„მე გახარიას ყოველთვის „ტროის ცხენად“ მივიჩნევდი“
"გაოგნებული ვარ იმ აშკარა და უხეში უსამართლობით, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან ვწუხვარ და მინდა საქართველოს მოქალაქეებმაც გაიაზრონ, რომ უკეთესი ცხოვრება ეკუთვნით", - განაცხადა პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არის სისტემა, რომელიც ადამიანებს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს და საშუალებას აძლევს სკოლების, ბაღების, საავადმყოფოებისა და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულების ფული მოიპაროს, ხოლო სხვა მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტის უფლებასაც კი უზღუდავს. უფრო ვრცლად მიმდინარე პროცესებზე ანა დოლიძე გვესაუბრება.
- ჩემში ძალიან მძაფრ განრისხებას იწვევს ქვეყანაში არსებული უსამართლობა და მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებში არიან ჩაძირული, წუთიერად მაინც გააცნობიერონ, თუ რა მასშტაბის უსამართლობაში უწევთ ცხოვრობა.
- დღეს ქვეყანაში ზუსტად ისეთი მოცემულობა გვაქვს, როგორიც საპარლამენტო არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილმა ივარაუდა - ქუჩაში პროტესტი მინავლებულია. ამის ფონზე კი მმართველი გუნდი ამკაცრებს კანონებს... ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება თუ ოპოზიციასაც?
- ამ სცენარის ავტორი და მთავარი რეჟისორი ბიძინა ივანიშვილია. მხოლოდ ის ადგენს, ვინ გამოვა სცენაზე და ვინ რას ითამაშებს. ამ კაცმა ერთპიროვნულად მიიტაცა სასამართლო სისტემა და ახლა ამის საშუალებით აკეთებს ყველაფერს, რაც სურს. ფაქტია, ივანიშვილს რუსეთის მხარდაჭერა აქვს, სხვაგვარად ამხელა გეოპოლიტიკურ ნაბიჯს ვერც გადადგამდა. 2016 წლამდე საქართველოში ნატო პერმანენტულად ატარდებდა წვრთნებს. ამ ყველაფრის შემდეგ ყოველივე დასავლურისგან ჩახსნას და რადიკალურად სხვა გეზის აღებას ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდება. სამწუხაროა, რომ საკუთარი ფულის დაცვასა და მტერი ქვეყნის ინტერესების გატარებას ეწირება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი.
- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუშვილთან ერთად ოთარ ფარცხალაძის სახლშიც ჩაატარა ჩხრეკა, ანალიტიკოსების ნაწილმა ივარაუდა, რომ ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებელი რომ იყოს, ფარცხალაძეს საქართველოში არავინ შეეხებოდაო...
- ამ საკითხზე მე ჩემი ვერსია მაქვს. ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთით ოთარ ფარცხალაძე ივანიშვილის ტერიტორიაზე გადავიდა. როდესაც ივანიშვილის ტერიტორიას დაუკითხავად არღვევენ, ის თავისი წესებით მოქმედებას იწყებს... ჩვენ სინამდვილეში საქმე გვაქვს მაფიოზურ საქმის გარჩევასთან. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი საკუთარ სახლში არჩევდა ბიზნესმენების საქმეს - ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბიზნესმენებს, ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს ის კი არ უთხრა, რომ სასამართლოში გაერკვიათ საქმე, სასახლეში დაიბარა და საქმე ქუდულად გაურჩია.
როგორც რუსეთის მეფის კარზე, ასევე საბჭოთა კავშირის იმპერიაში ჩვეულებრივი ამბავი იყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ამ გზაზე ერთმანეთის დაძირვა. არ გამოვრიცხავ, რომ ფარცხალაძემ, მას შემდეგ, რაც რუსეთში წავიდა, აღლუმზე დადგა და რუს მაღალჩინოსნებს ხელი ჩამოართვა, გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილზე ნაკლები არაფრით არ არის, ბიძინა ივანიშვილმა კი მას ჭკუა ასწავლა.

- ამ ვერსიაში დაუთმობს თუ არა რუსეთი ფარცხალაძის თავს ივანიშვილს?
- საინტერესო საკითხია... ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის საქმეში მთავარი ფულია, ისინი ციხეში არავის სჭირდება, მთავარია, ფული მიუტანონ ივანიშვილს. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ის ივანიშვილს არაფერში სჭირდება, მანაც წაღებული ფული უნდა დააბრუნოს და არ შეეცილოს ივანიშვილს გავლენებში. წარმოუდგენლად ცუდი ამბები ხდება ქვეყანაში. ვიღაცებს ეგონათ, ღარიბაშვილის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სამართლიანობის აღდგენა მოჰყვებოდა და მოპარული ფული ხალხს დაუბრუნდებოდა. თუმცა ნურას უკაცრავად, არავის უთქვამს, რომ ღარიბაშვილისგან ამოღებული ფულით ან სკოლაში იქნება უფასო კვება, ან სხვა საჭირო პროექტი განხორციელდება.
გვეუბნებიან, რომ ღარიბაშვილს სადღაც, პოლიტიკური საქმიანობის მიღმა, ბიზნესი ჰქონდა. არავითარი სიცხადე არ არის ამ განცხადებებში - რა ბიზნესზეა საუბარი? მხოლოდ გადასახადები დამალა? თუ გადასახადები დამალა, ესეც ხომ ბიუჯეტიდან მოპარული ფულია? ჩემი აზრით, ჩვენ გვთავაზობენ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს, რათა საბოლოოდ კითხვები ვერ დავსვათ.
ჩემი აზრით, მთავარი კითხვა ერთი უნდა იყოს - მართალი ვიყავით თუ არა ჩვენ, პოლიტიკოსები, ვინც ვამბობდით, რომ სახელმწიფო იძირება კორუფციის ჭაობში? ზარქუას საქმე რა პროცესშია? ის უშუალოდ დაკავშირებული იყო კორუფციულ სქემასთან, რომლის გამოც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში სკოლა ვერ აშენდა და ბავშვები სიცოცხლის რისკის ფასად განაგრძობდნენ სწავლას ნახევრად დანგრეულ შენობაში. როგორც ჩანს, ზარქუამ უკვე მიიტანა ფული ე.წ. შავ სალაროში.
- როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა რამდენად შეიძლება შეცვალოს განწყობები "ქართული ოცნების" ელექტორატში?
- ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს "ქართული ოცნების" ელექტორატში გარკვეული დამსახურებები აქვთ. განსაკუთრებით ღარიბაშვილს, რომელიც "ძველი ოცნების" წევრია და ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, იმთავითვე აქტიურად იყო ჩართული მოძრაობაში, ვიდრე "ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდოდა. კობახიძე ხელისუფლებაში მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ყველაფერი ორგანიზაციულად მზად იყო. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილს აქვს ძლიერი სოციალური კაპიტალი თავისი ისტორიითა და ოჯახის აქტიური ჩართულობით.
წესით, "ოცნების" წარმომადგენლები და გულშემატკივრები უნდა სვამდნენ კითხვებს: "თუ ღარიბაშვილი ასე იქცეოდა, სად იყვნენ ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი კობახიძე? სად იყვნენ სტრუქტურები ამ გამოძიების დროს?" ამ კითხვების დასმა ბუნებრივია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათ მშვიდი ცხოვრება, კომფორტი არჩიონ თანამებრძოლისა და მეგობრის დაცვას. ქრისტე გაყიდეს და ღარიბაშვილი ვინ არის?
- შეიძლება ითქვას, "ქართულმა ოცნებამ" მორიგი კრიზისიც გადააგორა?
- ასეც ვერ ვიტყოდი. დღეს ივანიშვილი ქვეყანაში მხოლოდ "თოფიანი კაცის" იმედზეა. ქვეყანა მიაქვს კრიმინალს, უპრეცედენტოდ მომრავლებულია პედოფილიისა და ოჯახში ძალადობის ფაქტები, პოლიციის 20 და 30-კაციანი ჯგუფები კი პირში შეჰყურებენ ლიკა ბასილაიას... დიახ, "ქართულ ოცნებას" უკვე აღარაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ პროტესტი მოგუდოს. დღეს რუსთაველის გამზირზე გამოსვლა ორწლიან სასჯელს უდრის, რაც მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ნებისმიერი გამოწვევა ხელისუფლებისთვის დაუშვებელია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, რთული სათქმელია, მაგრამ სიტუაცია, ფაქტობრივად, ბელარუსის გზას მოგვაგონებს.
- თქვენც ამიტომ აღარ ჩანხართ ძველებურად აქტიურად?
- არა, უბრალოდ, უცხოეთში ვიყავი დიდ ღონისძიებაზე. მე, როგორც ერთ ადამიანს, საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობით უფრო მეტი ზიანის მიყენება შემიძლია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვისა და მისი მსახური მოსამართლეებისთვის, ვიდრე ქუჩაში დგომით.
- როგორ აფასებთ გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას, გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში?
- როგორ შეიძლება ეს სწორად შეფასდეს? მე გახარიას ყოველთვის "ტროის ცხენად" მივიჩნევდი. როცა პრემიერი იყო, მაშინ არაფერი გაუკეთებია ქვეყნის სასიკეთოდ, ახლა ვითომ ოპოზიციის სტატუსით რა უნდა გააკეთოს? გახარიას პარტია და "ქართული ოცნება" პარლამენტში ორ ან სამ წელს ეთამაშებიან ერთმანეთს, სულ ეს არის. რაც შეეხება 4 ოქტომბრის პროცესებს, ესეც ძალიან უცნაური ამბავია, ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა პასუხისმგებლობას, რომ 4 ოქტომბერს 100%-ით დაამთავრებდა რეჟიმს, თუმცა მეორე დღეს ყველაფრისგან ხელები დაიბანეს. იმ ადამიანებს არ ვგულისხმობ, ვინც ახლა ციხეში არიან. ასეთ პროცესებს ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებაც. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიგე, რა მოხდა იმ დღეს. ერთადერთი კარგი, რაც მოხდა, ის იყო, რომ ქუჩაში ისევ ბევრი ხალხი გამოვიდა. ეს ადასტურებს, რომ რაც არ უნდა ოინები მოაწყოს ივანიშვილმა, რაც არ უნდა კანონები გაამკაცროს და სპექტაკლები დადგას, ხალხს დიდი ხნით პირში წყალს ვერ ჩაუგუბებ.
ხათუნა ბახტურიძე