რა ხდება ხელისუფლებაში და როგორ გაგრძელდება პროტესტი საქართველოში?! - კვირის პალიტრა

რა ხდება ხელისუფლებაში და როგორ გაგრძელდება პროტესტი საქართველოში?!

გასულ კვირას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ კი აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი. გირაოს თანხის გადასახდელად მას 30-დღიანი ვადა განესაზღვრა. ღარიბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ეს დანაშაული, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე. შეგახსენებთ, მანამდე ღარიბაშვილისა და მასთან დაახლოებული პირების კუთვნილ უძრავ ქონებაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ითქვა, რომ ამოიღეს მილიონობით დოლარი და ძვირფასეულობა. მის გარდა კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს, სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილსა და ექსგენპროკურორ ოთარ ფარცხალაძეს გარშემო ვიწროვდება წრე. გასულ კვირას მათთან დაახლოებული კიდევ 3 პირი იქნა პასუხისგებაში მიცემული. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მირიან მირიანაშვილთან:

- თუ პოლიტიკური შირმის უკან შევიხედავთ, ჩემი შეფასებით, არანაირი პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნება" არ არის და არც არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის იყო და არის ბიძინა ივანიშვილის პერსონიფიცირებული ხელისუფლება, რომელსაც პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ხან ასეთი სახე აქვს და ხან ისეთი. ივანიშვილი ხან რომელ ფიგურებს დაიახლოებს და ხან რომელს. მათ გარკვეულ ეტაპზე პოლიტიკურ ფუნქციებს შესძენს ხოლმე, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობების ჩათვლითაც, შემდგომ კი წაართმევს.

შესაბამისად, მე არ მჯერა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური დაპირისპირება და შიდაკლანური გარჩევებია. ეს ყველაფერი უფრო არსებული რეალობის პოლიტიკური დეკორაციებია. სინამდვილეში, ივანიშვილი მართავს პოლიტიკურ პროცესს, მის გარდა არიან კიდევ მარიონეტები. რაღაც ეტაპზე ივანიშვილი გადაწყვეტს ხოლმე, რომ მათ ვადა გაუვიდათ და პოლიტიკურ სანაგვეზე უშვებს. ნამდვილად არ მჯერა, რომ რაც ახლა ხდება, კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირების შედეგია. ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ატარებს საჯარო ეგზეკუციას, რაც, მისი აზრით, ასევე არის საჯარო აპარატისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ ჭკვიანად იყვნენ. ეს არის სიგნალი გარე პოლიტიკის თვალსაზრისითაც და ასევე განკუთვნილია შიდაოპოზიციური წრეებისთვისაც. ივანიშვილს უყვარს მინიშნებების ენით ლაპარაკი და მოქმედება.

მოკლედ, დიდი მიამიტობა მგონია ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის გავლენით მოქმედებს, თითქოს მათ დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ფარცხალაძე მოღალატეები არიან და რომ აწყობდნენ შეთქმულებას. ზოგადადაც, არ მჯერა, რომ ეს ხალხი რაიმე შეთქმულებაში მონაწილეობდა. ძალიან საეჭვოა, რომ ეს გაებედათ. მაგის არც კომპეტენცია აქვთ, არც უნარ-ჩვევები, არც საკმარისი საგარეო კომუნიკაციები და არც გამოცდილება. მათ ხომ არასდროს უმართავთ ქვეყანა, ისინი მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ. მათთან დაკავშირებით დღეს საქმე გვაქვს კორუფციულ დანაშაულებთან...

აქ პრობლემა, ჩემი აზრით, მხოლოდ ღარიბაშვილში არ არის. კორუფციაში მისი მონაწილეობის შესახებ ლაპარაკი სულ იყო, მათ შორის მაშინაც, როდესაც ივანიშვილმა ის პირველად გადააყენა პრემიერობიდან, თუმცა ამას ხელი სულაც არ შეუშლია მისთვის, რომ ისევ მოებრუნებინა პოლიტიკაში. კორუფციონერები ივანიშვილის ხელისუფლებაში სულ იყვნენ, არიან და კვლავაც იქნებიან... და არა მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებაში. უბრალოდ, ივანიშვილს ახლა ღარიბაშვილისა და მისი გარემოცვის საჯარო დასჯა დასჭირდა არა კორუფციასთან ბრძოლის გამო. საქმე ის არის, რომ ივანიშვილი დღეს დგას დიდი პრობლემის წინაშე, საგარეო სარბიელზე ყალიბდება მისი ხელისუფლებისთვის საკმაოდ არასახარბიელო პოლიტიკურ ძალათა კონფიგურაცია. ამიტომ, ვფიქრობ, სახელისუფლებო ვერტიკალში სჭირდება უფრო მეტი კონსოლიდაცია, მეტი დისციპლინა, ამისთვის კი გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზაა დაშინება, შანტაჟი, იმის ჩვენება, რომ არავის დანდობას არ აპირებს. ივანიშვილმა ღარიბაშვილის დაჯგუფების პოლიტიკური დარბევით მესიჯი გაუგზავნა მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, რომ ის პოლიტიკური ვალდებულებების გადაცდომას არავისგან მოითმენს და დასჯის ყველას ისე სამაგალითოდ, როგორც ღარიბაშვილი დასაჯა.

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიაში მიდის ძალიან სერიოზული პროცესები, ამ რეგიონის რუსული ქოლგიდან გასვლა. ამას მოწმობს აზერბაიჯან-სომხეთს შორის შექმნილი პოზიტიური დღის წესრიგი.

ფაქტია, დასავლეთმა, განსაკუთრებით კი აშშ-მა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ რუსეთს უნდა დაათმობინონ პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის, სამხრეთი კავკასია.

67af5b70-d0c6-4855-bd04-bb3b188a1a15-1761501493.jpg

ეს ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან სერიოზული გამაღიზიანებელია. ის ამიტომაც ცდილობს შიდასახელისუფლებო ვერტიკალის მობილიზაციას, რათა თუ გარედან იქნება სერიოზული ზეწოლა, ხელისუფლებაში იყოს ერთსულოვნება.

- რას გულისხმობთ?

- ეს ხელისუფლება ამ ეტაპზე რუსული გავლენაში კი არის, მაგრამ აშშ ძალიან თანამიმდევრულად ასუსტებს რუსეთს, შედეგად პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის რევიზიის ეტაპი, ფაქტობრივად, დამდგარია. აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში, ვფიქრობ, საბოლოოდ ჩამოყალიბდა აზრი, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან უნდა გააძევონ. ჩემი აზრით, ამას მშვენივრად ხედავს ივანიშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ძლიერ სახელისუფლებო ვერტიკალს შეინარჩუნებს, მაშინ უფრო ადვილი იქნება მისთვის ძალაუფლების შენარჩუნება დასავლური ზეწოლისა და გავლენის გაძლიერების შემთხვევაშიც.

შეუძლებელია ვერ ხვდებოდეს, რომ დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამიერკავკასიაში რუსეთის შენარჩუნებას. მისთვის მთავარია საკუთარი ძალაუფლება, რუსეთის გავლენები მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი შენარჩუნებისთვის სჭირდება, როგორც მეთოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ინტრიგა სწორედ ის არის, როდესაც რუსეთის მარცხი პოლიტტექნოლოგიურ კონტურებს შეიძენს, მერე რა გადაწყვეტილებებს მიიღებს? უკვე წყალგაუვალი ფაქტია ის, რომ რუსეთის გავლენა ამიერკავკასიაში წარმავალია! სახელისუფლებო პროპაგანდა რას ილაპარაკებს, ჩვენს მოქალაქეებს რას დააჯერებს, სრულიად უინტერესო გახდება მას მერე, რაც გარეპოლიტიკურ ველზე რუსეთის მარცხი რეალური გახდება.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ამგვარი დასჯით ივანიშვილი ცდილობს სახელისუფლებო ვერტიკალის კონსოლიდირებას, მაგრამ ეს ხომ არ გამოიწვევს უკუეფექტს, ანუ ადამიანებს "ქართულ ოცნებაში" ხომ არ გაუჩნდებათ უნდობლობა იმ სისტემის მიმართ, რომელსაც აქამდე საკუთარ თავშესაფრად, მეტიც, "კრიშად" მიიჩნევდნენ?

- თუ გავიხსენებთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას, მისი რღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები მოხსნა, რასაც მოჰყვა კიდეც დაპირისპირება და ძალიან მძიმე მოვლენები.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში არავის მისცემია ავტონომიურად პოლიტიკური კონსტრუირების საშუალება, როგორც თავის დროზე ამგვარი საშუალება მისცა კიტოვანს ჯარის ჩამოყალიბების საქმეში, საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ მან მხოლოდ მისთვის ერთგული რაზმი ჩამოაყალიბა, არმია კი არა. ივანიშვილი ასეთ შეცდომებს არ უშვებს, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში აკონტროლებდა იმას, რომ არავის შეეძინა სერიოზული პოლიტიკური წონა. მათ შორის მან პირველად შემოიტანა საჯაროდ დასჯის მექანიზმი, პოლიტიკური ეშაფოტის ელემენტი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ერთგულების შესაგონებლად სხვა მექანიზმები უკვე არასაკმარისად მიიჩნია.

ისევ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ძალიან ბევრსაც ნუ მოვთხოვთ სახელისუფლებო ვერტიკალს, სადაც, ძირითადად, არიან მაინც ბიძინა ივანიშვილის შერჩეული და ადგილმიჩენილი პირები, რომელთაც კოლექტიური ინსტინქტი ამოქმედებთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი ახლა ძალიან შეშინებულია. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ბიძინა ივანიშვილიც.

თუმცა აქ ერთი ასპექტი მინდა გამოვყო კიდევ - ამგვარ მმართველობას, რის დამყარებასაც ცდილობს ახლა ივანიშვილი, ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება. შესაბამისად, თუ მან შემდეგ ეტაპზე ვერ მოახერხა და გარე პოლიტიკის მიმართულებით ვერ დაარეგულირა სიტუაცია, თუ აშშ-ის მმართველობის ცენტრთან რეალური ურთიერთობა ვერ დაალაგა, შიგნით სახელისუფლებო ვერტიკალის კონსოლიდაციას და მაქსიმალურ შევიწროებას ჯეროვანი შედეგი არ ექნება.

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით გაამკაცრა ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავება დაიწყო. უკვე იმდენი ადამიანი დააკავეს, ბრალის წასაყენებლად და აღკვეთის ღონისძიების მისასჯელად სასამართლო სხდომები შუაღამეზეც კი იმართებოდა. დაკავებულებს შორის არიან მწერალი ბექა ქურხული, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, "საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილია-შავგულიძე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და სხვა.

- თავის დროზე, ჩემს ცხოვრებაში იყო ეტაპი, როდესაც ზვიად გამსახურდიამ მომანდო მიტინგების ორგანიზება - ეს იყო მისი ხელისუფლების ბოლოსკენ, 1991 წლის შემოდგომაზე. მას რატომღაც ეგონა, რომ მთავრობის სახლის წინ მუდმივი მიტინგი იქნებოდა შეიარაღებული ოპოზიციის მომგერიებელი ფაქტორი. სულ 42 მიტინგი ჩავატარე, საკმაოდ მრავალრიცხოვანი. აქედან გამომდინარე, მიტინგის ფსიქოლოგიის შესახებ გარკვეული ცოდნა და კომპეტენცია მაქვს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული პროტესტის შესახებ რაიმე კანონზომიერი დასკვნის გამოტანა ძალიან რთულია. საქმე ისაა, რომ ეს არის უფრო ემოციაზე დაფუძნებული, ანუ შესაძლოა ემოციურ ნიადაგზე მრავალათასიანი მიტინგი მომენტალურად შეიკრიბოს, თუმცა იმავე საკითხზე კარგა ხნის მომზადებული საპროტესტო აქცია სულაც არ აღმოჩნდეს მრავალრიცხოვანი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმაც იცის ეს და ძალიან აშინებს, რომ რაღაც პატარა ბიძგმაც კი შესაძლოა ძალიან ემოციური და მასშტაბური დემონსტრაცია გამოიწვიოს. ამიტომაც მიიღეს ამგვარი რეპრესიული კანონები და ამასთანავე, ცდილობენ ეს პროტესტი დატოვონ კონსოლიდაციის ცენტრის გარეშე. შესაბამისად, აკავებენ ცნობილ პირებს, ცდილობენ მათი დაკავებით სხვები შეაშინონ, აჩვენონ, რომ ინდულგენცია არავისთვის იქნება და ყველას დასჯიან. თუმცა ისევ ქართული პროტესტის ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილი ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ამ გზით მიზანს მიაღწევს.

ამ დაკავებებით ის ასევე მესიჯებს გზავნის დასავლეთშიც. აქვე მინდა გავიხსენო, რომ საკმაოდ გაუჯანჯლდა "ქართულ ოცნებას" პარტიების ასაკრძალი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ივანიშვილიც და დანარჩენებიც ელოდნენ დასავლეთისგან მძაფრ რეაქციას, რათა შემდგომ შემდგარიყო გარკვეული კომუნიკაცია და დაეწყოთ პოლიტიკური ვაჭრობა, მაგრამ დააკვირდით, არც ევროპა და არც აშშ დიდად არ აქტიურობს. ისინი გაცილებით უფრო ხშირად ლაპარაკობენ აქციის დარბევებსა და მისი მონაწილეების დაკავებაზე, ვიდრე ხელისუფლების განზრახვაზე აკრძალოს ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი.

ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან დახვეწილ, მაღალი დონის დიპლომატიურ თამაშებთან გვაქვს საქმე. დასავლეთი ივანიშვილს პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას ჯერ არ აძლევს. ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახოთ, მალე ბევრი რამ, წესით, უნდა გაირკვეს.