ნიკოლა „პარიჟსკი“ ანუ როგორ ჩავჯდეთ ციხეში კულტურულად - კვირის პალიტრა

ნიკოლა „პარიჟსკი“ ანუ როგორ ჩავჯდეთ ციხეში კულტურულად

21 ოქტომბერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გაემგზავრა ციხეში, სადაც სასჯელს მოიხდის. 70 წლის სარკოზი ერთი თვის წინ პარიზის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებასა და 2007 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში. ბრალდების მხარის ვერსიით, სარკოზიმ ნება დართო თანაშემწეებს დაჰკავშირებოდნენ ლიბიის მმართველ მუამარ კადაფის, რათა მისგან საარჩევნო კამპანიისთვის ფული მიეღო. სამაგიეროდ, სარკოზი კადაფის დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენაში დახმარებას ჰპირდებოდა.

გამოძიების ვერსიით, კადაფი დათანხმდა საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტის საარჩევნო ფონდში 50 მილიონი ევროს გადარიცხვას. სხვათა შორის, საფრანგეთის სასამართლომ ვერ დაადგინა, სარკოზიმ საარჩევნო კამპანიისთვის უშუალოდ ეს ფული გამოიყენა თუ არა. თუმცა საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, კორუფციული სქემა დანაშაულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფული არ არის გადახდილი. ასევე, სარკოზი 100.000 ევროთი დააჯარიმეს. ციხეში ჩასვეს მისი ორი თანაშემწეც - ერთს ექვსი წელი მიუსაჯეს, მეორეს - ორი.

თავად ყოფილმა პრეზიდენტმა არაფერიც არ აღიარა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მტრების, მათ შორის კადაფის კლანის ხრიკებია. მისი თქმით, ეს შურისძიებაა - 2001 წელს, "არაბული­ გაზაფხულის" დროს, სარკოზი იყო ერთ-ერთი­ პირველი დასავლელი ლიდერი, რომელმაც კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას დაუჭირა მხარი. ამ მოვლენების შედეგად მეამბოხეებმა ლიბიის ლიდერი მოკლეს, ქვეყანა კი სამოქალაქო ომში ჩაიძირა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სარკოზის ერთი თვე მისცეს პირადი საქმეების მოწესრიგებისთვის. 21 ოქტომბერს, დილით, ის სახლიდან თავის მეუღლესთან, კარლა ბრუნისთან ერთად ხელიხელჩაკიდებული გამოვიდა, ჩაჯდა მანქანაში და სანტეში გაემგზავრა - პარიზის­ ერთადერთ ციხეში. სანტე მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა და საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გადავსებული ციხეა. სხვადასხვა დროს მისი ბინადრები იყვნენ პოეტი გიიომ აპოლინერი, ოფიცერი ალფრედ დრეიფუსი, მწერალი ჟან ჟენე, მსახიობი სამი ნასერი, ალჟირის მომავალი პირველი პრეზიდენტი აჰმედ ბენ ბელა და პანამის ყოფილი დიქტატორი მანუელ ნორიეგა. თუმცა სარკოზი სანტეს ყველაზე "ვიპ-ბინადარია" - ის ევროკავშირის ქვეყნების პირველი ლიდერი და საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც ციხეში მოხვდა. ამავე ციხის ბინადარი იყო მარშალ ფილიპ პეტენი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა.

სარკოზის სტატუსიდან გამომდინარე, მის მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იმოქმედებს. ის ცხრა კვად­რატულმეტრიან სამარტოო საკანში იქნება - იქ არის საწოლი, პატარა მაგიდა, უნიტაზი, შხაპი და ელექტროღუმელი. მას ციხის საკვები ეკუთვნის, თუმცა შეუძლია სანტეს სასადილოში პროდუქტების შეძენა და საჭმლის თავად მომზადება­ ("პერედაჩები" აკრძალულია). მას ასევე შეუძლია იქირაოს მაცივარი (7,5 ევრო თვეში) და ტელევიზორი (14 ევრო თვეში), საკანში აქვს ტელეფონიც და მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ნომრებზე აქვს დარეკვის უფლება. ასეთივე ტელეფონები აქვთ სანტეს სხვა ბინადრებსაც, მაგრამ ზარის სიძ­ვირის გამო ბევრი ვერ ახერხებს სარგებლობას - 20-წუთიანი­ საუბარი 110 ევრო ღირს. სარკოზის, ისე როგორც სხვა მსჯავრდადებულებს,­ კვირაში სამჯერ პაემანი და ყოველდღიური სეირნობა ეკუთვნის. ასევე შეუძლია ისარგებლოს სავარჯიშო დარბაზითა და ბიბლიოთეკით. თუმცა სარკოზი აბსოლუტურად იზოლირებულია სხვა მსჯავრდადებულებისგან - საკნის გარეთ მუდმივად თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ისეირნებს, სხვა პატიმრებმა ის საკუთარი საკნების ფანჯრებიდანაც კი არ უნდა დაინახონ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ სარკოზიმ ბულონის ტყეში თავისი გარემოცვის წევრებისთვის გამოსამშვიდობებელი საღამო გამართა. მას ესწრებოდნენ­ როგორც ყოფილი, ისე მოქმედი მაღალჩინოსნები. მაგალითად, საღამოზე იყვნენ საფრანგეთის კულტურის მინისტრი რაშიდ დათი (სარკოზის დროს იუსტიციის მინისტრი იყო) და ელისეს სასახლის გენერალური მდივანი ემანუელ მულენი (სარკოზის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში). სარკოზიმ სიტყვაც წარმოთქვა. "ჩემი ისტორიის დასასრული ჯერ არ დაწერილა. ძალიან გთხოვთ, ნუ შემიცოდებთ, წუწუნს ვერ ვიტან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აღშფოთდეთ", - მიმართა სარკოზიმ თავის გარემოცვის წევრებს.

17 ოქტომბერს სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია.­ მისი თქმით, "ადამიანური თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ ის თავის წინამო­რბედს შეხვდა". როგორც საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა თქვა, ყოფილი პრეზიდენტის განაჩენი მისთვის სამწუხაროა და აღნიშნა, სარკოზის ციხეში მოვინახულებ და შევამოწმებ, რა პირობებში იხდის სასჯელსო. ამან აღაშფოთა მოსამართლეებისა­ და პროკურორების პროფკავშირი, რომელთაც მოუწოდეს დარმანენს, ერთმანეთისგან გამიჯნოს სახელმწიფო სამსახური და მეგობრობა. სარკოზის მხარდაჭერა­ გამოუცხადეს მარინ ლე პენმა და სხვა მემარჯვენეებმა, რომელთა მფარველადაც ყოფილი პრეზიდენტი ითვლებოდა. კერძო­ ბიზნესიც არ აპირებს მასთან კონტაქტების გაწყვეტას (პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ სარკოზი სხვადასხვა კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო).

5853f3f4cd3a180c075761b6-1761512383.jpg

სარკოზიმ განაცხადა, რომ ციხეში რომან "გრაფ მონტე-კრისტოსა" და იესო ქრისტეს ბიოგრაფიის წაკითხვას აპირებს - ალბათ, ამით განაჩენის უსამართლობაზე მიანიშნა. ის მემუარების დაწერასაც აპირებს. თუმცა სარკოზის ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და იმედი აქვთ, რომ ორ-სამ კვირაში ყოფილი პრეზიდენტი უკვე გარეთ იქნება.

სარკოზი და საქართველო

ნიკოლა სარკოზიმ ერთხელ უკვე დაწერა მემუარები. 500-გვერდიან წიგნში 13 გვერდი 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომს და მის როლს ეხება­. განსაკუთრებით საინტერესოა ეს ეპიზოდი:

"ვლადიმირ პუტინი] შემოსვლისთანავე­ მომესალმა და მითხრა: "კბილის ექიმისგან მოვდივარ, საშინლად მტკივა კბილი და ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ". სადილი ცუდად დაიწყო. პუტინი განრისხებული იყო. თხუთმეტი წუთის განმავლობაში სიტყვაც კი არავის ჩააგდებინა­ საუბრისას. საქმე ეხებოდა ძალადობრივ ბრალდებას­ სააკაშვილის, მისი მეთოდების,­ მისი პოლიტიკის,­ მისი პერსონის წინააღმდეგ. პუტინი იმდენად იყო წყობიდან გამოსული, რომ ქართველი­ პრეზიდენტის­ სახელის წარმოთქმისას პირჯვარსაც­ კი იწერდა. ბოლოს, არც მეტი, არც ნაკ­ლები,­ ისიც კი მითხრა: "არ შეიძლება [სააკაშვილი­] დარჩეს ყველა­ იმ დანაშაულის­ გამო, რაც მან ჩაიდინა"...

სიმშვიდით დიდად არ გამოვირჩევი და ბრაზი მაწვებოდა. მთელი ამ ტირადის­ განმავლობაში მედვედევს სიტყვაც არ დაუძრავს. ძლივს შევაწყვეტინე­ ჩემს თანა­მოსა­უბრეს და ფაქტობრივად ავფეთქდი: "დღეს 11 აგვისტოა და "შავი კონცხი" ([ადგილი­ საფრანგეთში, სადაც, რომ არა აგვისტოს ომის მოვლენები, სარკოზის უქმე დღეები უნდა გაეტარებინა ცოლთან ერთად)] იმისთვის არ დამიტოვებია, რომ ავიტანო გაეროს წევრი ქვეყნის პრეზიდენტის ლანძღვა და მუქარა. მე აქ კეთილი­ ნებით მოვედი, რათა დაგეხმაროთ, გამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან, საიდანაც მხოლოდ წაგებულები გამოდიან და პირველ რიგში - შენ. არაფრის გაგება არ გსურს. ყელში­ მაქვს, მივდივარ[!..] "კი, მაგრამ სად მიდიხარ?!" - შეწუხებული ხმით მომაძახა პუტინმა. "აქ აღარაფერი მესაქმება. სიტყვასაც კი არ მათქმევინებ და არაფრის გაგონება არ გსურს. შესაბამისად, წავალ, პრესას ვაცნობებ, რომ დავმარცხდი"...

პუტინი ადგა და ამჯერად უფრო თავა­ზიანად მთხოვა დავრჩენილიყავი­ და გაგვეგრძელებინა საუბარი, რაზეც­ მივანი­შნე, რომ ჩემთვის ის არც კი დაწყებულა. დავბრუნდი მაგიდასთან. შეიძლება ითქვას, მომეშვა, ეს რომ შევძელი.

პუტინმა გააგრძელა: "ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. როდესაც ბუში სადამ ჰუსე­ინს ახრჩობს, ეს შენში პროტესტს არ იწვევს, მაგრამ როდესაც მე გთავაზობ, რომ სააკაშვილი უნდა გავაგდოთ, მიდიხარ. რატომ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება?" ვუპასუხე: "მაშ, ეს არის შენი ცხოვრების ოცნება, რომ ის დაასრულო ისე, როგორც ბუშმა, რომელიც სძულს პლანეტის ორ მესამედს?! არ მეგონა, თუ ეს იყო შენი ცხოვრების მიზანი". პუტინმა გადაიხარხარა და გულწრფელად მიპასუხა: "ახლა ნამდვილად ერთით ნოლი მომიგე". როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, შევძელით და დავიწყეთ მშვიდად საუბარი. კბილის საშინელმა ტკივილმა გაუარა, ყოველ შემთხვევაში, ჩანდა, რომ­ აღარ აწუხებდა", - წერს სარკოზი.

ისე, 2008 წელს პუტინმა თბილისი­ რომ არ აიღო, ნიკოლა სარკოზის უმნიშვ­­ნელ­ოვა­ნესი წვლილი მიუძღვის და ქართველე­ბისგან დიდი მადლობა ნამდვილად ეკუთვნის.

გიორგი კვიტაშვილი