„დღეს სამყაროს განსაკუთრებით სჭირდება კეთილი ადამიანები“
"ღმერთი ყოველთვის იმას მაძლევს, რასაც ვიმსახურებ. მე ის თაობა ვარ, საზოგადოებრივ აზრს რომ ითვალისწინებს. კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ვცხოვრობ საზოგადოებაში, ამიტომ სურვილების კონტროლი მიწევს ხოლმე", - ამბობს რეჟისორი გოჩა კაპანაძე.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ექიმი, უდიდესი სურვილი მქონდა (და მაქვს) დავხმარებოდი ადამიანებს. მერე უკვე თეატრმა გამიტაცა.
- ჩემზე ამბობენ...
- უხასიათო და მკაცრიაო. თავად ვთვლი, რომ ასეთი არა ვარ.
- როგორი ხართ?
- მაქსიმალისტი ვარ. ყველაზე მეტს საკუთარი თავისგან მოვითხოვ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ალბათ, ბევრ რამეს შევცვლიდი, მათ შორის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს...
- ჩემი პირველი წარმატება...
- დაკავშირებულია თეატრალურ უნივერსიტეტთან.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ჩემს ძვირფას პედაგოგებს: გიზო ჟორდანიას, ნანა კვასხვაძეს, ბაბულია ნიკოლაიშვილს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- სამყაროს ჩემებურად ვუყურებ, ვცდილობ, ყველაფერი დადებითი დავინახო.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- იუმორი, ღიმილი...
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- გარშემო მყოფებს დავეხმარო, მიხარია, რომ ამას ვახერხებ. ადამიანი შეიძლება მცირედითაც კი ძალიან გააბედნიერო.
- თვისება, რომელიც ჩემში მომწონს...
- თვითკრიტიკული ვარ. ეს ბევრ რამეში მეხმარება, თუმცა კრიტიკული არა მხოლოდ საკუთარი თავის, სხვების მიმართაც ვარ და ამის გამო ზოგჯერ ურთიერთობები მეძაბება.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ფიცხი ვარ, დროთა განმავლობაში, ამ მიმართულებით კი "ვსწორდები", მაგრამ ხანდახან აფეთქებები მაინც მაქვს - როცა ვიღაც მატუებს, არაპროფესიონალია და თავს პროფესიონალად ასაღებს...
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ბევრი რამ, მაგრამ სასწავლი კიდევ ბევრი მაქვს. მტკივნეული შეცდომებიც დამიშვია, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ...
- პატიება შემიძლია თუ...
- გავაანალიზებ, რომ უნდა ვაპატიო. ბევრჯერ მიპატიებია. სამაგიეროს გადახდის სურვილი არასდროს მქონია, ბოღმა გულში არასდროს შემინახავს.
- ვიბნევი...
- ნიჭიერების წინაშე.
- ვნანობ...
- დედას რომ ბევრი დრო ვერ დავუთმე.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- კეთილი ჯადოქარი, მეზღაპრე. სამყაროს შევცვლიდი, გავალამაზებდი, ბავშვებს კეთილ გარემოში ვაცხოვრებდი. სამყარო ძალიან სასტიკი გახდა, გამკაცრდა, დღეს განსაკუთრებით სჭირდება კეთილი ადამიანები. ნახეთ, მსოფლიოში რამდენი ომია...
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ჩემი სურვილების ხმამაღლა თქმა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის იმას მაძლევს, რასაც ვიმსახურებ. მე ის თაობა ვარ, საზოგადოებრივ აზრს რომ ითვალისწინებს. კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ვცხოვრობ საზოგადოებაში, ამიტომ მიწევს ხოლმე სურვილების კონტროლი.
- "რას იტყვის ხალხი" მნიშვნელოვანია?
- მე ასე გავიზარდე. ოჯახი, მეგობრები, კოლეგები საზოგადოების ნაწილი ხომ არიან? ცხოვრებაში არის მომენტები, როცა გარემოს ანგარიში უნდა გაუწიო.
- მეზარება...
- პერანგის გაუთოება.
- სიყვარული ეს...
- კოსმოსია, თავდავიწყებაა, ეს არის მდგომარეობა, როცა შენი თავი შენ არ გეკუთვნის. სამყაროს შეყვარებულის თვალით უყურებ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- 7 წლის ვიყავი, ყველაფერი იისფერი მეჩვენებოდა, ვღიღინებდი და დღემდე ვღიღინებ. სულ შეყვარებული ვარ, სხვაგვარად არ გამოდის. ბებია ამბობდა, ადამიანი ყველა სისტემაში შეიძლება იყო თავისუფალი, მთავარია შენ იყო შინაგანად თავისუფალიო. ამ შემთხვევაში მე დავამატებ, მთავარია, შენ იყო შეყვარებული.
- მაკვირვებს...
- ადამიანების უხეშობა, ბოროტება, გაუტანლობა, რასაც გარკვეულწილად ინტელექტის ნაკლებობაც განაპირობებს.
- ჩემთვის ამოუხსნელია...
- როგორ შეიძლება ადამიანმა ადამიანი მოკლას?! ყველაფერი შეიძლება დაუშვა, ქურდობაც, სხვა ცუდი ქცევაც, მაგრამ ადამიანის მოკვლა?!.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- კარგმა ამბავმა, სხვისმა წარმატებამ... ახლახან შოპენის კონკურსზე ძალიან ვგულშემატკივრობდი დავით ხრიკულს, ყოველდღე ველოდი მისი წარმატების ამბავს და კარგ გუნებაზე ვდგებოდი, თუმცა ვფიქრობ, რომ დაუმსახურებლად ვერ გაიმარჯვა. ის ძალიან დიდი მუსიკოსია და მსოფლიოს აუცილებლად აალაპარაკებს.
- ვრისკავ...
- ვრისკავ ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც. იმ ბარიერების გადალახვის დაუოკებელი სურვილი მაქვს, რომელიც წინ მხვდება, ეს საკუთარი თავის გამოცდაა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- წყენას ძალიან ადრე ვივიწყებ. ბევრჯერ მიპატიებია და იგივე ტკივილი ხელმეორედ მოუყენებიათ.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ვწითლდები, ცუდად ვხდები. დედამ ასე გამზარდა - თვითკმაყოფილი არასდროს უნდა იყოო. გაცნობიერებული მაქვს, რომ ხელოვანისთვის აპლოდისმენტები პროფესიის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ზედმეტი ქების მოსმენისას, ხანდახან თვითკრიტიკული შეფასება გიჩლუნგდება და ეს დამღუპველია.
- მეშინია...
- დედასთან შეხვედრის. მგონია, მის პირისპირ რომ დავჯდები, ძალიან ბევრჯერ მომიწევს გაწითლება და მისთვის პატიების თხოვნა. რა ვქნა, ხანდახან იმ ღირებულებებით, რომელიც მე და ჩემს ძმას ჩაგვინერგა, ვერ ვიცხოვრე. ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას, სულ მახსოვს დედა, წარმოვიდგენ, როგორი რეაქცია ექნებოდა. ზოგჯერ კონკრეტული ქმედება იმის გამო არ ჩამიდენია, რომ დედა ამ საქციელს არ მომიწონებდა.
- დღეს დედა თქვენ გვერდით რომ იყოს, რას გეტყოდათ?
- რამდენიმე თვის წინ, როცა რუსთაველის პრემია მომანიჭეს, ჩემს მეგობარს ვუთხარი, დედა გაოგნებული იქნებოდა, მაგრამ ძალიან იმაყებდა-მეთქი. 21 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენ არასდროს დავშორებულვართ, მასთან ძალიან დიდი სულიერი კავშირი მაქვს. ახლაც მგონია, რომ შინ მელოდება.
- ვუფრთხილდები...
- ურთიერთობებს, არ მინდა მეგობრები დავკარგო.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- რომ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვარ. მაგრამ ჩემი ეს ხასიათი მთავრდება სარეპეტიციოში, იმ სივრცის გარეთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. იქ კი ზუსტად ვიცი, რა მინდა. ალღოს აღება ჩემთვისაც და მსახიობებისთვისაც დასაწყისში ცოტათი ძნელია, სულ "ვჭიდაობთ".
- ვიტყუები, როცა...
- არ მინდა ადამიანს სიმართლით ვატკინო.
- თავისუფლება არის...
- შინაგანი მდგომარეობა. "თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა" - აი, ეს წყურვილია თავისუფლება.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ბევრ მეგობარს გავაბედნიერებდი. ახლობლებთან ერთად ბევრს ვიმოგზაურებდი. დავეხმარებოდი ახალგაზრდებს. ახალგაზრდებმა უნდა იარონ ფესტივალებზე, ნახონ მუზეუმები, მსოფლიო შედევრები... ამ ყველაფერში ხელს შევუწყობდი.
- მენატრება...
- ბავშვური სილაღე, ბებია, ჩემი დიდი ოჯახი...
- პროფესიაში ყველაზე დიდ ძალას მაძლევს...
- წინააღმდეგობები, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდები. ჩემი პედაგოგი გიზო ჟორდანია ამბობდა: ყოველდღე უნდა ამტკიცო, რომ შენ ხარ პროფესიონალი, ხარ კარგი რეჟისორი, კარგი მსახიობი. ეს პროფესიული აზარტია, ჩვენ ხომ ყველანი მარათონელები ვართ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- სულ ვმღერი და მუსიკას ვუსმენ, ეს რელაქსაციაა. ფსიქოლოგთან და ფსი\ქიატრთან მქონდა ამ თემაზე ლაპარაკი და მითხრეს, რომ ეს თავდაცვის მექანიზმია, ადამიანს გადაღლის შემდეგ ერთვება...
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- დედა სულ მეუბნებოდა; არასდროს უსურვო ადამიანებს ის, რაც შენ არ გინდა, რომ სხვამ გაგიკეთოს!
- დაბოლოს გეტყვით...
- არ გეგონოთ ანგელოზი ვარ, მე ვარ ადამიანი ჩემი შეცდომებით, ჩემი ტკივილით, ჩემი სიხარულით. მიყვარს ჩემი სამშობლო, მეგობრები, პროფესია...
თამუნა კვინიკაძე