„პარლამენტში იმიტომ შევდივართ, რომ აქციებზე არ ვიდგეთ, სწორედ ამ აქციებმა პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში!“ - გიორგი შარაშიძე: ვისთან აღარ დაიჭერს საქმეს გახარიას პარტია?!
"დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური კორუფცია შექმნა", - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე ყოფილი პრემიერის მიმართ წაყენებულ ბრალდებას...
- საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციულ დანაშაულებს, როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, მისი ბიზნესიდან მიღებული უკანონო შემოსავლებიც, როგორც მინიმუმ, შეიძლება განვიხილოთ როგორც თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. დადასტურდა სისტემურ-პოლიტიკური კორუფცია, რომლის სათავეშიც იდგა თავად პრემიერი. დღეს ჩვენ ვხედავთ მილიონობით ლარის უკანონო დაგროვებას სხვადასხვა ჩინოვნიკისა და მაღალი თანამდებობის პირის ანგარიშებზე. ეს თანხები მხოლოდ საბანკო ანგარიშებში კი არა, ნაღდ ანგარიშებშიც გროვდება, საუბარია უზარმაზარ ოდენობაზე. ამ ფონზე კი საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა 700 000 კაცს შეადგენს. რეკორდულად მაღალია მიგრაციაც, რადგან გაჭირვება უკვე საყოველთაო სენად იქცა. აშკარა ხდება რამდენიმე რამ: პირველი - სისტემური პოლიტიკური კორუფციის არსებობა; მეორე - ეკონომიკური დოვლათის კონცენტრაცია რამდენიმე ოჯახზე; მესამე - შერჩევითი სამართალი და მეოთხე - ტოტალური უსამართლობა.
უსამართლობაა ისიც, რომ ყოფილი პრემიერი, რომელიც ჩართულია მასშტაბურ კორუფციულ სქემებში, თავისუფალია. იმავდროულად, ადამიანები რამდენიმე ასეული ან ათიათასობით ლარის გამო წლობით სხედან ციხეში, ზოგი კი მხოლოდ ნიღბის ტარების ან ქუჩის გადაკეტვის გამო...
სინამდვილეში ღარიბაშვილი ისჯება იმისთვის, რომ ფული არ შეიტანა ე.წ. შავ ყულაბაში, რომელიც, როგორც ცნობილია, დაკავშირებულია მმართველ პარტიასთან. ეს "შავი ყულაბა" წარმოადგენს სისტემურ მექანიზმს, სადაც იკრიბება უკანონო თანხები, და თითოეულ ჩინოვნიკს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აქვს ანთებული კორუფციული ქმედებებისთვის. პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ვიღაც საკუთარ სარგებელს პრიორიტეტს ანიჭებს და ნაკლებს აბრუნებს სისტემაში. სწორედ მაშინ იწყება ანგარიშსწორება.

პროკურატურამ გაახმოვანა ინფორმაცია, რომ მხოლოდ ღარიბაშვილის სახლიდან ამოღებულია 6.5 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს (თუმცა არის ეჭვი, რომ რეალური თანხა ბევრად მეტია) და ამ პირობებში მას მხოლოდ 1-მილიონიანი გირაოთი ათავისუფლებენ. ეს არის ტოტალური უსამართლობის მაგალითი და ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ანგარიშსწორებასთან, რომელიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა გადაწყვიტა გარკვეულ პირები დასაჯოს არა სახელმწიფო ინტერესებიდან, არამედ პირადი წყენიდან გამომდინარე.
- თუ პირადი წყენაა, რატომ არ დაისაჯა უფრო მკაცრად ღარიბაშვილი.
- მთავარი სასჯელი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს დაეკისრა, რეალურად მისი რეპუტაციის განადგურებაა. ეს არის გზავნილი ყველასთვის, ვინც "არასწორად მოიქცევა"... ივანიშვილს შეეძლო ღარიბაშვილი უფრო მკაცრად დაესაჯა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ესეც საკმარისია. ერთი კონკრეტული პირის ნება-სურვილის მიხედვით შესაბამისი უწყებები ამკაცრებენ ან ამსუბუქებენ სასჯელს. ეს ნიშნავს, რომ სამართალი შერჩევითია.
კორუფცია საქართველოში მხოლოდ ეკონომიკური დანაშაული არ არის, ეს სახელმწიფოებრივი ღალატის ტოლფასია. ვინც ხალხის ფულს იპარავს, ის ხალხს ღალატობს, და ასეთ ქმედებაზე უნდა დადგეს შესაბამისი, უმკაცრესი პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, დღეს ცდილობენ ბრალის ფორმულირება გადაიტანონ ბიზნესშემოსავლებზე, თითქოს ბიუჯეტი არაფერ შუაში იყოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც ახლა ციხეში ზის, ღარიბაშვილის უშუალო კადრი იყო და პრემიერის მფარველობის გარეშე ბიუჯეტის ფულს ვერ მოიპარავდა. აქ სწორედ ეს არის მთავარი, ბრალის ეკონომიკურ სექტორზე გადატანით ცდილობენ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობის შემცირებას, რადგან, თუ დადასტურდება, რომ ბიუჯეტის ფული მოიპარეს, პასუხისმგებლობა დაეკისრება არა მხოლოდ ერთ პირს, მთლიანად მმართველ პარტიას.
- თუ ინსტიტუციები არ მუშაობს და ყველაფერი ერთი კაცის ნება-სურვილზეა, რამდენად სწორად მიიჩნევთ თქვენი პარტიის გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში?
- ჩვენს მხარეზე არის სიმართლე და გონიერება, ამ იარაღით ვაპირებთ ბრძოლას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით პარლამენტში. ქუჩაში პროტესტი მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგიანი ბრძოლისთვის ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ჩვენ ავიღეთ გამოწვევა და შევდივართ ბრძოლის ველზე.
- თქვენი ოპონენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამით "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციას აძლევთ. მათივე აზრით, არჩევნებში რომ არ მიგეღოთ მონაწილეობა, პროტესტი უფრო შედეგიანი იქნებოდა.
- ამას როგორ ამბობენ იმის მერე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს? ეს იყო უპასუხისმგებლო სპეცოპერაცია, რომლისთვისაც მთავარი პასუხისმგებლობა გარკვეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეკისრებათ. ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავიდან ბოლომდე გაემიჯნა კამპანიას, რომელიც თავიდან ბოიკოტით დაიწყო და შემდეგ მშვიდობიანი დამხობისკენ გადაიზარდა... ყველაზე მეტად, რაც არ უნდა ახლა "ქართულ ოცნებას", ეს არის ოპოზიციური ხმა პარლამენტში. ერთი წელი ბოიკოტის რეჟიმის განმავლობაში "ოცნებამ" ყველაფერი თავის სასარგებლოდ დაალაგა. ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ხალხის მანდატი, ვიღებთ გამოწვევას - ერთი მხრივ, პრინციპულად ვებრძოლოთ "ოცნების" მოძალადე რეჟიმს, მეორე მხრივ კი უპასუხისმგებლო ოპოზიციური პოლიტიკოსების იერიშებს გავუმკლავდეთ.
- ამ დრომდე დასავლელი პარტნიორები არ აღიარებდნენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. თქვენი გადაწყვეტილებით ხომ არ მიეცემათ მათ ამის საფუძველი?
- "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არა აქვს ლეგიტიმაცია, რადგან მათ უარი თქვეს ევროპულ მომავალზე, მიიღეს ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონები, იძალადეს ადამიანებზე და შექმნეს ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემები. ამიტომ აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა და არა იმის გამო, რომ ჩვენ პარლამენტში შევდივართ ან არ შევდივართ. ჩვენ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებთ, ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ ფაქტს, რომ "ოცნება" მართავს ქვეყანას და ვცდილობთ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ქვეყნის დაზიანებაში, დავაბრუნოთ პარლამენტში განსხვავებული ხმა. შესაძლოა დღეს-ხვალ ვერ დავდოთ ხელშესახები შედეგი, მაგრამ ეს უკვე ბრძოლაა, წინააღმდეგობა, რასაც ხალხი დაინახავს.
- "ლელოსთან" თანამშრომლობის დასრულების მიზეზი იყო თუ არა ის მოცემულობა, რომ თქვენ პარლამენტში შეხვედით?
- არა, ეს იყო თანამშრომლობა თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც დასრულდა და ამ ეტაპზე ახალი თანამშრომლობის საკითხზე საუბარი არ არის. "ლელოს" სურვილი რომც ჰქონოდა, სამწუხაროდ, ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ მანდატების აღდგენას. როგორც მათ საჯარო განცხადებებში მოვისმინეთ, ჩვენს გადაწყვეტილებას არ იწონებენ. კონკურენტი პარტიები ვართ და რა გასაკვირია, როცა ან ჩვენ არ დავეთანხმებით მათ გადაწყვეტილებას, ან ისინი ჩვენსას. ოპოზიცია მარცხს არ აღიარებს, "ოცნება" - თავის დანაშაულს, შესაბამისად, ორივე ჩვენი მოსაგერიებელი იქნება.
- საპროტესტო აქციებზე თუ იქნებით?
- პარლამენტში იმიტომ შევდივართ, რომ აქციებზე არ ვიდგეთ, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება უფრო ეფექტურად მიგვაჩნია, ვიდრე მონაწილეობა ქუჩის აქციებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ აქციებმა, როგორც პოლიტიკური ცვლილების ერთადერთ ალტერნატივად წარმოჩენამ, პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში. გარკვეული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებებმა ხალხს დააჯერა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ალტერნატივა ქუჩა და საპროტესტო აქციაა. ამიტომ ვიწყებთ მუშაობას პარლამენტში, რათა პოლიტიკა დავაბრუნოთ ქვეყანაში. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ადგილი პოლიტიკურ სივრცეშია, იქ, სადაც "ოცნების" წინააღმდეგ ყველა ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა გვექნება. პარლამენტიდან მუშაობით ჩვენ უკეთ დავიცავთ ხალხის უფლებებს, ეფექტურად შევაჩერებთ "ოცნების" პროპაგანდას და გავაგონებთ საზოგადოებას განსხვავებულ ხმას.
- "ლელომ" განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვისა და მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ "ქართული ოცნების" მიღებულ კანონს გაასაჩივრებს. თქვენ რას აპირებთ?
- "ოცნებას" ბევრი რამ შეუძლია თქვას, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: თუ მართლა აპირებენ "ნაცმოძრაობისა" და მათთან დაკავშირებული პირების აკრძალვას, საკუთარ რიგებში გადაბარგებულ ყოფილ "ნაციონალებსაც" აკრძალავენ? შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა სპექტაკლი იყოს, ვინც დასჭირდებათ გააუქმებენ, ვინც არა, არ გააუქმებენ.
- გახარია როდის ჩამოვა საქართველოში?
- თავად გადაწყვეტს, პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით. ამ ეტაპზე პარტიას ეფექტურად მართავს დისტანციურად და ევროპაში ყოფნას საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად იყენებს.
- საზოგადოებაში ხშირად განიხილავენ იმ მოცემულობას, რომ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მიუხედავად, გახარიასა და ხაზარაძის თანამშრომლობა ვერ შედგა. რა მოხდა თვითმმართველობის არჩევნების წინ?
- როგორც ჩანს, მაშინ ერთმანეთის შესაძლებლობები პრაგმატულად და რეალისტურად ვერ შევათანხმეთ. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეს მაინც მოვახერხეთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ თბილისის მერობის კანდიდატის "ლელოს" სასარგებლოდ დათმობა ელექტორალურად დაგვაზიანებდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ერთობის ჩვენება, რომ დავთმეთ...
- ოპოზიციაში ისევ იგეგმება რაღაც ტიპის ერთობის ჩამოყალიბება ზურაბიშვილის თაოსნობით. რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას და თქვენც თუ იქნებით ამ ერთობაში?
- დიდი ალბათობით, არა. იყო შესაძლებლობა, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი გამხდარიყო გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი, მაგრამ მან უარი თქვა, რამაც საბოლოოდ 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო სპეცოპერაციამდე მიგვიყვანა. ახლა იმავე წრის თავიდან გავლა არ მიმაჩნია სწორად, მით უფრო, როცა საუბარია იმ ადამიანებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოიკოტსა და 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის აქციებში. ჩვენ მათთან საქმეს აღარ დავიჭერთ.
ხათუნა ბახტურიძე