"მკვლელი ორეული": "ყველა პაციენტს ჰქონდა გაორება, ჰალუცინაციები, კუნთების კანკალი და გონების დაკარგვაც" - რისკენ მოუწოდებენ ტოქსიკოლოგები მოსახლეობას?! - კვირის პალიტრა

"მკვლელი ორეული": "ყველა პაციენტს ჰქონდა გაორება, ჰალუცინაციები, კუნთების კანკალი და გონების დაკარგვაც" - რისკენ მოუწოდებენ ტოქსიკოლოგები მოსახლეობას?!

ბოლო დღეებში საქართველოში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად არაერთი ადამიანი აღმოჩნდა კლინიკაში. მოწამვლის შემთხვევები იყო ზესტაფონში, საჩხერეში, ჭიათურაში, სვანეთში, რაჭაში, შიდა ქართლსა და კახეთში. კახეთში გასულ კვირას სოკოთი მოწამვლით 60 წლის ქალი გარდაიცვალა. მისი მეუღლეც მძიმე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სოკოს ინტოქსიკაციით 20-მდე მოქალაქე მოხვდა, იმერეთში კი 30-ზე მეტი. განსაკუთრებით მძიმე იყო ზესტაფონში, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა, თუმცა ექიმებმა მათი გამოჯანმრთელება შეძლეს. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ არ მოიხმარონ ტყეში დაკრეფილი სოკო! "საკვებად ვარგისი სოკოს გვერდით­ იზ­რდება მისი შხამიანი ორეული, რომლებიც ძნელად გასარჩევია და მძიმე ინტოქსიკაციას იწვევს, რაც გამოიხატება კიდურების კანკალით, თავბრუსხვევით, ღებინებით, შეიძლება დიარეითაც, მერე კი მას მოსდევს გონების დაკარგვა და შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს", - ამბობს ექიმი.

ოთარ დიხამინჯია, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაუდებელი სამსახურის­ ხელმძღვანელი, ექიმ-ტოქსიკოლოგი:

- სამწუხაროდ, კახეთში 60 წლის ქალი გარდაიცვალა ტყეში შეგროვებული სოკოს გამო. ცოლ-ქმარს სიმპტომები­ სოკოს ჭამიდან 12 საათის შემდეგ გამოუვლინდათ, რაც დამახასიათებელია თეთრი შხამა სოკოსთვის. მასში ძალიან საშიში, ღვიძლზე მოქმედი ტოქსინია, რომელიც მოქმედებას მიღებიდან რვა საათის შემდეგ იწყებს. მსოფლიოში ამ ტოქსინით მოწამვლის 85%-ზე მეტი ლეტალურად მთავრდება. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტყეში დაკრეფილი სოკო სახიფათოა.

დასავლეთ საქართველოშიც ბევრი შემთხვევა იყო, შემდეგ გადაინაცვლა აღმოსავლეთში, კახეთში ჯგუფური ინტოქსიკაციების შემთხვევა უფრო ხშირია. ინტოქსიკაცია ყველაზე რთულად ხანდაზმულ პაციენტებში მიდიოდა. ეს მოწყვლადი ჯგუფია, ბევრს ქრონიკული დაავადება აქვთ და მათი სასიცოცხლო რესურსი შედარებით შემცირებულია. საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა.

- რა სიმპტომები ჰქონდა ცოლ-ქმარს?

- თავიდან აბსოლუტურად კონტაქტურები იყვნენ, უბრალოდ, ჰქონდათ გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, რომელიც გამოეხატათ სოკოს ჭამიდან დაახლოებით 12 საათში, მათ თავად დარეკეს სასწრაფო დახმარებაში. როდესაც ვნახეთ მათი ლაბორატორიული ანალიზები, თავიდანვე მივიტანეთ ეჭვი, რომ საქმე გვქონდა ე.წ. ჰეპატოტოქსიკურობასთან.

ზესტაფონში ერთი ოჯახიდან კლინი­კაში ხუთი წევრი მოხვდა, მეორე დღეს სხვა ოჯახის რამდენიმე წევრი. ყველას აღენი­შნებოდა ჰალუცი­ნაციები, აღგზნება, ცნობიერების გაუარესება.

კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, თავი შეიკავონთ ტყეში დაკრეფილი სოკოს მოხმარებისგან. უმჯობესია ვიყიდოთ სათბურში მოყვანილი სოკო, რომელსაც გავლილი აქვს სურსათის უვნებლობის სააგენტოს შემოწმება.

ზესტაფონში მომხდარ შემთხვევებზე კლინიკა "ფერომედის" ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი თამარ მახათაძე საუბრობს:

- სოკოები, რითაც ეს ადამიანები მოიწამლნენ, ძირითადად, მოპოვებულია ზესტაფონის მიმდებარე სოფლებში. არის ოჯახური მოწამვლის შემთხვევაც. ერთი ოჯახი ამბობს, რომ სხვადასხვა სახეობის სოკო რაჭიდან ჩამოიტანა. როცა რამდენიმე სოკო ერთად კეთდება, ძნელია განსაზღვრო, რომელი იყო ნამდვილი სოკოს ორეული. ყველა პაციენტს ჰქონდა გაორება, ჰალუცინაციები, კუნთების კანკალი და რამდენიმე მათგანს ცნობიერების დაკარგვაც... კლინიკაში გვყავდა ბავშვებიც, საბედნიეროდ, მსუბუქი მოწამვლით. მათი დედა ჭამიდან ნახევარ საათში ცუდად გახდა და 112-ში დარეკვა მოასწრო, "სასწრაფომ" ჩვენამდე რომ მოიყვანა, უკვე გონება დაკარგული ჰქონდა მასაც და მის მეუღლესაც. მძიმედ იყო მათი მეზობელიც, რომელმაც მათთან ერთად შეჭამა სოკო. ასეთ დროს გადამწყვეტია 48 საათი, რომ არ წავიდეს ღვიძლის, თირკმლისა და სხვა ორგანოების უკმარისობა, ამიტომ ყველას უნდა ახსოვდეს, როგორც კი იგრძნობთ თავს ცუდად, უნდა დარეკოთ 112-ში.

თეა ხურცილავა