სიკეთე და კარგი ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ - როგორ გააერთიანა ტბის გადარჩენის სურვილმა გლდანელები - კვირის პალიტრა

სიკეთე და კარგი ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ - როგორ გააერთიანა ტბის გადარჩენის სურვილმა გლდანელები

"ამ დღეებში გლდანის ე.წ. დიდ ტბაზე შემთხვევით ისეთ ამბავს შევესწარი, რომ დიდხანს გამყვება. არც ისე დიდი ხნის წინ გლდანის ტბა სანახევროდ იყო დამშრალი, ამჯერად კი სრულიად მოულოდნელად ტბაში წყალი დამხვდა, ხოლო ნაპირზე ხალხი, რომელიც ტბაში თევზს ტომრობით უშვებდა. ვიკითხე, ვინ ხართ, ასეთ სიკეთეს რომ აკეთებთ, ტბასთან რა გაკავშირებთ-მეთქი? მიპასუხეს, მხოლოდ ბუნების სიყვარულიო. როგორც გავარკვიე, ერთ ახალგაზრდა კაცს, ირაკლი წვერავას, შეუძენია თევზი და იმ დღეს წყალში ლიფსიტების გაშვებას შევესწარი. ამ ადამიანს გულით ვუხდი მადლობას, შესაძლოა თავადაც არ ფიქრობს რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა! ეს ადამიანი იქნებ გააცნოთ საზოგადოებას, სხვა თუ არაფერი, მისი საქციელი მაგალითია, რომელიც ჰაერივით გვჭირდება საკმაოდ სტრესულ სიტუაციაში მყოფებს.

პატივისცემით, დოდო მოდებაძე".

ირაკლი წვერავა სიამოვნებით მოვძებნეთ და ვესაუბრეთ კიდეც:

- ბატონო ირაკლი, პირადად ჩემთვის დაუჯერებელიც იყო, გლდანის დამშრალი ტბის შევსება და მით უფრო, იქ თევზის გაშვება, თანაც ფინანსური დაინტერესების გარეშე.

- გლდანში ვცხოვრობ და მოწმე ვარ გლდანის ტბის გამო მოსახლეობის ბრძოლისა, როდესაც უპასუხისმგებლო ხალხის დამსახურებით ტბაში შემდინარე წყლები, ნებსით თუ უნებლიეთ, გადაიჭრა და ტბა ჭაობად იქცა. ამ ბრძოლის შედეგად შეიქმნა გლდანის ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ ტბა კერძო საკუთრებაა, ამ ხალხმა თავის თავზე აიღო ტბის შევსება და თევზის გაშვება. ეს ტბა ხომ ყველას გვჭირდება, რომ იარსებოს. ამისთვის მადლობა მათ, ვინც ამ კარგ საქმეში მონაწილეობა მიიღო.

საბედნიეროდ, ჩვენთან არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც სწავლობენ გარემოს, მის დეფიციტებს და გვეუბნებიან, სად, რომელ ადგილზე ბუნების რა სახეობის დამკვიდრებაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში გლდანის ტბა ამურისა და კობრის ჯიშის თევზით სპეციალურად დავათევზიანეთ, ზოგიერთ ადგილას კი ბუნებრივი სახეობებია გამწყდარი და მათი შევსებაც ხდება. ძალიან მაწუხებს გარემოს განადგურება და თავადაც ვიღებ მსგავს ამბებში მონაწილეობას. მონადირეთა კლუბის წევრიც ვარ და შესაძლოა სხვაზე მეტადაც ვხედავ სავალალო მდგომარეობას. მონადირეთა კლუბმა გლდანის ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფთან კონსულტაციებით გადავწყვიტეთ ტბაში თევზი გაგვეშვა. რადგან ამური უკვე გაშვებული იყო, სენაკის თევზსაშენში კობრის 10000 ლიფსიტა შევიძინე და გავუშვით.

- არა მგონია, რომ მცირე თანხა დახარჯეთ ტბის გათევზიანებაში, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. რამდენადაც ვიცი, ის სხვა პირების კერძო საკუთრებაა.

- ამ ეტაპზე მე მქონდა ამ საქმის გაკეთების შესაძლებლობა, ხვალ კი მსგავსს სხვა გააკეთებს. ახლობლებთან ერთად ბუნებაში ველური გნოლი ან კაკაბიც ხშირად გამიშვია. თუკი შეგვიძლია სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცეთ.

- არადა, მითხარით, მონადირე ვარო.

- მონადირეობა ბუნების განადგურებას არ ნიშნავს. ნამდვილი მონადირე ვარ და არა ბრაკონიერი. მონადირე ბუნებაზე შესაძლოა მათზე ათასჯერ მეტად ზრუნავდეს, ვისაც მხარზე თოფი არა აქვთ გადაკიდებული.

- სასიამოვნოა ტბაში ერთბაშად შეშვებული ათასობით თევზის ცქერა?

- ეს საოცრებაა. ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ნადირობა ან თევზაობა. ზოგადად, სიცოცხლითა და სილამაზით ტკბობაზე უკეთესი არც არაფერი არსებობს ამქვეყნად.