ლუვრის თავხედური გაძარცვა!
კვირა, 19 ოქტომბერი, ლუვრის მუზეუმისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა, რომ არა 4 პირი, ვინც მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო - ლუვრი გაიძარცვა! ქურდების სამიზნე აპოლონის გალერეა და იქ დაცული საიმპერატორო ძვირფასეულობა იყო. ლუვრის გაქურდვა იმდენად დაუჯერებელი ფაქტია, რომ ზოგიერთმა ჰოლივუდური ფილმის სცენარს შეადარა, ბევრს კი ლეგენდარული ფილმი "როგორ მოვიპაროთ მილიონი" გაახსენა, გენიალური მსახიობების ოდრი ჰეპბერნისა და პიტერ ო,ტულის მონაწილეობით. მართლაც როგორც ფილმში, ასევე რეალობაში, მუზეუმის გახსნიდან რამდენიმე წუთში საფრანგეთის საგანძური გაქრა.
"გაიძარცვა ლუვრის აპოლონის გალერეა. უცნობი პირები მუზეუმში სატვირთო მანქანაზე განთავსებული გარე სატვირთო ლიფტის გამოყენებით შევიდნენ. ეს იყო ძალიან გამოცდილი ჯგუფი, რომელიც ძალიან სწრაფად მოქმედებდა", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მძარცველებს სულ შვიდი წუთი დასჭირდათ სამიზნე დარბაზში შესაღწევად და უნიკალური სამკაულების მოსაპარად. მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მძარცველები უცხოელები არიან. ისინი ნიღბებით იყვნენ და დანაშაულის ადგილიდან სკუტერებით მიიმალნენ. გამოძიების თანახმად, ქურდებმა ისარგებლეს ამწით, რომლის მეშვეობითაც ლუვრის საჭირო სართულზე ავიდნენ, ფანჯარა გატეხეს და საგამოფენო დარბაზში შეაღწიეს. მყისიერად ჩაირთო უსაფრთხოების სისტემა, რასაც მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების რეაგირება მოჰყვა. ამის გამო მძარცველებს გზაში დაუვარდათ უძვირფასესი ექსპონატი - ნაპოლეონ III-ის მეუღლის, ეუხენია დე მონტიხოს საიმპერატორო გვირგვინი. ფრანგული გამოცემა Lე Pარისიენ-ი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საიმპერატორო გვირგვინის ფოტო გაავრცელა, ოფიციალურმა წყაროებმა ეს ფაქტი მომდევნო დღეებში დაადასტურეს და დანარჩენი 8 სამკაულის ფოტოც გაავრცელეს.

შეუფასებელი განძი
მოპარული ნივთების სია შთამბეჭდავია.
გაიტაცეს დედოფალ მარი-ამელისა და დედოფალ ორტენზიას საფირონის სამკაულების ნაკრებიდან რამდენიმე ნივთი: დიადემა - მორთული 24 საფირონითა და 1083 ბრილიანტით; ყელსაბამი - 8 საფირონითა და 631 ბრილიანტით; საყურე - 4 საფირონითა და 59 ბრილიანტით;
მარი-ლუიზასა და ნაპოლეონ ბონაპარტის საქორწილო საჩუქარი - ყელსაბამი მორთულია 32 ზურმუხტის თვლითა და 1138 ბრილიანტით. საყურეს, რომელსაც 108 ბრილიანტი აქვს, 6 ზურმუხტიც ამშვენებს, აქედან ორი 42,5-კარატიანია;

გულსაბნევი-რელიკვარიუმი 92 ბრილიანტით არის მოოჭვილი, მათ შორის ლუი XIV-ის კამზოლის ორი დიდი ბრილიანტით, სახელად "მაზარინით";
საფრანგეთის ბოლო იმპერატორის ნაპოლეონ III-ის მეუღლის ეუხენია დე მონტიხოს დიადემა და ბრილიანტის გულსაბნევი "ბაფთა" (გულსაბნევს 2634 ბრილიანტი ამშვენებს). დიადემა 212 მარგალიტითა და 1998 ბრილიანტითაა მორთული. გვირგვინისთვის დედოფალ მარი-ლუიზისა და მარი-ტერეზის სამკაულების ბრილიანტები და მარგალიტებია გამოყენებული. 1870 წელს, ნაპოლეონ III-ის განდევნის შემდეგ, გვირგვინი საფრანგეთში დარჩა, 1887 წელს კი გერმანელმა პრინცმა იყიდა. 1992 წლამდე გვირგვინი პრინცის ოჯახის საგანძურში ინახებოდა, შემდეგ კი "ლუვრის მეგობართა ასოციაციას" მიჰყიდეს, რომელმაც ის მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა;

ეუხენია დე მონტიხოს საიმპერატორო გვირგვინი, რომელიც მძარცველებს გზაში დაუვარდათ, დაახლოებით 2500 ბრილიანტითა და 56 ზურმუხტით შემკული ოქროს საიმპერატორო გვირგვინია.
ისტორიული სამკაული ლუვრის სამხრეთი ფლიგელის მეორე სართულზე, აპოლონის გალერეაში ინახებოდა. იმავე დარბაზშია სამი უდიდესი ბრილიანტი.

მედიაში ხშირად ისმის ხელისუფლების კრიტიკა, რომ ლუვრის დასაფინანსებლად საკმარისი ფული არ გამოიყო და რომ მსოფლიოს უდიდესი მუზეუმი ცუდ მდგომარეობაშია. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ლუვრის მუზეუმი ხელახლა გადაკეთდებოდა "ახალი რენესანსის" პროექტის ფარგლებში, რომლის სავარაუდო ღირებულება 700-800 მილიონ ევროს შორის მერყეობს. პროექტით უნდა გაძლიერებულიყო უსაფრთხოებაც. იმედია, საფრანგეთს დაუბრუნდება თავისი საგანძური, ლუვრის უსაფრთხოების სისტემა კი მეტად გაძლიერდება.

„ჯოკონდას“ გატაცება საფრანგეთის „ეროვნულ ტრაგედიად“ შეფასდა
1911 წლის 22 აგვისტოს მსოფლიო "მონა ლიზას" გატაცების ამბავმა შეძრა. ლუვრის დირექტორი მუსიე თეოფილ ომოლი რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტებთან ამბობდა, "მონა ლიზას" გატაცება ისევე შეუძლებელია, როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარების მოპარვაო.
"ჯოკონდას" გატაცების გამოძიება საფრანგეთის საუკეთესო მაძებარს, ცნობილ კრიმინალისტს ალფონს ბერტილიონის მიანდვეს. მან მუზეუმის კიბეზე ნახატის ცარიელ ჩარჩოს და დამცავ მინას მიაგნო საღებავის კვალითა და თითის ანაბეჭდებით, თუმცა არც უფიქრია მისი შედარება ლუვრის 257 თანამშრომლის ანაბეჭდთან. ბერტილიონი ანთროპომეტრიული (ადამიანის სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების გაზომვისა და აღწერის) მეთოდის გამომგონებელი გახლდათ და არ სწყალობდა დაქტილოსკოპიას (პირის იდენტიფიკაციის მეთოდს, რომელიც თითის ბალიშებზე კანის მოხაზულობის მორფოლოგიურ თავისებურებებს სწავლობს).

პრესამ მუზეუმის ხელმძღვანელობას უსუსურობაში დასდო ბრალი. "ეროვნული ტრაგედია" - ასე უწოდეს "მონა ლიზას" გატაცებას და 40 ათასი ფრანკიც დააწესეს ჯილდოდ მისთვის, ვინც ერთ თვეში დააბრუნებდა "დაკარგულ ლიზას", თუმცა არავინ გამოჩნდა. ჟურნალისტებმა ჯერ ამერიკელ მილიარდერ ჯონ მორგანს დააბრალეს "ჯოკონდას" გატაცება, შემდეგ გერმანიის კაიზერ ვილჰელმ მეორესა და მის სპეცსამსახურზე მიიტანეს ეჭვი, რომელმაც თითქოს და ვინჩის ნამუშევრის მოპარვით სცადა მსოფლიოსთვის საფრანგეთის სისუსტის დამტკიცება.
"მონა ლიზა" მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოჩნდა, როცა ანონიმმა კოლექციონერმა "ჯოკონდას" შეძენის შეთავაზებით მიმართა ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ალფრედო ჯერის. მართალია, ფლორენციელმა მოვაჭრემ უცნაური შეთავაზება ხუმრობად მიიჩნია, მაგრამ უფიცის მუზეუმის დირექტორ ჯოვანი პოჯის მაინც სთხოვა უცნობ კოლექციონერთან შეხვედრაზე გაჰყოლოდა, რომელიც ჯერ ლეონარდის გვარით გაეცნო, მერე დაკარგული შედევრი გადმოაბრძანა მოძველებული ჩემოდნიდან. აღფრთოვანებულ ჯერის ძალიან გაუჭირდა მღელვარების დაფარვა, თუმცა ნამუშევრის შემოწმებისა და მყიდველის მოძიების მომიზეზებით მაინც ითხოვა რამდენიმე დღე, ლეონარდისთან დამშვიდობების შემდეგ კი კარაბინერებს საეჭვო კოლექციონერის შესახებ შეატყობინა... და ვინჩის პორტრეტის მფლობელი 30 წლის მოყვარული მხატვარი, ვინმე ვინჩენცო პერუჯა აღმოჩნდა, რომელიც სხვა ამბიციური მხატვრების მსგავსად რამდენიმე წლით ადრე გადაბარგდა მილანიდან პარიზში, თუმცა მოკრძალებული ნიჭის პატრონს ფერმწერის ნაცვლად მეშუშის ხელობის შესწავლამ მოუწია, მერე კი ლუვრში დაიწყო მუშაობა, სადაც მინის კარკასით იცავდა მუზეუმის ექსპონატებს ვანდალებისგან.
უნიფორმაში გამოწყობილი ვინჩენცო 21 აგვისტოს, დილის 7 საათზე გამოცხადდა მუზეუმში, რომელიც ორშაბათ დღეს ყოველთვის დახურული იყო მნახველებისთვის. პერუჯამ დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და ჯერ პორტრეტი ჩამოხსნა კედლიდან, სათადარიგო კიბეზე ნახატი ამოიღო ჩარჩოდან, თეთრ ქსოვილში გაახვია და გასასვლელისკენ წავიდა, სადაც დარაჯმა ღამის მორიგეობით მოქანცულ თანამშრომლად მიიჩნია და ზედმეტი შეკითხვების გარეშე გაუღო კარი. მართალია, მძარცველმა სწრაფად დატოვა მუზეუმის ეზო. დაპატიმრებულმა ვინჩენცომ ამაყად განაცხადა, და ვინჩის ნამუშევრის სამშობლოში დაბრუნება მსურდა, რადგან ვერაფრით ვაპატიე ნაპოლეონ ბონაპარტს აპენინის ნახევარკუნძულის გაძარცვაო. სამწუხაროდ, ვინჩენცო ცუდად იცნობდა ხელოვნების ისტორიას, რადგან ფრანგმა იმპერატორმა მართლაც ხელოვნების უამრავი ნიმუში უსახსოვრა ლუვრს დაპყრობილი იტალიიდან, თუმცა "მონა ლიზა" არასდროს მიეკუთვნებოდა მათ რიცხვს. მეტიც, ნაპოლეონის დაბადებამდე 250 წლით ადრე ლეონარდო და ვინჩიმ თავად უსახსოვრა საკუთარი ნამუშევარი საფრანგეთის მონარქს ფრანსუა პირველს, რომლის კარზეც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
იტალიური პრესისა და მართლმსაჯულების კეთილგანწყობა ვინჩენცომ მაინც მოიპოვა. ჟურნალისტებმა "ჭეშმარიტი პატრიოტი" უწოდეს მძარცველს, რომელსაც მხოლოდ ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა სასამართლოს დანახარჯის ანაზღაურებით, თუმცა პერუჯამ ვერც მისჯილი წელიწადი მოიხადა, რადგან პირველმა მსოფლიო ომმა მოუსწრო და ისიც ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, ომიდან დაბრუნებულმა კი ფარდული გახსნა მშობლიურ მილანში და საღებავებით ვაჭრობას შეუდგა.