„დღეს საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნებია, სხვა გამოსავალი კაცობრიობას არ მოუგონია“ - კვირის პალიტრა

„დღეს საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნებია, სხვა გამოსავალი კაცობრიობას არ მოუგონია“

როგორ უნდა აღდგეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს კორნელი კაკაჩიას.

- ქვეყანა მიდის პოლიტიკური ჩიხისკენ, რომლიდან გამოსავალი რაციონალური ახსნით უკვე შეუძლებელია იპოვო. თუ შევადარებთ, ეს არის რაღაც აზერბაიჯანთან მიახლოებული და ბელარუსთან ნაჯვარი სისტემა, ყოველ შემთხვევაში, მისწრაფება და სიჩქარე, რა სიჩქარითაც ამ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, ამ მიმართულებით სვლას ნიშნავს... სომხეთის გარდა, ყველა ჩვენს მეზობელს აწყობს ავტორიტარული საქართველო. ტრამპისადმი­ მიწერილ ღია წერილებში გამოჩნდა, რომ ეხვეწებიან, მიგვიღეთ, როგორც, ვთქვათ, აზერბაიჯანი, რომელიც ავტორიტარულია. თუ ამყარებთ ნორმალურ ურთიერთობას სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან, რატომ არ შეიძლება საქართველოც მიიღოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდაო. არადა, განსხვავება დიდია. ჯერ ერთი, საქართველო ფორმალურად მაინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.­ დასავლეთმა აქ დიდი ინვესტიციები ჩადო და რაც მთავარია, დასავლეთისთვის ავტორიტარულ საქართველოს ფასი არა აქვს. დასავლეთს მხოლოდ მაშინ აინტერესებს საქართველო, თუ ის გახდება კვლავ დემოკრატიის ფორპოსტი რეგიონში. თუ ეს ნიშა დაიკარგა, დასავლეთისთვის საქართველო იქნება მორიგი პოსტსაბჭოთა ქვეყანა... ამის გაგება არ უნდათ ხელისუფლებაში და ყველაფერს აბრალებენ „დიფ სთეითს. ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ, თუ ხელისუფლებამ უარი არ თქვა რადიკალიზმზე. ის თვითონ არის რადიკალიზმის­ ინიციატორი. არადა, ხელისუფლება უნდა იყოს ეროვნული დიალოგის ინიციატორი.

- სადამდე მივა ეს ყველაფერი?

- არ ვიცი, მაგრამ დიდხანს რომ გაგრძელდეს, შეიძლება ბიძგი მისცეს სამოქალაქო დაპირისპირებას. თუმცა 90-იანი წლებში იმდენად მძიმე ტრავმა მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირების გამო, ხალხი ხვდება, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა.

გადავხედოთ მსოფლიოს ქვეყნებს, სადაც ხდებოდა გადატრიალებები, რეჟიმების­ დამხობა, პარტიების აკრძალვა. ჩვენ რა გვინდა, დავემსგავსოთ იმ განვითარებად ქვეყნებს, სადაც ყოველ ხუთ წელიწადში სახელმწიფო გადატრიალებები, სამოქალაქო ომებია, თუ გვინდა სტაბილურობა, ევროკავშირში გაწევრება? გვინდა გარიყული სახელმწიფო გავხდეთ?

რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში ვერ ხდება კონსენსუსზე დამყარებული ლეგიტიმაცია. ხელისუფლებას აკლია ქვეყანაში და მის გარეთ ლეგიტიმურობა და ცდილობენ ხელების გადაგრეხით მიიღონ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამ საზოგადოების მეორე ნაწილიც სწორედ ისეთივე შეუპოვარი და ჯიუტია, როგორც თავად არიან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, სადაც ყველა ყველას იცნობს და იმის ფუფუნება არა გვაქვს, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ,­ მით უმეტეს, იმ დემოგრაფიული სიტუაციის ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც ჩვენს სამეზობლოში და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში ხდება. ამ სიტუაციაში მცირე, სუსტი სახელმწიფოს წარმომადგენელს, თუ მას საღი აზრი აქვს, როგორ შეიძლება იმის ფუფუნება ჰქონდეს, ქვეყანა კიდევ უფრო დაყოს ჩემიანებად და სხვისიანებად და გაამწვავოს ვითარება. ეს არის სწორედ ის სისუსტე, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ ჩვენი არაკეთილმოსურნეები.

დღეს არსებულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარება იქნება. სხვა გამოსავალი კაცობრიობას არ მოუგონია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჯერ საზოგადოების დიდ ნაწილს არა აქვს საფრთხე გაცნობიერებული, ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, მაგრამ ავტორიტარულ ქვეყნებში ხომ ასე ხდება - იწყება პატარა ჯგუფებიდან: მედია, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები და მერე გადადის ყველა სეგმენტზე. იმ ხალხსაც შეეხება, ვინც დღეს მხარს უჭერს ხელისუფლებას. და როცა ეს ხალხი გამოიღვიძებს, შესაძლოა უკვე გვიანი იყოს. საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ გასაღები ქვეყანაშია. ხალხმა უნდა უპასუხოს კითხვას, სურს თუ არა ევროკავშირში ინტეგრაცია. თუ სურს, ამისთვის­ საჭიროა ცვლილებები. როგორ და რანაირად, ცხადია, ამ ეტაპზე გაუგებარია... თუ არ სურს, მაშინ ესეც პასუხია. ეს წითელი ხაზი უკვე ახლოვდება, როდესაც საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ეგუება ამ ავტორიტარიზმს, თუ მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს. წინააღმდეგობა ახლაც არის საზოგადოებაში, მაგრამ ლაპარაკია დიდ ტალღაზე, რომლის შემდეგ ხელისუფლება იძულებული იქნება გაუწიოს ხალხს ანგარიში.

დასავლეთი არ დაელაპარაკება ამ ხელისუფლებას, სანამ მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. თუ ხალხმა უარი თქვა ამ კურსზე, მაშინ შეიძლება დასავლეთმა თქვას, თუ ქართველ ხალხს არ უნდა, ჩვენ რა გავაკეთოთო. ასეთ შემთხვევაში საქართველო გახდება ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელთანაც სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა ექნებათ­ და არ გვექნება ის სიკეთეები, რასაც ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია, მათ შორის უვიზო მიმოსვლას, სტუდენტების გაცვლასა და ა.შ..

თუმცა, ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში ასე ადვილი არ არის. ადვილი რომ ყოფილიყო, ყოველდღიურად ამ რეპრესიულ კანონებს კი არ გაამკაცრებდნენ. მაგრამ თვითონაც კარგად იციან, რომ სიტუაცია ჰგავს თივის დიდ ზვინს, რომლის გვერდით ბჟუტავს პატარა ნაპერწკალი, თუმცა ამ ნაპერწკლის ავარვარებას ნიავიც კი ეყოფა. ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს, ეს ესმის. ამიტომაც ცდილობს რაღაცნაირად ჩააქროს ეს მბჟუტავი წინააღმდეგობა.

- რა შანსია, რომ ხელისუფლება პლებისციტის მსგავსის ჩატარებას ფიქრობდეს, სადაც დაფიქსირდება, რომ თითქოს მოსახლეობის უმეტესობას აღარ უნდა ევროინტეგრაცია?

- არ არის გამორიცხული. ახლა ელოდებიან დასავლეთის რეაქციას. თუ დასავლეთი არ მიიღებს ასე ვთქვათ, გაფორმებულ ავტორიტარულ რეჟიმს, არც ის არის გამორიცხული, თქვან, აი, ჩავატარეთ გამოკითხვა და ხალხმა გადაწყვიტა, რომ გვინდა ნეიტრალური სახელმწიფო ვიყოთო, ან არ ვიცი, სხვა რაღაც. ამას გვთავაზობენ ჩვენ, როგორც ეროვნულ ინტერესებს. სინამდვილეში ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეროვნული ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესი და ეყრდნობოდეს საზოგადოების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამაზეც წავიდნენ. თუ გადავხედავთ დინამიკას, რისკენაც მიდის ხელისუფლება, მათ შორის განათლების რეფორმებთან დაკავშირებით, შედეგები ძალიან მძიმე იქნება. რაც უფრო ცდილობს ხელისუფლება დაყოს საზოგადოება, მით უფრო დიდია რისკი, ცოტა ხანში უმცირესობაში აღმოჩნდეს. უბრალოდ, არითმეტიკის ამბავია, რაც მეტ კატეგორიას დაუპირისპირდები, საბოლოოდ მივა იქამდე, რომ ცოტა ხანში უკვე უმრავლესობას უპირისპირდები, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველსაც... ასეთი რაღაც იყო სააკაშვილის დროსაც, როდესაც საბოლოოდ ყველა მისი ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ დაჯგუფდა. მთავარი ის არის, ასეთი სიტუაციიდან როგორ შეძლებს ქვეყანა გამოსვლას ისე, რომ არ დავზარალდეთ.

რუსა მაჩაიძე