ბრძოლა რუსთაველისთვის ანუ „გაყინული“ პოლიტიკური პროცესის შედეგი?!
გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისთვის სასამართლოს მიერ 1-მილიონიანი გირაოს შეფარდება. მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს ჩამოართვეს პასპორტიც და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას ედავება პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება. მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.
ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830.000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463.630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210.000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება. პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3.670.172 ლარი. ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6.500.000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
ზემოაღნიშნული ქმედებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ", - აცხადებს პროკურატურა.
სასამართლოზე ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი არ უსაუბრია. ჟურნალისტებს გაეხუმრა, ხომ არ გავცვალოთ ადგილებიო, და ისიც თქვა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, გაჩნდა ორი შეთქმულების თეორია: ერთის მიხედვით, ერთმა სახელისუფლებო დაჯგუფებამ მეორეს ანგარიში გაუსწორა; მეორის მიხედვით, ეს რაღაც წინასწარ დაგეგმილი ამბავი იყო, რომლის შემდეგ ღარიბაშვილი ოპოზიციაში უნდა გადასულიყო. ეს ვერსიები ღარიბაშვილის აღიარების შემდეგ საპნის ბუშტივით გასკდა.
ასევე, გასულ კვირას დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი (მედიის ინფორმაციით, სუს-ის ყოფილი უფროსის ბიძაშვილი), მანამდე კი კობა ხუნდაძე. ვნახოთ, კონკრეტულად რა ბრალდებას წაუყენებენ გრიგოლ ლილუაშვილს და ოთარ ფარცხალაძეს.
"ჭიდაობა" თბილისის მთავარ ქუჩაზე
აქციის მონაწილეებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყოველ საღამოს გადაკეტონ რუსთაველის გამზირი, ხელისუფლებისთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ გადააკეტვინოს. მძიმეა ყოველდღე იმის მოსმენა, რომ გზის ხელოვნური გადაკეტვისთვის ესა და ეს დააკავეს, მით უმეტეს, რომ მეორე შემთხვევაზე საქმეში სისხლის სამართლის კოდექსი ერთვება.
მთავარი საკითხავი ის არის, ამ გადაკეტვა-არგადაკეტვას რა პოლიტიკური შედეგი მოაქვს?!
წარმოვიდგინოთ, რომ აქციის მონაწილეებმა ყოველ საღამოს შეძლონ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ამით რა, ხელისუფლებას შეეშინდება და უკან დაიხევს? ერთი წელი გავიდა საქართველოში აქციების დაწყებიდან და ხელისუფლებამ უკან დაიხია? ამიტომ ზოგიერთი აქტივისტი ნუ ქმნის მითებს, თითქოს ხელისუფლებას ეს გადაკეტვები აზიანებს. ის, უბრალოდ, ძალის დემონსტრირებას ახდენს - პირველ რიგში, თავისი მომხრეებისთვის, რომლებიც კითხულობენ, რატომ აკეტვინებენ გზას რამდენიმე ათეულ ადამიანს. თუმცა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამდენი დაკავებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, ძალიან ცდება. ასევე, ვთქვათ და, ხელისუფლებამ შეძლო, რომ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი აღარ გადაკეტეს და საერთოდაც, პროტესტი დაიშალა - ეს უკმაყოფილების გაქრობას და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ნიშნავს? რა თქმა უნდა, არა. უკმაყოფილება არსად წასულა, ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ ქუჩაში გამოვიდეს.
ასე რომ, გზის გადაკეტვა-არგადაკეტვა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ შინაარსს არ ცვლის. არის საფრთხე, რომ ძალიან გაიწელოს სტაბილურად მძიმე კრიზისი.
წინა ნომერშიც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ - ხელისუფლებასა და პროტესტს შორის გარკვეული დიალოგი აუცილებლად დასაწყებია. ასევე, 9 ოქტომბერს KVIღIშPALIთღA.GE-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ჩვენ ვწერდით:
"ვფიქრობთ, 2026 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დიდი რყევის დასასრულის დასაწყისი იქნება. პოლიტიკურ ველზე დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნების ინიცირება მმართველი გუნდისთვის აღარ უნდა ასოცირდებოდეს ხელისუფლების დაკარგვის საფრთხესთან.
სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას - ანუ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში გადაინაცვლებს. შესაბამისად, დასავლეთი სრულად აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, რაც შესაძლოა თბილისი-ბრიუსელისა და თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობების ნორმალიზების წინა პირობა გახდეს.
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საპროტესტო აქციებისას დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება (თუნდაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით).
ხელისუფლების კეთილი ნების ასეთი გამოვლინება ჩააცხრობს საზოგადოების ნაწილში უსამართლობის განცდასა და დაძაბულობას. მმართველი გუნდი დამატებით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს. არავის სურს მუდმივი რყევების რეჟიმში ცხოვრება.
ვფიქრობთ, ეს ორი ნაბიჯი ქვეყანაში დაასრულებს დროში გაწელილ პოლიტიკურ კრიზისს და ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული პოლიტიკური დაძაბულობა აუცილებლად აისახება ქვეყნის ყველა სფეროზე და მერე რეაგირება შესაძლოა, უკვე დაგვიანებულიც იყოს".
ასევე, ალბათ, ოპოზიციაშიც გარკვეული ძვრებია დასაწყები. სამწუხაროდ, ოპოზიცია დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - დისკრედიტირებული და არარეიტინგული. არადა, მილიონჯერ გვითქვამს - ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ბოლო დროს ხშირად მოისმენთ ექსპერტებისგან, რომ ახალი პარტიების დაბადების დროა. ალბათ, ასეც არის და იმედია, ეს მოხდება - თუმცა ურთულესია: ამას სჭირდება დიდი ფინანსები და კიდევ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა უკვე არსებული პარტიები ვერ გადაშენდებიან. შესაბამისად, უნდა შეეცადონ, რომ რაღაც ახალი პროცესი დაიწყონ. მაგალითად, ზოგიერთი ისევ ალაპარაკდა, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო უნდა შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა, იქნებიან აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და ა.შ. ესეც უკვე "დაკრული პლასტინკაა", მაგრამ... უარესს ცუდი გამოსავალი სჯობს. თუმცა აუცილებელია ერთი პირობა - სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს პრეზიდენტობის "ობრაზიდან" და მოიქცეს როგორც აქტიური პოლიტიკოსი.
გახარიას პარტია პარლამენტში
გახარიას პარტია ერთი წლის შემდეგ "მიხვდა", რომ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტმა ნაყოფი არ გამოიღო და პარლამენტში შევიდა.
თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ესეც უკვე დაგვიანებულია - ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რას შეცვლის პარლამენტში ან საერთოდ, ქართულ პოლიტიკაში გახარიას პარტიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება.
გახარიას პარტიას ეს გადაწყვეტილება 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ მალევე რომ მიეღო, სხვა საკითხია. შეიძლება ვცდებით, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვართ, რომ მათ მაგალითს სხვა პარტიებიც მიჰბაძავდნენ სხვადასხვა მოტივის მომიზეზებით და დღეს პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ იმავე გახარიას პარტიას დავუჯერებთ, "ნაცმოძრაობასაც" ნდომებია პარლამენტში შესვლა.
"ლელოშიც" ბევრი მომხრე ჰყავდა საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელებას. და თუ ყველა შევიდოდა, გვარამია-მელიას პარტია გარეთ ნამდვილად არ დარჩებოდა.
მოხდა ის, რაც მოხდა და დღეს გვაქვს გაყინული პოლიტიკური პროცესი, დაუძლურებულ-დისკრედიტირებული ოპოზიცია და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის აბსოლუტურად ბუნდოვანი პერსპექტივა.
P.S. გასულ კვირას გაიმართა ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც საქართველოს საკითხი განიხილეს. ევროპელი მინისტრების განცხადებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობისთვის არ იგეგმება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა და მხოლოდ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს დაუწესებენ შეზღუდვებს.
საქართველოს მოსახლეობას კარი რომ არ ჩაეკეტება, კარგია, ცუდი კი ის არის, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის "ცივი ომის" დასასრულის პერსპექტივა ისეთივე ბუნდოვანია, როგორიც საქართველოში პოლიტიკური პროცესის მყისიერად გამოცოცხლების სურვილი.
გიორგი კვიტაშვილი