ფეხბურთი ყავარჯნებით - კვირის პალიტრა

ფეხბურთი ყავარჯნებით

„პირველი გუნდი ომის მონაწილეებით იყო დაკომპლექტებული“

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა, ტურნირის სასტარტო შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიაში ჩატარებული C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.

მომდევნო მატჩებში ჩვენი გუნდი ირლანდიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდა. ერთა ლიგის A დივიზიონის საგზური ჯგუფის გამარჯვებულმა ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა.

როგორ ჩამოყალიბდა საქართველოში ამპუტანტ ფეხბურთელთა პირველი გუნდი, ამის შესახებ საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გვალია გვესაუბრება.

3-3-1761513123.jpg

- ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის ჩამოყალიბების იდეა აფხაზეთის ომის შემდეგ გაგვიჩნდა. მაშინ საქართველო ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაში იყო, ისევე როგორც ჩვენ, ომის მონაწილეები, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მეც ასეთ მდგომარეობაში ვიყავი. სოხუმელი ვარ, ომში ნაბრძოლი და რა გასაკვირია, რომ რთული დღეები მქონოდა... მაშინ ამპუტანტთა ფეხბურთი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში­ არსებობდა.­ 1997 წელი იყო, როდესაც ამ მიმართულებით ფიქრი დავიწყეთ. არასამთავრობო­ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე გახლდით,­ "ომის ვეტერანთა და ინვალიდთა დემეტრე თავდადებულის სახელობის კავშირი" ერქვა. "ინვალიდთა სპორტულ ფედერაციას" დავით მაისურაძე ხელმძღვანელობდა. ერთად დავსხედით და გადავწყვიტეთ შეგვექმნა გუნდი. ადამიანური რესურსი იყო, ფინანსური რესურსი კი ინვალიდთა სპორტული ფედერაციიდან წამოვიდოდა. კარდაკარ სიარული დავიწყეთ... 25 შშმ პირი შევიკრიბეთ, ყველანი ომის მონაწილეები ვიყავით. მალე სპორტის სასახლეში პირველი ტურნირიც ჩატარდა, უცხოეთიდან მოწვეული გუნდები ასპარეზობდნენ, ჩვენ 2 გუნდით გამოვდიოდით. შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, რომელიც 1998 წელს ინგლისში გაიმართა. ინგლისში დაარსდა ამპუტანტთა ფეხბურთის მსოფლიო ფედერაცია.

- პირველ შეკრებას როგორ გაიხსენებთ? ბევრს შეიძლება არ სჯეროდა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა, ზოგიერთისთვის ალბათ, უდიდესი სტიმულიც იყო...

- პირველ შეკრებაზე ყველანაირი ემოცია იყო... ინვალიდთა სპორტულმა ფედერაციამ გუდაურში გაგვიშვა. ინტენსიური ვარჯიშები თბილისში დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელეთ, დარბაზში ვვარჯიშობდით. მაშინ ეს დარბაზის სპორტად ითვლებოდა, მაგრამ თანდათან განვითარდა და დღეს უკვე სტადიონებზე გავდივართ, რომლის ზომაც 60/40-ზე მეტრია. ახლანდელი ფეხბურთელები უკვე შშმ პირების მეექვსე ნაკადია. 2008 წლის ომის ტრამვირებული მონაწილეებიც შემოგვიერთდნენ...

ამჟამად 5 გუნდი თამაშობს და ეს გუნდები რეგიონული დაყოფის პრინციპით ჩამოყალიბდა: ბათუმში, ზუგდიდში, ზესტაფონში, შიდა ქართლსა და თბილისში. დაყოფა ჩვენგან დამოუკიდებლად, აქტივობების შესაბამისად მოხდა. ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ვმართავთ შიდა ჩემპიონატს, თასის გათამაშებას. საუკეთესო ფეხბურთელები მიგვყავს ნაკრებში.

4-1-1761513122.jpg

- ახლახან გერმანიის ნაკრებთან წარმატებული შეხვედრა გქონდათ.

- დიახ, 2 წლის წინ C დივიზიონიდან დივიზიონში გადავინაცვლეთ. წლევანდელი ამოცანა მიღწეულის შენაჩუნება იყო და ეს პირველივე მატჩში შევძელით - 3:2 გავიმარჯვეთ. ახლანდელ ნაკრებში მხოლოდ 2 ფეხბურთელია 30 წელს ზემოთ, დანარჩენი ყველა 30 წლამდეა. გერმანიის ნაკრებთან დაძაბული შეხვედრა გვქონდა, ვაგებდით, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ჯერ გათანაბრება, 5 წუთით ადრე კი გამარჯვების გოლის გატანა შევძელით.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ ვერ გავდივართ, მაგრამ მჯერა, რომ ეს დღეც არ არის შორს. ერთა ლიგის გათამაშების მიხედვით ევროპის საუკეთესო 9 გუნდში ვართ. საკვალიფიკაციოდ მაინც ევროპის ჩემპიონატი ითვლება...

ამ ფეხბურთს თამაშობენ ფეხბურთელები ყავარჯნებით, პროთეზის გარეშე. შეიძლება იყოს დაბადებიდან განუვითარებელი (ქვედა კიდურებს შორის სხვაობა 7 სანტიმეტრზე მეტი უნდა იყოს) ფეხის მქონე ადამიანიც. კარში დგას ის, ვისაც ხელზე აქვს პრობლემა, თუმცა ფეხები აქვს.

- რა შეიცვალა ამ ბიჭებისთვის მას შემდეგ, რაც სტადიონზე მოხვდნენ და ბრძოლა საერთო მიზნისთვის დაიწყეს?

- მათ აქ ერთმანეთი იპოვეს, ყველას თავისი ამბავი და ისტორია აქვს. შეიძლება ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის გამო ბავშვობაში თავს დაჩაგრულად გრძნობდა, მაგრამ ამ სპორტში ჩაბმის შემდეგ თვითრეალიზაცია მოახდინეს, რაც პირდაპირ მოქმედებს თვითშეფასებაზე. გრძნობენ, რომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ხშირად ოჯახის დამოკიდებულება­ ასეთი ადამიანებისადმი ლმობიერია, აქ ასე არ არის, აქ გუნდის წევრების მიმართაც­ აქვთ პასუხისმგებლობა, ეს კი მათ განვითა­რებისკენ უბიძგებს. ზოგიერს სკოლაც კი არ დაუმთავრებია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს... ფეხბურთი კარგია, მაგრამ სასურველია, სპორტის პარალელურად სხვა პროფესიებსაც დაეუფლონ. ვცდილობთ, მომავალში მზად იყვნენ იმ საჭიროებებისთვის, რასაც ცხოვრება მოითხოვს.

- ბავშვთა ფეხბურთი არსებობს?

- დიახ, გვყავს 8-დან 17 წლამდე ბავშვთა­ ჯგუფიც, მართალია, კვირაში ერთხელ, მაგრამ მაინც იკრიბებიან თბილისში, ზაფხულობით ვუშვებთ ევროპის ამპუტანტ ბავშვთა ფესტივალზე, ისინიც ამ საფეხბურთო ციკლში ერთვებიან.

- ამპუტანთ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში თქვენც თამაშობდით?

- 1997 წლიდან 2017 წელი ვთამაშობდი ფეხბურთს, ეროვნული ნაკრების წევრიც ვიყავი. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშე, მაგრამ დღეს ასაკის გამო აღარ ვთამაშობ, 56 წლის ვარ.

- ინტერვიუს დასაწყისში თქვით, რომ სოხუმელი ხართ.

- დიახ, სოხუმში დავიბადე და გავიზარდე, რომ არ მებრძოლა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა. ჩემს მიწას მე თუ არ დავვიცავდი, აბა, ვის უნდა დაეცვა?!

1992 წლის დასაწყისში სოხუმის პირველი ბატალიონი რომ ჩამოყალიბდა, იქ ჩავირიცხე... 1993 წლის 16 მარტს სოხუმზე შეტევისას დავიჭერი, ფეხი მაქვს ამპუტირებული. თბილისში გადმომიყვანეს და რეაბილიტაცია გავიარე, შემდეგ ერევანში წავედი, იქ პროთეზი გავიკეთე და ჩამოსვლისთანავე სოხუმში დავბრუნდი.

- პროთეზით ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდით?

- დიახ, საბრძოლო მოქმედებებში ჩავერთე და ისევ დავიჭერი. თანამებრძოლებმა მითხრეს, რა გინდა, მაინცდამაინც აქ უნდა მოკვდეო? აეროპორტამდე მიმაცილეს და გამომაფრინეს. ვერც წარმომიდგენია, სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავი. სოხუმი ჩემი ქალაქია, მზად ვიყავი თავგანწირვისთვის. სადაც ჩემი მეგობრები, ჩემი თანაქალაქელები იყვნენ, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი. ეს გააზრებული გადაწყვეტილება იყო.

- ოჯახის წევრები უვნებლად გამოვიდნენ?

- ჩემი ძმა ბოლო დღემდე იქ იყო, ოჯახმა მის შესახებ დიდხანს არაფერი ვიცოდით. ჩემი მშობლები ეძებდნენ დაჭრილებში, საავადმყოფოებში, გარდაცვლილებშიც... გზად დაგვეწია ტრაგედია, ბიძაჩემი სვანეთში მოკლეს, უღელტეხილზე შემთხვევით გავარდნილ ტყვიას ემსხვერპლა. ბაბუა მეღვინე იყო და გულრიფშში დარჩა, ამბობდა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვარ და ვერავინ ვერაფერს მეტყვისო, მაგრამ... მასთან შინ მივიდნენ, სუფრაზე თავი დაიპატიჟეს, ბაბუა გაუმასპინძლდა, სვეს, ჭამეს, მერე კი სამზადში (დამხმარე ნაგებობა) ჩაცხრილეს...

თამუნა კვინიკაძე