"არ მინდა ვინმეს ვენანებოდე. მაშინ სირცხვილ-ნამუსი მაინც იყო, ფიქრობდა ადამიანი, ახლა? იმით ვადგები ჩემ სოფელს, მე რო ვარ, მკვდარი არაა" - კვირის პალიტრა

"არ მინდა ვინმეს ვენანებოდე. მაშინ სირცხვილ-ნამუსი მაინც იყო, ფიქრობდა ადამიანი, ახლა? იმით ვადგები ჩემ სოფელს, მე რო ვარ, მკვდარი არაა"

სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, სნოს წყლის ხეობის პატარა სოფელ ქოსელის ერთადერთი მკვიდრი ვახტანგ ფიცხელაური "ერთია და ბოლო კაცი სოფელჩი". მთის ფერდობზე შეფენილ ჭაჭის ქვით ნაშენ ყველა ნასახლარს თავისი ამბავი აქვს მოსაყოლი და დღემდე თუ მათ რაღაც ახალისებს, ვახტანგი პაპაა, რომელიც 25 წელია სოფელს სიკვდილის უფლებას არ აძლევს.

"აქ ყველაფერი ჩემია და ჩემით ცოცხლობს, ქოსელთაი ჩემია... მამა ამბობდა, მე ის მედარდება, ვინც აქ ბოლოს დარჩება და აემას დაინახავს, ჩემ სოფელს სხვები დაეპატრონებიანო. თურმე ის ბოლო მე ვიყავ... ეს ნათქომი ხშირად მახსენდება, გონებაში ჩამრჩა და ტირილი მინდება ხოლმე... გული მტკივა, როცა ვუყურებ, რომ სოფელი ინგრევა და ნასოფლარი რჩება, რა ხასიათზე ვიქნები, როგორ არ მეტკინოს? იმით ვადგები ჩემ სოფელს, რომ მე რო ვარ, მკვდარი არაა. მე ის კი არ მანერვიულებს, რაიც დღეს არი, ხვალ რა იქნება, ის მადარდებს, ხვალ ამაზე უარესი არ იყოს"...

აღმოჩნდა, რომ ჩვენი საუბარი ჩემი მოხევეს დაბადების დღეს დაემთხვა...

"არ მინდა ვინმეს ვენანებოდე"

- დღეს 85 შავასრულე... არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, აღნიშვნა, ცერემონიები... მარტოკაი ვარ, რა გითხრათ, ვარ და ვცუცუნებ ჩემთვის, ჩემ თავს ხომ მაინც უნდა მოვუარო, საჭმელ-სასმელი და ყველაფერი მჭირდება. მარტო დავრჩი ქოსელთას, მთლად მარტო... მარტოობა არ არის ჩემთვის გაჭირვება, არ მინდა ვინმეს ვენანებოდე, ეგ შეურაცხყოფაა ჩემთვის. არც ვის არ უნდა სოფელი, აქ რო დაბრუნდეს ახალგაზრდობა, რაი უნდა გააკეთოს, გასაქანი არაა. აქ საჭმელი რომ მოიტანო და სახლი ააშენო, ყველაფერი ზურგით უნდა ზიდო, არ არის პირობები, მით უმეტეს, დღევანდელ დღესა. ჩემი წინაპარი აქ მავიდა და ჩემით წყდება ამ სოფლის სიცოცხლე... ღმერთი მწამ და ის მარჩენს...

25 წელია წამასული ვარ ქოსელთას, მანამდე ვლადიკავკაზში ვცხოვრობდი. კარგა მახსოვს ის მომენტი, როცა 32 კომლი ვიყავით ზაფხულისა. ქოსელთა ერთი გვარის სოფელია, როგორც ლეგენდა მოდის, ერთი პაპაის შვილები ვართ. ქოსელში დავიბადე 40 წლის შემოდგომაზე, აქ 16 წელი გავატარე, მერე ზემო ლარსში ვცხოვრობდი, მაშინ ის საქართველო იყო... მერე იქიდან ვლადიკავკაზში გადაველით და 60 წლისა ვიყავ, ისევ ქოსელთაში რო დავბრუნდი. 25 წელია აქა ვარ, მარტოკაცი ვარ სოფელჩი. როცა მოვედი, ჩემი ბიძაშვილი და რძალი დამხვდა, ჩემი ძმაც აქ იყო, ორივე დემეხოცა. რაი იქნება და რით დავამთავრებ, არც ეგ ვიცი...

"ერთ დროს ერთ სახლში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა"

- ამ ადგილებში მარტო ფიცხელაურები ცხოვრობდნენ, ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო. ჩვენებს გაღმა სოფელთან ომი ჰქონდათ ფადიაურების გვართან. პატარაი სოფელი იყო...

დაახლოებით 40 წლის წინ, სოფელჩი 32 კომლი იყო. ახლა ყველა ნასახლარს თავისი პატრონი ჰყავს, მარა არავინ აკითხავს... ამას წინათ, ზაფხულში ერთი მოსახლე ამოვიდა მანქანით, 3 დღე დაჰყო, მერე წავიდა და შეიძლება 1 წლის მერე მოვიდას. Mმე ზამთარ-ზაფხულ აქ ვარ, გვერდზე, სახლის ნახევარი ჩემი ბიძაშვილისაა, ესეც დაიკეტა... ეს სახლი პაპასი იყო, სამად გაყოფილი. პაპას 10 შვილი ჰყავდა, ახლა ყველა მიმობნეულია. მჭიდროდ დასახლებულ სოფელში ერთ სახლში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა, არც გასაქანი იყო და არც სადმე წასასვლელი. ცხორი ბოლოს გაჩნდა, თავდაპირველად ძროხები გვყვანდა. ადრე, ფერდობებზე, სულ ქერის და შვრიის ყანები იყო. ყოველ ოჯახს 2 ძროხა მაინც ჰყავდა. ერთიც ხარი უნდა ჰყვანიყო, მოსახნავად, მუშა ხარი. ორ კომლზე ორი ხარი იქნებოდა, ერთი კაცი ორ ხარს ვერ გასწევდა, ვერც იმდენ თივას დაამზადებდი - ხარს ორი ძროხის საკმარი თივა უნდოდა, მსუქანი და ხორციანი უნდა ყოფილიყო, რომ ემუშავნა. აქ ბოლოს 1938-ში დაითესა ყანები. 1939 წელში, ფინეთთან ომის წინა, მოსახლეობამ აღარ დათესა მარცვლეული, ხალხი ურმით მიდიოდეს ვლადიკავკაზში (მაშინ ძაუჯიყაუ ერქვა, მერე - ორჯონიკიძე), იქიდან მოჰქონდას სიმინდი, ხორბალი. ეჰ, რამდენი შრომა იყო საჭირო...

"მაშინ ზემო ლარსი საქართველო იყო, სოფელ ბალთამდე საქართველო იყო"

- მამაჩემი 1943 წლიდან ვლადიკავკაზში მუშაობდა, 1948-ში გადმოვედით ჩემ სოფელჩი. მერე, 1956-ში გადავედით ზემო ლარსსა, ახლა რუსეთის საბაჟო რაიც არის, იცით. მანდ იყო ჭაჭის ქვა, მაგას აფეთქებდნენ და სად მიჰქონდათ, არა ვიცი. ეგ ტერიტორია მაშინ სოფელ ბალთამდე საქართველო იყო. არის ზემო ლარსი, სადაც ახლა რუსების საბაჟოა, მერე არის ქვემო ლარსი, მერე ჩიმი. ეგენი სულ ქართული სოფლები იყო. ჩიმიდან ბალთამდე 7 კმ-ია, თუ არ ვცდები, იქაც ქსნის ხეობიდან გადმოსული ქართველები იყვნეს ჩასახლებული. ახლაც ბევრნი არიან, იმათი შთამომავლობა ცხოვრობს მანდა. სტალინი წავიდა, მოვიდა ხრუშჩოვი და ეს ლარსი ორჯონიკიძის ხელში გადავიდა, ხრუშჩოვმა ოსებს გადაულოცა და მეც ეგრევე მოვხვდი იქით მხარესა. 8 წელი ზემო ლარსს ვიცხოვრე, მერე ვლადიკავკაზში ვიყიდეთ ბინა და იქ გადავსახლდით. საწარმოებში ვიმუშავე, ზაფხულში მოვდიოდით სოფელჩი და ადრე თუ 2 ძროხას ვერ შაინახავდი, 20-25-მდეც ამიყვანია, ზამთარში ნახევარ სოფელზე მეტი ვლადიკავკაზში მივდიოდით, ვკვებავდით საქონელს და გაზაფხულზე ქოსელთას მოვდიოდით. ყიზლარიდან მოდიოდა მწყემსი, ცხორი, ყველი და ერბო კეთდებოდა, შემოდგომაზე ისევ უკან მივდიოდით, ასე ვიცხოვრე 40 წელი...

"ახლა რო უყურებ, ყველა ტყუის, თავადაც იცის, რომ ტყუის, მეც ვიცი, რომ ცრუობს, მაგრამ რაი ვუყო"

- გათენდება თუ არა, ფიქრი და დარდი ტრიალებს თავჩი, 4 საათზე უკვე ზეზე ვარ, რომ გავიღვიძებ და არ ავდგე, ვერ დავისვენებ, ძილი მაინც არა მაქვს. დილას ლოცვით ვიწყებ, მერე თხებს უნდა გამაშვება, პატრონობა. ოთხი თხაიღა მყავ, ყველას თავისი სახელი აქვს, ისინი არიან ჩემი მეგობრები... გუშინ წასული ვიყავ, არ ვიყავ სოფელჩი, ღამე გარეთ დამრჩეს, პატარაი იყო, ეტყობა ტურამ, ან ფოცხვერმა შამიჭამა. დილას მეზობელს დავურეკე გაღმა სოფლიდან, მითხრა, ქოით ძაღლი რაღაცასა სჭამსო, ჩაველ და ჩემი თიკანი შეჭმული დამხვდა, დემენანა... თხებს სამღვდელოებას მივცემ, მამაოებმა მითხრეს, ჩვენთან ჩამაიყვანეო, ზოგს იმათ დავუტოვებ...

"მაშინ სირცხვილ-ნამუსი მაინც იყო, ფიქრობდა ადამიანი, ახლა?"

- ახლა ჩვენთან არჩევნებს რომ ატარებენ, რატომღაც კომუნისტების დროინდელი არჩევნები მახსენდება - მივიდოდით, ერთი კაცი იყო უკვე დაყენებული, დანიშნული, ჩავაგდებდით იმ ქაღალდსა, ვიქეიფებდით და წამოვიდოდით. ახლაც ასეა, ვინც ამათ უნდათ, იმას ნიშნავენ, ვისაც ძალა აქვს, ის გადის.

კომუნისტების დროს ვერაფერს გააკე­თებდი, მაინც ის გავიდოდა, დღესაც ზუსტად ეგრეა. მაშინ ხალხი ამდენად განათლებული არ იყო. ახლა ამას განათლებასაც ვერ ვუწოდებ, დაბნელებას ჰგავს, დინებით რომ მიჰყვებიან. მაშინ სირცხვილ-ნამუსი მაინც იყო, ფიქრობდა ადამიანი, ახლა? ახლა რო უყურებ, ყველა ტყუის, თავადაც იცის, რომ ტყუის, მეც ვიცი, რომ ცრუობს, მაგრამ რაი ვუყო...

არ მამწონს დღევანდელი ცხოვრება. ძალიან შორს წაველ, მაგრამ სსრკ რომ დაიშალა, სხვა წყობაზე გადავედით, ვითომ დღეს რომ გვგონია - კაპიტალისტურზე.

მაშინ სპეკულიანტები რომ იყვნენ, დღეს იმათ ბიზნესმენები და საქმიანი ხალხი ჰქვიათ. ადრე სპეკულიანტობა სირცხვილი იყო, ასე ითვლებოდა, რომ მუშაობა გეზარებოდა და იყიდე-გაყიდე იყავი. მუშაკაცმა თუ არ იმუშავას, ის რას იყიდის? მუშა, გლეხი თუ არ მოატყუე და მისგან იაფად არ იყიდე, ძვირად როგორ გაჰყიდი, არა? დღეს იმაზეა აგებული ცხოვრება, ვინ ვის მოატყუებს, სულ ტყუილში გვაცხოვრებენ...

მამაჩემი ოჯახში მეათე შვილი იყო და იმან იცოდა მარტო წერა-კითხვა, 1912 წელში იყო დაბადებული. რო დაჯდებოდას და საუბრობდეს, უფროსთან ახლოს ვერ მიხვიდოდი, ჩვენც შორიახლოს ვჯდებოდით, იმდენად პატივსაცემები იყვნენ, ვერც სიტყვას იტყოდი, ვერ შეერთდებოდი იმათთან საუბარში. 2-3 კაცი რომ შაიკრიბება, ამას ჩვენ ერობას ვეძახით. სოფლის კაცები საღამოს, ან კვირა დღეს რომ შაიკრიბებოდნენ, ათას რამეზე საუბრობდნენ. დღეს კი გამქრალია, მაგრამ მაშინ იმდენად ზღვარ იყო დადებული მოხუცსა და ახალგაზრდას შორის, ახლოს რომ მივსულიყავ და დავმდგარიყავ, მამაჩემი თოლებით მანიშნებდა, შენი ადგილი აქ არ არისო. იმათ თავისი საუბარი ჰქონდათ, რაც ბავშვს არ უნდა გაეგო, ამიტომ პატარების ერობაჩი ყოფნა აკრძალული იყო.

300511285-2114950035373691-3134243412845770505-n-42700-1-1761512711.jpg

"სულ ერთმანეთის გინება ისმის, ერთმანეთს სჭამენ და რაისთვის, ვერ გამიგია"

- ახლა ასეა, ხელმოწერა ჩემი არაა, იმისია, იმან მაიტყუაო... მაგარი ადვოკატია, ეგ მტყუანს გაამართლებსო, ანუ მტყუანს გაამართლებს და ეს თურმე კაი კაცობაა; მაგარი მოსამართლეა და იმ მტყუანს კარგა გამაიყვანსო, ან უდანაშაულოს გაამტყუვნებსო. ხელმოწერაც იმისია და გადაკეთებაც შაუძლიათ. სად ვართ, გესმით? ჩვენთან კიდე, წერა-კითხვა რომ არ იცოდნენ, ხელზე­ ჭდეს ადებდნენ (იარაღით, დანით დასმული ნიშანი - კვალი, დაღი), ეტყოდნენ, ჭდე დადე და იმაზე დაიფიცეო. კაცი ჭდეზე დაიფიცებდა ხოლმე, ეს მისი ხელმოწერა იყო და იმას არ უღალატებდა...

ახლა ხელს მააწერენ სიბინძურეზე და იტყვიან, ჩემი მოწერილი არააო, იტყვის და ტყუილის არ რცხვენია, შენ რო სიმართლეს ამბობ, შენსასაც ვერ გებულობენ. ახლა სადა ვართ? მეზარება ტელევიზორის ყურება, სულ ტყუილი და ერთმანეთის გინება ისმის, ერთმანეთს სჭამენ და რაისთვის, ვერ გამიგია...

ადრე იყო, ადამიანმა სირცხვილი იცოდა, ახლა არავის არაფრის რცხვენია. რაი უნდა გვეშველოს? საზღვარგარეთ და ჩვენთან, საქართველოში კაპიტალიზმი როა, მათ შორის ძაან დიდი სხვაობაა. იმათი წყობა კულტურაზე, შეგნებაზე და ადამიანურობაზეა აშენებული, ჩვენთან - ძალაზე. სადაც გინდა იყოს, გარჩევა რომ მიდის,

მთავრობის ხალხს რომ ვუსმენ, იგეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქუჩის ბიჭები არიან ქუჩური საუბარი და გარჩევა მიდის, ვინ ტყუის, ვინ მართალია, საერთოდ არ აინტერესებთ...

300336419-440467648038884-2397454791214002539-n-42689-1761512712.jpg

"ბევრი აღარ დარჩა, სახლები მთლად ნანგრევებად იქცევა"...

- ქოსელში სულ ორსართულიანი­ სახლებია. პირველ სართულზე იყო ქოითაი­, ანუ ბოსელი, მეორე სართულზე­ ცხოვრობდა ხალხი. სახლის უკანა კედელი­ სულ მიწაჩია, სახლები ჭაჭის ქვითაა აშენებული, ამას რომ ქარი და სისველე სცემს, ნება-ნება დაიწია, საძირე არაა, კლდეა. მაგ კლდეზე მიწაც ურევია და ზამთარჩი რო სველდება, აიწევს, გაიყინება, გაზაფხულზე დაიწევს და ამასობაჩი კედლები დაიხარა. რო არც რა ურევია, იმას მშრალ კედელს ვუძახით. ადრე კედელს გულს უტენიდეს მიწითა, რომ ჰაერი არ გასულიყო და სითბო ჰქონოდა, სად იყო ადრე კირი?

სახლების კედლები იშლება, წყალს მიაქვს, ბევრი აღარ დარჩა, მთლად ნანგრევებად იქცევა. რაც აქაა საჭირო, ამდენს ვერავინ იწვალებს, ძაან ძნელია - ჯერ ერთი, რაც გაქ, ის სულ უნდა დაშალა, უკან კედლები მთლიანად მიწაჩია, თან ისე კი არაა, დღეს რომ აკეთებენ არმატურაითა და დუღაბითა, უბრალოდ, მშრალი კედელია, იქიდან ახლა გამოდის სისველე. სველი კედლები ზამთარში იყინება და გამაიბერა, იშლება. ზოგი სახლი ფეხზე დგას, მაგრამ უკანაი კედელი აღარ არი...

"რაიც ადამიანს თავისად მიაჩნია, იმის დათმობა ძაან უჭირს"

- ცოლ-შვილი არც როდის მყოლია... 32 წლისა ვიყავ, ძმა რომ დამეღუპა და იმის გვერდით არის ჩემი საფლავი, მოპირდაპირე სოფელში, ეკლესიასთან. ჩემი საფლავი გაკეთებული მაქვს, გადახურულია, მესამეს ადგილი იქ არ არი. ძმა საბანაოდ წავიყვანე და დამეხრჩო, მკვდარი მოვიტანე, წყალი არ უყლაპია, არ ვიცი, რაი დაემართა, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ეს ჩემი ტკივილია...

შარშან გავთიბე, წელს ვეღარ შავძელ, მთის ფერდობებზე უნდა თიბო, დამრეცია და ძნელი...

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არავისთვის არაფერი მითხოვია, თხოვა მეზარება. არც ვინ იცის, რაი მჭირდება. არის ხალხი, რაიონში ჩადის, წუწუნებენ, აი, დამეხმარეთო, ეს მჭირდება, ის მინდაო... მე მაგას ვერასდროს გავაკეთებ.­ დღეობაზე და ახალ წელს თუ მომინახულებს ვინმე. ამ ზამთარსაც აქ ვიქნები. გაჭირვება ის არი, ადამიანი რაღაცით რო­ წუხდება და ეს ჩემთვის შეწუხება არ არი. როგორ გითხრათ, საჭმლის გაკეთება­ არ მეზარება, პურსაც შინ ვაცხობ, აქედან­ პური სამ კილომეტრზეა და იქ ხო არ ვივლი საყიდლად. დანარჩენი, რაც მჭირდება მცნობენ, დაურეკ ტელეფონზე, ფულს გავატან მძღოლს და მარშრუტკას გამაატანენ, დავხვდები და ამამიტანენ სოფლამდე.

ნათესავები მყავს, მაგრამ ვერსად წავალ, არ შემიძლია. ქოსელთა ჩემთვის რა არის? ძაან მოკლედ რომ გითხრა, ქოსელთაი ჩემია. რაიც ადამიანს თავისად მიაჩნია, იმის დათმობა ძაან უჭირს. მე რო აქ არ ვიყო, მეზობელი სოფლის ძროხები სულ გადაანგრევდნენ აქაობას, ახლა ვერ შემოდიან, მე რომ არ ვიქნები, დაიწყებენ სიარულს, გაპარტახდება ყველაფერი... დღევანდელ დღეს ჩემი სოფელი არაა გამოსაყენებელი. მაშინ, როცა აქ პირველი მოსახლე დასახლდა, პურიც თავად უნდა მაეყვანა, სახნავიც ჰქონდა, ოღონდ ზედ მთაზე, ბოსტანი აქ არ იყო, ბაღი და ხეები...

"ხვალ რა იქნება, ის მადარდებს"

- როგორ მენანება, სოფელი თანდათან რომ ინგრევა, ვერც ვერასა ვშველი...

ეს არის ჩემი სამშობლო, აქ წინაპრების სულები მიმოდიან, სხვაგან ვერსად ვიცხოვრებ, ამის იქით ვერსად წავალ. ჩემმა დამ თბილისში იყიდა სახლი, მარტო ერთხელ ჩაველ, ვერ გავჩერდი, ვერც ერთი წუთი ვერ დავიძინე... ვუთხარ, არა, ჩემო დაო, აქ ვერ გავჩერდები, ამ საპატიმროში, აქ ცხოვრება როგორ შაიძლება-მეთქი და წამოველ, აქ მინდა სიცოცხლე და სიკვდილიც.

12-14 წლისა ვიქნებოდი, შორ ვიდექ, გავიგონე, მამა ამბობდა, მე ის მედარდება, ვინც ბოლოს დარჩება და აემას დაინახავს, ჩემი სოფელი რომ სხვებს დარჩება, სხვები დაეპატრონებიანო. თურმე ის ბოლო მე ვიყავ... ეს ნათქომი ხშირად მახსენდება, გონებაში ჩამრჩა და ტირილი მინდება ხოლმე...

გული მტკივა, როცა ვუყურებ, რომ სოფელი ინგრევა და ნასოფლარი რჩება, რა ხასიათზე ვიქნები, როგორ არ მეტკინოს? იმით ვადგები ჩემ სოფელს, რომ მე რო ვარ, მკვდარი არაა. მე ის კი არ მანერვიულებს, რაიც დღეს არი, ხვალ რა იქნება ის მადარდებს, ხვალ ამაზე უარესი არ იყოს...