გია ხუხაშვილის სენსაციური პროგნოზი: "დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარდება" - გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი?!
გზის უკანონოდ გადაკეტვის ბრალდებით უკვე ათობით მოქალაქეა დაკავებული. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ.
- ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად მწყობრი გეგმა, როგორ დაასრულოს ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება, სადაც, ფაქტობრივად, ყველაფერი იქნება კონტროლირებადი. ამის შეკავება მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია შიდა და გარე პოლიტიკური პროცესებით. დასავლეთი შეძლებისდაგვარად იყენებს ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტს, თუმცა თეორიულად შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთებაც. რაც შეეხება შიდა პროცესს, სერიოზული პრობლემა გვაქვს - ყველაფერი დანაწევრებულ-დაქუცმაცებული და სუსტად კოორდინირებულია. არ არსებობს სარდლობა, რომელიც მოახდენდა ამ ყველაფრის კაპიტალიზაციას. მსოფლიოში არ არსებობს ომი, რომელიც მთავარსარდლის გარეშე ვინმეს მოეგოს. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც სარდლობა (ოპოზიციის სახით) არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით, გეგმა არა აქვს ან თუ აქვს, ილუზორული, ყალბ მოლოდინზე აგებული და ამის დასტური იყო 4 ოქტომბერი. ხელისუფლება კი სარგებლობს ოპოზიციის სისუსტით. ის არ ამბობს, მე კარგი ბიჭი ვარო, პირიქით, ამბობს, კი ბატონო, ცუდი ბიჭი ვარ, ცუდად ვიქცევი, მაგრამ ჩემი ალტერნატივა ჩემზე უარესიაო. ხალხი კი ამათ თამაშში ვართ გაჭედილი.
იმისათვის, რომ გზა გამოჩნდეს, საჭიროა ოპოზიციური ფლანგის სერიოზული გადატვირთვა, რათა პოლიტიკურმა კლასმა მოიპოვოს პროტესტანტთა ნდობა და აღიაროს ის საკუთარ ლიდერად. დასავლეთს შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს პროცესს, თვითონ ხომ არ დაიწყებს ინტერვენციას. ასე რომ, ვითარება რთულია და გვჭირდება ახალი ლიდერები ან ძველი ახალი სახით და გეგმებით.
- აქვთ კი ოპოზიციურ პარტიებს შანსი კვლავ მოიპოვონ საზოგადოების ნდობა?
- თეორიულად შანსი ყველას აქვს, პრაქტიკულად, სხვა საკითხია... მთავარი ენერგია მაინც ახალგაზრდებშია. მათთვის ეს გაცვეთილი ლიდერები ნაკლებად სანდო და საინტერესოა. ამიტომ უმჯობესია თავიანთ წიაღში გამოკვეთონ ლიდერები. რა თქმა უნდა, ახალი პარტიებისა და სახეების შექმნას დიდი რესურსი და ფინანსები სჭირდება, მაგრამ თუ სწორ შეთავაზებას გააკეთებ, საინტერესო გახდები საზოგადოებისთვის და ავტორიტეტსაც მოიპოვებ, ამის შემდეგ რესურსიც გამოჩნდება.
- გახარიას გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე გამართლებულია?
- გახარიას თავისი გათვლა აქვს. რომ არ შესულიყო პარლამენტში, რას მიაღწევდა ბოიკოტით?! პერმანენტული პროტესტი კარგია, მაგრამ ჩვენ ხომ ხელისუფლების შეცვლა გვინდა და ბოიკოტით ეს რომ არ გამოდის, ჩანს. შესაბამისად, ყველა შესაძლო ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ ბრძოლისთვის. პარლამენტი კი ერთ-ერთი ინსტრუმენტია წინააღმდეგობის კერების გასაჩენად. სხვა საკითხია, პარლამენტში რას იზამენ... თუ შევიდნენ, ისხდნენ და ყველაფერზე ხელი ასწიეს, რა აზრი აქვს. პარლამენტი ტრიბუნაა, ისიც ბრძოლის ველია, ომის დროს კი ყველგან უნდა იბრძოლო. მეორე შანსი ყველას უნდა მიეცეს, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებენ...
ვინც ბოიკოტი აირჩია, იმან რა გააკეთა?! - ფსონს ჩამოვიდა, რომ 4 ოქტომბერს რაღაც სასწაული მოხდებოდა. საბოლოოდ რა მოხდა?! - თავიანთი ბრიყვული ქმედებებით ისევ ხელისუფლება გააძლიერეს. ბოიკოტის გზითაც შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება, ჭკვიანურად რომ ევლოთ, მაგრამ ესეც ვერ ქნეს. სამწუხაროდ, ისევ მივდივართ იქამდე, რომ დღეს ხელისუფლების ალტერნატივა მასზე უარესია.
- სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, რომ პოლიტიკური პროცესები აიღოს ხელში?
- სალომეს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ ხელიდან გაუშვა. მას დღესაც მაღალი ავტორიტეტი აქვს საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ შიდაპოლიტიკურ ფრონტზე ვერ შეძლო ამის კონსოლიდაცია. ეს მხოლოდ სალომეს ბრალი არ არის, ეს განაპირობა ოპოზიციაში მუდმივმა დაპირისპირებამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ, ბრალდებებმა - ბოიკოტის მომხრეები, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, ყველას მოღალატეს ეძახდნენ... შესაძლებელია კი დღეს სალომეს რეანიმირება, როგორც ლიდერის? - მე სკეპტიკურად ვუყურებ ამას.
- მოქალაქეების დაპატიმრებები, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე დაწყებული გამოძიებები რისი თქმის საფუძველს გვაძლევს - "ქართულ ოცნება" იმყარებს პოზიციებს თუ პარტია ზღვარზეა, რომ შიგნიდან არ გატყდეს?
- "ოცნებას" უზარმაზარი შიდა და გარე პრობლემები აქვს, საზოგადოებამ ეს ძალა ჩამოწერა, პარტიაშიც საშინელი მდგომარეობაა, მაგრამ მათ აქვთ კოზირი - უალტერნატივობა. ხელისუფლება ოპოზიციის სისუსტესა და სულელურ ქმედებებზე დგას. დღეს ძალაუფლება ქუჩაში გდია, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს პარტიაში მოვლენები, "ოცნება" არ ჩამოიშლება და არ გატყდება, სანამ ალტერნატივა არ შეიქმნება. ბიძინამ მთელი "ოცნება" ხვალ რომ სახლში გაისტუმროს და ქუჩიდან აკრიფოს ვიღაცები, რა პრობლემაა? არ გაუკეთებია თუ რა?! სანამ ალტერნატივა არ შეიქმნება, ამ წრეზე ვიტრიალებთ.
- ამ მოცემულობაში 2028 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია?
- არა, ამ მოცემულობის მიუხედავად, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს არჩევნები უნდა იყოს. ჩვენ თუ რუსეთში მივდივართ, ისინი აუცილებლად მოგვთხოვენ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას, იმიტომ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს ხელი შეუშლონ. იქიდან გამომდინარე, რომ "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ახლა არა აქვს, მოუწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რათა შეძლოს კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება ამ მუხლის ამოსაღებად... თუ ბიძინამ გადაწყვიტა ჩრდილოელი მეზობლის "გადაგდება" და დასავლეთზე გადათამაშება, ამ შემთხვევაშიც მოუწევს არჩევნების ჩატარება, რათა ლეგიტიმაცია დაიბრუნოს დასავლური სტანდარტით. ასე რომ, ორივე შემთხვევაში, ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.
სოფო კაჭარავა