადიაციული დაბინძურების შესახებ.

როგორც წესი, ბალისტიკური რაკეტების ძრავები მყარ ან თხევად საწვავზე მუშაობს, ხოლო ფრთოსან რაკეტებს კი კომპაქტური ტურბორეაქტიული ძრავები (დაახლოებით ისეთივე, როგორც სამგზავრო ლაინერებს) უყენიათ და ჩვეულებრივ საავიაციო ნავთს მოიხმარენ.

1-bur-1761495302.jpg
„მფრინავი ჩერნობილით“-„ბურევესტნიკით“ პუტინი „ბირთვული შანტაჟის“ ახალ სერიალს იწყებს...

რადიოაქტიური იზოტოპების გამოჩენა რაკეტის ენერგიის წყაროებში, კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ პოლიგონზე შეიძლება მორიგ გამოცდას გადიოდა "ბურევესტნიკი"- პრეზიდენტ პუტინის ყველაზე გასაიდუმლოებული ფრთოსანი რაკეტა, რომლითაც კრემლი დასავლეთს არაერთხელ დაემუქრა.

ბირთვულრეაქტორიანი ძრავა ფრთოსან რაკეტას შეუზღუდავ ფრენის ხანგრძლივობას აძლევს, რადგან მას აღარ სჭირდება ჩვეულებრივი საწვავი, რადგან რამდენიმეკილოგრამიანი ბირთვული ენერგიის წყაროს მიერ გამოყოფილი დიდი სითბური ენერგია ამის საშუალებას იძლევა.

მაგრამ, ბირთვულძრავიან ფრთოსან რაკეტას ერთი უდიდესი ნაკლიც აქვს-ფრენის მარშრუტზე, ის რადიაციულ დაბინძურებას ახდენს, რაც სრულიად მიუღებელია მშვიდობიან პერიოდში მისი საფრენოსნო გამოცდების დროს, თუმცა ბირთვული ომის გაჩაღების შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება...

2-bur-1761495302.jpg
რუსული „ბურევესტნიკის“ რეალური,სრული გამოსახულება უცნობია-ამ ფოტოზე „ბურევესტნიკს“ მხოლოდ „ცხვირი“ აქვს გამოყოფილი სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერიდან...

ბირთვულძრავინი ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელი და საბჭოთა კონსტრუქტორებიც მუშაობდნენ, მაგრამ მალევე შეწყვიტეს ეს მიმართულება, რადგან დარწმუნდნენ, რომ ამით პლანეტის ეკოსისტემას უდიდეს პრობლემას შეუქმნიდნენ. როგორც გამოჩნდა, თვით ბრეჟნევის რეჟიმიც კი უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე მისი "შთამომავალი" პუტინი, რომელმაც ბირთვულძრავიანი რაკეტების შექმნის პროგრამა განაახლა და "მფრინავი ჩერნობილის" პრეცედენტი შექმნა...“

გამოდის, რომ როდესაც 11 ოქტომბერს „ბურევესტნიკის“ თაობაზე ვწერდით, რუსულ პოლიგონზე უკვე მიმდინარეობდა „ბურევესტნიკის“ მომზადება ახალი საცდელი ფრენისთვის, რომელიც ათ დღეში განხორციელებულა...

უბრალოდ უცნაურია, რომ დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებმა,რომლებიც დიდი ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის პოლიგონებს, ბირთვულძრავიანი „ბურევესტნიკის“ 15 სთ-იანი ფრენის შესახებ მაშინვე არ ატეხეს განგაში ან სად იფრინა 14 ათასი კმ ამ რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ ისე,რომ მისი აღმოჩენა მაშინვე ვერ მოხერდა,მითუმეტეს,რომ ის ფრენისას რადიაციული დაბინძურების კვალს დატოვებდა?

ეს ან დასავლეთის სადაზვერვო ორგანიზაციების სისუსტეზე მეტყველებს ან კიდევ გერასიმოვი პუტინთან ერთად მთელი მსოფლიოს მოტყუებას ცდილობენ და „ბურევესტნიკს“ არც ამხელა დრო უფრენია და არც ეს მანძილი დაუფარავს...