"უკრაინა დათანხმდება ცეცხლი შეწყდეს იქ, სადაც ახლა არის ე.წ. ნულოვანი ხაზი“ - კვირის პალიტრა

"უკრაინა დათანხმდება ცეცხლი შეწყდეს იქ, სადაც ახლა არის ე.წ. ნულოვანი ხაზი“

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო, არ შედგება. პრეზიდენტმა ტრამპმა 22 ოქტომბერს თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა, რადგან შედეგს არ მოიტანდა.

უფრო ადრე, 19 ოქტომბერს, გამოცემა თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 16 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა ომის დასასრულებლად მოითხოვა უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის სრულად დათმობა. იმავე დღეს გამოცემა Fინანციალ თიმეს-მა გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, დაუთმოს რუსეთს დონბასი. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო და 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან.

როგორ განვითარდება მოვლენები და შეთანხმდებიან თუ არა მხარეები, ამ საკითხზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება, რომელთან ინტერვიუსაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარებით ვიწყებთ:

- ძალიან ძნელია მთლიან ფრონტზე ვისაუბროთ, რომელიც 2000კმ-ზეა გადაჭიმული და სამ ძირითად ოპერაციის თეატრად (რაიონად) იყოფა - ჩრდილო-აღმოსავლეთის, ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთის. ყველა მიმართულებაზე სხვადასხვა ინტენსივობის წინსვლაა. ზოგ მონაკვეთზე რუსებს აქვთ წარმატება, ზოგზე უკრაინელებს. ძირითადი დატვირთვა მაინც ცენტრალურ საოპერაციო თეატრზე მოდის, უფრო ზუსტად, კონსტანტინოვკა-პოკროვსკის მიმართულებაზე. იქვეა დობროპოლიეც, რომელიც თითქოსდა უკრაინელებმა ორ ნაწილად გაყვეს და მასში მოქცეულ რუსულ დანაყოფებს ანადგურებენ. ამავე დროს, რუსებიც აძლიერებენ ამ მიმართულებას, მაგრამ ხშირად ალყის შემომრტყმელი თავად ხვდება ალყაში.

ორი დღის წინ უკრაინელებმა რუსების ჯავშანკოლონები გაანადგურეს - ტანკები და ჯავშანმანქანები ამ მიმართულებაზე გარღვევისთვის, მაგრამ ფრონტის ხაზამდეც ვერ მიაღწიეს, ისე განადგურდნენ უკრაინელების არტილერიის, "ჰაიმარსებისა" და დრონების საშუალებით. მათ არც ე.წ. მაყალმა (ტანკზე დადგმული კონსტრუქციები) უშველა - ჯავშანმანქანა ამ კონსტრუქციის გამო თავის საბრძოლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. ახლა რუსების ჯარები შესული არიან პოკროვსკის გარეუბნებში და ძალიან რთულ მეტეოპირობებში ცდილობენ ნანგრევებში, სარდაფებში, გადარჩენილ ნაგებობებში შეაღწიონ და გამაგრდნენ, ვიდრე ტრიალ ველზე პირდაპირ შუბლით შეეჯახონ უკრაინელებს. პოკროვსკიზე ზეწოლა გრძელდება. რუსები ჯერ კონსტანტინოვკასაც ვერ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ცენტრამდე არიან მისული. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაწევა უკრაინელებს საშუალებას აძლევს სიღრმეში თავდაცვა გააძლიერონ. დონბასის გაკონტროლებისთვის, პოკროვსკის გარდა, გაცილებით ძლიერია კრამატორსკისა და სლავიანსკის აგლომერაცია, რომელიც თავდაცვით რაიონადაა გადაქცეული.

- ჩელიაბინსკში საარტილერიო ჭურვების ქარხანა ააფეთქეს და ეჭვია, რომ ეს უკრაინელების ნამოქმედარია. რა მნიშვნელობისაა ჩელიაბინსკის აფეთქება?

- საბრძოლო მასალის წარმოება რუსებს შეზღუდულად აქვთ, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ფრონტის ხაზს მოაშორონ ეს საწარმოები, ვინაიდან უკრაინული საჰაერო საშუალებებისთვის სამიზნეები გახდნენ. მაგალითად, უკრაინული "ფლამინგო" 3000 კმ-ზე, ხოლო "გრძელი ნეპტუნი" 2000 კმ-მდე დაფრინავს. რუსების მსგავსად, უკრაინელებმაც გადააკეთეს შ-200 რაკეტები ხმელეთის ტიპის რაკეტებად. ამას დავუმატოთ დრონები, რომელთაც დიდი რაოდენობით აწარმოებს უკრაინა, ასევე ის დრონები და საკმაოდ ეფექტიანი რაკეტა "თაიგერ-შარკი", რომელსაც დიდი ბრიტანეთი აძლევს. ახლა წარმოიდგინეთ ის, რომ რუსეთის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო თვითმფრინავების ე.წ. ტაქტიკური რადიუსი აღწევს 600 კმ-ს, ვერტმფრენების - 450-480 კმ-ს. ტაქტიკური რადიუსი ნიშნავს მანძილს ერთ მხარეს და უკან გაფრენასა და უკან დაბრუნებას. რა თქმა უნდა, 3 წლის განმავლობაში რუსებმა ბევრი აეროდრომი, საბრძოლო ტექნიკისა და მასალის საწარმო გადაიტანეს სიღრმეში, მაგრამ ძალიან შორსაც ვერ გადაიტანდნენ. ეს ის რადიუსები და მანძილებია, რომელთაც უკრაინა თავისუფლად სწვდება. ასე რომ, ამას თუ დავუმატებთ "ატაკამსს" (300 კმ-მდე მიფრინავს), "შტორმ შედოუს" (250 კმ-ზე) და თუ "ტაურუსებიც" (500კმ-მდე მიფრინავს) მისცეს მათ გერმანელებმა (ამაზე უკვე საუბარია), ამ 400-600 კმ რადიუსებში ხვდება რუსეთის 10 რეგიონი, სადაც 250 მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეა. ამას ემატება ორმაგი დანიშნულების სამიზნეებიც, ენერგო- და ნავთობგადამმუშავებელი სტრუქტურები.

- უკრაინელებმა კამიკაძე-დრონებით ააფეთქეს ნოვო-კუიბიშევისა და ორენბურგის აირგადამმუშავებელი ქარხნები, რომ აღარფერი ვთქვათ 20-მდე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანასა და ობიექტზე.

- შეიძლება გავიხსენოთ ლიდელ ჰარტის (ინგლისელი სამხედრო თეორეტიკოსი) არაპირდაპირი ზემოქმედების სტრატეგია, რაც ომის გამოფიტვის პირობებში ყველაზე მეტად რესურსებზეა დამოკიდებული. მაგალითად, 2022 წელს რუსეთის ფედერაციის სატანკო რეზერვები 24 ბაზაზე ინახებოდა (საუბარია იმაზე, რაც კოსმოსიდანაა გადაღებული). ეს ბაზები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე იყო განლაგებული და მათი რაოდენობა ახლა 9-მდეა შემცირებული. წარმოიდგინეთ, სსრკ-დან დარჩენილი და შემდეგში შევსებული ტექნიკის რამხელა გახარჯვა მოხდა.

სტატისტიკოსების მონაცემებით, რუსეთს ომამდელი რაოდენობის ტანკებიდან მარაგში 45% დარჩა, სადღაც 40% ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 50%-მდე - ჯავშანტრანსპორტიორი.

- ამერიკამ ახლახან პირველად დაუწესა სანქციები რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანია "როსნეფტს" და "ლუკოილს", ამას ემატება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ეკონომიკური სანქციების მე-19 პაკეტი, რამაც, წესით, ისეთი მტკივნეული დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ბიუჯეტს, რომ პუტინის არმიამ უკრაინის ომში ახალი დიდი შეტევების წამოწყება ვეღარ შეძლოს...

- ამას დაუმატეთ ჩინური კომპანიები, რომლებიც რუსულ ნავთობზე მუშაობდნენ. "როსნეფტისა" და "ლუკოილის" დასანქცირების შემდეგ, ჩინეთის დიდმა კომპანიებმა შეწყვიტეს ოპერირება, ვინაიდან მათ არ უნდათ თვითონაც სანქციებში მოხვდნენ. მართალია, სანქციები მყისიერ ეფექტს არ იძლევა, მაგრამ მოქმედებს და თავისი სიჯიუტისა და ვირეშმაკობის მიუხედავად, პუტინს აიძულებს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. პუტინი ვერც აქამდე ახერხებდა დიდ შეტევებს, ამ ინტენსივობითა და ტემპით მას კიდევ 5 წელი შეუძლია აწარმოოს საომარი მოქმედებები, მაგრამ რუსეთში სოციალური და ეკონომიკური ვითარება მძიმდება. რა თქმა უნდა, პუტინი ხალხს პენსიებს გაუყინავს, ყველაფერი ფრონტზე წავა და რუსეთში აირევა სიტუაცია. ფართომასშტაბიან შეტევებზე ის ისედაც მწყრალად იყო (ადრე ვსაუბრობდით 10 და 5-კაციანი ჯგუფების შეღწევაზე),

ახლა ისეთი პირობები შეიქმნა, რომ ომის "გამოკვება" უფრო და უფრო გართულდება. მისი ნავთობწარმოების 38% განადგურებულია. ომში ერთადერთი გარდატეხა შეიძლება შეიტანოს იმ შემთხვევაში, თუ გამოაცხადებს სრულ მობილიზაციას და 800 000-იან არმიას კიდევ მილიონნახევრიან მასას თუ დაუმატებს, მაგრამ ეს უცებ ვერ მოხერხდება.

ამასთან, ეს სოციალურ უკმაყოფილებასთან იქნება დაკავშირებული, ამის გამოა, რომ პუტინი არ აცხადებს მობილიზაციას.

რუსეთს შეუძლია ომის გაყინვა და ამის როგორც წარმატების მიყიდვა ისედაც ყველაფრის დამჯერი შიდა აუდიტორიისთვის, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი, ყირიმი ჩვენია, დონბასს და ლუგანსკს მივუმატეთ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ნაწილიო და ა.შ. მაგრამ ომს თუ გააგრძელებს, სრულ მობილიზაციას გამოაცხადებს, ეს მძიმე დარტყმა იქნება მოსახლეობისთვის და გამოიწვევს დიდ დაძაბულობას.

- ტრამპისა და პუტინის ბუდაპეშტის შეხვედრა ჩაიშალა, რაც რუბიოსა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაცხადდა. როგორც ჩანს, რუბიო არ არის ტრამპისგან დამოუკიდებელი ფიგურა და მას გარკვეული გავლენაც აქვს პრეზიდენტზე.

- რუბიო პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ტრამპზე, ის ნამდვილად არ არის ანტიუკრაინულად განწყობილი. კრემლს რაღაცის იმედი კიდევ აქვს, აჯანჯლებს პროცესს და ვირეშმაკობას აგრძელებს. ტრამპისთვის პუტინი არის პიროვნება, რომელმაც მას ნობელის პრემია წაართვა, ეს კი, ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე, მისთვის მნიშვნელოვანი დარტყმააა გარდა ამისა, მას ჰყავს მრჩევლები, რომლებიც ეუბნებიან, პუტინს უნდა თავის ჭკუაზე გატაროსო, ამას ხვდება ტრამპიც და უკრაინას უკვე ნებას რთავს, სადაც უნდა, იქ გამოიყენოს ევროპული იარაღი. "ტომაჰავკების" გადაცემაზე ტრამპი თავს იკავებდა უნგრეთში შეხვედრამდე და ახლა შეიძლება მისცეს კიდეც რაკეტები. რომც არ მისცეს, "ტომაჰავკი" 2500 კმ-ზე მიფრინავს, მაღალტექნოლოგიური და მაღალი სიზუსტის რაკეტაა, მაგრამ უკრაინას აქვს უკვე შესაძლებლობა, რომ დაახლოებით იმავე სიღრმეზე მიაყენოს რუსეთს დარტყმები, შეიძლება იმავე სიზუსტით არა, მაგრამ მაინც. გერმანიამ თუ უკრაინას "ტაურუსი" მისცა, უკრაინელების შესაძლებლობები უფრო გაძლიერდება.

- მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ უნგრეთის სამიტი ჩაიშალა და ის უახლოეს ხანში აღარ ჩატარდება, პუტინმა ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების მანევრებს უხელმძღვანელა, ამით რაზე მიანიშნა?

- მერამდენეჯერ იწყებს? ეს 1001-ე ბირთვული გაფრთხილებაა. ჯერ იყო, იმუქრებოდა, უკრაინას "ჰაიმარსებს" თუ მისცემთ, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთო, მერე, კურსკის ტერიტორიაზე თუ შემოხვალთო...

პუტინმა, რაც შეეძლო, ყველაფერი გამოიყენა, ერთადერთი, ბირთვული იარაღი არ გამოუყენებია და იმედი აქვს, რომ ამით ყველას დააშინებს, მაგრამ მერამდენედ?

ადრე თუ გვიან, პუტინი შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. "ტაურუსები" და "ტომაჰავკები", რა თქმა უნდა, ომის მოგების საშუალება არ არის, მაგრამ პუტინის მაგიდასთან დაჯდომის საშუალება ნამდვილად არის. სანქციებიც მოქმედებს. მე მაინც ჩემი ვარაუდის მხარდამჭერად ვრჩები - გახსოვთ, ვვარაუდობდი, რომ წლის ბოლომდე შეიძლება ცეცხლი შეწყდეს. არსებული ლოგიკა და მიმდინარე ვითარება ფრონტის ხაზზე ამას მიანიშნებს.

კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - რუსეთზე არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს, იმიტომ, რომ პუტინი არაპროგნოზირებადია, მაგრამ ყველა ლოგიკით ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს, ოღონდ არა რუსეთის პირობებით უკრაინის კაპიტულაციას რომ გულისხმობს, ეს გამორიცხულია ისევე, როგორც არ იქნება შეთანხმება უკრაინის პირობებით - 2014 წლის საზღვრებზე გავიდნენ. უკრაინა დროებით უარს იტყვის ნატოში გაწევრებაზე და დათანხმდება ცეცხლი შეწყდეს იქ, სადაც ახლა არის ე.წ. ნულოვანი ხაზი. ამას ამბობს კიდეც ზელენსკი.