თბილისური უნაბი „ჩინელი წინაპრით“ - კვირის პალიტრა

თბილისური უნაბი „ჩინელი წინაპრით“

"მეგობრებო, თბილისში მაქვს მსხვილი უნაბის ნერგები... გთავაზობთ ბიზნესწინადადებას, ვისაც გაქვთ თავისუფალი მიწა, გაჩუქებთ ნერგებს და გააშენეთ ბაღი.

უნაბი არის გემრიელი, სასარგებლო და ამასთან, ბაზარზე 10 ლარამდე ღირს. ნერგები არის 1-2 და მრავალწლიანები. 100 ძირამდე შეიძლება მოვაგროვოთ", - რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში ასეთ სტატუსს წავაწყდი, რომლის ავტორი მარინე აბულაძე გახლდათ. ქალბატონ მარინას ნერგების საჩუქებლად არა, თუმცა უნაბის, ამ საოცრად სასარგებლო მცენარის შესახებ სასაუბროდ შევეხმიანე.

მარინე აბულაძე:

- სამსახურში ერთმა ქალბატონმა გვითხრა, ჩინეთიდან ჩამოტანილი უნაბის ნერგები მაქვსო. დავინტერესდი (90-იანი წლები იყო) და ერთი ძირი შევიძინე. უნაბის გემო ბავშვობიდან მომწონდა, მაგრამ ეს ჩინური უნაბი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც ჩვენთან, დასავლეთში. ამას ორჯერ დიდი ნაყოფი აქვს და ფასიც შესაფერისი, ანუ დასავლეთის უნაბზე მეტი ღირს. მოკლედ, რადგან მცენარეს ვიცნობდი, არჩევანი ამაზე ამიტომ გავაკეთე. მერე გავიგე, რომ წნევისთვის, გულისთვის და კიდევ ბევრი რამისთვის საუკეთესო წამალი ყოფილა და უფრო მეტად დავაფასე.

70d46453-b4a7-4138-a05a-ec40d14d67e3-1761507881.jpg

- რამხელა იყო ნერგი, რომელიც შეიძინეთ?

- ორი-სამი წლის იყო, რომ დავრგე. კარგად იხარა და მეორე-მესამე წელიწადს ნაყოფი მომცა. ზოგი ხე სიგანეში მიდის, ეს უფრო სიმაღლეში წავიდა, საერთოდ, ასე იზრდება. დღეს ჩვენი უნაბები სამი-ოთხი მეტრი იქნება. დასავლეთში ყველგან ხარობდა და აქაც კარგი პირობები შეექმნა - მიწაა მშვენიერი, მტკვრის სანაპიროზე ვართ.

წარმოშობით ბაღდათიდან ვარ. 1979 წელს თბილისში გავთხოვდი, 90-იან წლებში პროგრამები იყო, სამსახურებში მიწებს ანაწილებდნენ. ჩემმა მეუღლემაც ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს (ქვემო ფონიჭალაში) აიღო მიწა და დავიწყეთ ბაღის გაშენება. ჩავრგეთ ხეხილი, გავაკეთეთ ბოსტანი, გავაშენეთ ვარდები და სხვადასხვა ყვავილი. ნაკვეთი 1000 კვადრატია. ჩვენი კორპუსიდან ბაღი 10 წუთის ფეხით სავალზეა.

50-მა ოჯახმა 5 ჰექტარი მიწის ფართობი გავინაწილეთ. ადრე მაგ ტერიტორიაზე კურკოვანი ხილის ბაღები ყოფილა, სადაც სარწყავი სისტემაც, წყალსაქაჩებიც ჰქონდათ. 90-იანებში აქაურობა გაიძარცვა. ახლა ზემოდან თვითდინებით მოდის წყალი, მერე მილში შემოდის და ჩვენთან ამოდის.

- წყალი უყვარს უნაბს?

- დიდად არა. ეკლიანი მცენარეა და ამის გამო ნაყოფის მოკრეფა ცოტა ძნელია. მას ასეთი რამ ახასიათებს, ყოველ წელს ამოიყრის და ამოიყრის ძირებს, როგორც ალუბალმა იცის ხოლმე, ფესვები გააქვს და აქვს ამონაყრები. მეც ამის წყალობითY გავაყოლე ეზოს უნაბი, თან ვჩუქნი კიდეც. ერთ წელს მაინც ძალიან მოედო. მერე სოციალურ ქსელში დავწერე, მოდით და წაიღეთ ნერგები, მენანება გასაჩეხად-მეთქი. ხალხიც მოდიოდა და მიჰქონდა. ალუბლის ნერგებსაც ვჩუქნიდით, მარწყვსაც, ყველაფერს, რაც მოჭარბებული გვქონდა.

1a8a133b-b480-4911-963b-48de5104b8b5-1761507880.jpg

- როდის ყვავილობს უნაბი?

- ყველაფერი რომ დაასრულებს ყვავილობას, მაისის ბოლოს, თეთრი ბურთებივით ყვავილები აქვს. მერე ნაყოფი გამოაქვს. თავიდან მწვანეა, შემდეგ ყავისფერი ხდება და ბოლოს სტაფილოსფერი. ცუდი ის არის, რომ ჭია უჩნდება და ამის გამო რამდენჯერმე უნდა შეიწამლოს ზეთოვანი პრეპარატით. იკრიფება შემოდგომით, ოქტომბერში. ეკლები, როგორც ვთქვი, დაკრეფისას ცოტა დაბრკოლებას ქმნის. კიბეც გვჭირდება, რადგან მაღალი ხეა. ნაყოფს მაცივარში ვინახავ. მოგრძო, ფინიკის ზომის ნაყოფი აქვს, კურკაც ფინიკის კურკისხელა, იმერეთის უნაბი კი მომრგვალოა და უფრო პატარა. ჩვენი უნაბის ხეები დიდები რომ იზრდება, გადავჭრით ხოლმე, გასხვლა არ უნდა და გადაჭრილი მერე მშვენივრად იზრდება.

- ესე იგი, თქვენი ბაღი ოჯახისთვის შემოსავლის წყარო არ არის...

- არა, მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის გვაქვს. ბევრია ხეხილი (ალუბალი, ტყემალი, ალუჩა, ბროწეული, ატამი), ყურძენი (ალადასტური, თეთრი და შავი ადესა, მუსკატი). არაფერს ვყიდულობ. გვაქვს ყველანაირი მწვანილი, ბოსტნეული და 84 ძირი ვარდი. ახლობლებს, მეზობლებს მოვუკითხავ ხოლმე. მეუღლე ცოტას ავადმყოფობდა, ისე ვეღარ უვლის, როგორც ადრე, არადა, ნახევარი ტონამდე ყურძენი მოგვდიოდა. შეწამვლა, მორწყვა, დაბარვა, ბევრი რამ უნდა მიწას...

მეც ნელ-ნელა ვისწავლე ყველაფრის გაკეთება, თუ რამე არ ვიცი, სხვებს ვეკითხები. მეზობელი მყავს, გულო ბოლქვაძე. დევნილები არიან. გულოს ყველაფერი ეხერხება და მეურნეობაში რაღაცებს მასწავლის. შევიძინე ბაღის ინვენტარი. შვილები მეხმარებიან დაბარვაში, ვენახს წამლავენ. მეუღლეც, როგორც შეუძლია, შრომობს... ხომ გეუბნებით, უპრობლემო ადგილია, ყველაფერი მოდის. სასუქად გადამწვარ ნაკელს ვყიდულობ.

- რა პროფესიის ბრძანდებით?

- ინჟინერ-ტექნოლოგი, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული პურის, მაკარონისა და საკონდიტრო წარმოების სპეციალობით. მე-7 პურის ქარხანაში ცვლის უფროსი ვიყავი. მანამდე 15 წელიწადს კვლევით ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად ვიმუშავე. ახლა დროს შვილიშვილებს ვუთმობ - 6 შვილიშვილი მყავს.

ყველას ვურჩევ, პატარა მიწა მონახოს და დაამუშაოს. დღევანდელ პირობებში ეკონომიას გააკეთებინებს მისი მოწეული პროდუქტი. თუ გაყიდიან, შემოსავალიც ექნებათ, თუ არადა, ოჯახისთვის ხომ ექნებათ და ექნებათ. მეც ძალიან მიყვარს ჩემს ბაღში ფუსფუსი. იქ ყოფნა ჩემს შვილიშვილებსაც სიამოვნებთ. მიწასთან მუშაობა ყველაფრისთვის კარგია, თან ამ ყველაფერს მეტად დაეუფლებიან, ხოლო ვისაც დავიწყებული აქვს, გაიხსენებენ. უნდა აითვისონ, გაასუფთაონ, დაამუშაონ ნაკვეთები. ჩემს ბაღში რომ ჩავდივარ, წნევაც რომ მქონდეს, იქ სხვა განწყობაზე ვდგები, თითქოს ყველანაირი ტკივილი და საწუხარი მეხსნება. ასტრების ყვავილობა მორჩა, ახლა ქრიზანთემები დაიწყებენ ყვავილობას, ჩვენთან რომელიმე ყვავილი სულ ყვავილობს.