„სრულყოფილად ბედნიერი ვიქნები მაშინ, როდესაც ტყუპისცალ ძმას ვიპოვი“ - კვირის პალიტრა

„სრულყოფილად ბედნიერი ვიქნები მაშინ, როდესაც ტყუპისცალ ძმას ვიპოვი“

ამბობს, რომ შეუსრულებელი მისია არ არსებობს, მთავარია, სწორ დროს დაიწყო მიზნისკენ სწრაფვა და არასდროს დანებდე. ერთი ოცნება - პროფესიული ზრდა უკვე აისრულა. მისი მეორე და სანუკვარი ოცნებაა ტყუპისცალი ძმის პოვნა. "კვირის პალიტრის" სტუმარია სალომე სტურუა - ქართულ-ბერძნული ცხოვრების დეტალებით.

- საბრძნეთში 2010 წელს გავემგზავრე. თსუ-ს მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მამა დამეღუპა, მე და დედა დავრჩით, სწავლის საფასურის გადახდა ვეღარ შევძელი, ამიტომ საბერძნეთში ჩემს დასთან გავემგზავრე, თუმცა ჩემი ჩასვლიდან მალევე ის ირლანდიაში გათხოვდა, მე კი ნათესავთან დავრჩი და ერთ ოჯახში დამლაგებლად დავსაქმდი.

- ბერძნულ ენა იცოდით?

- არა. დამსაქმებელთან კომუნიკაცია გერმანულ ენაზე მქონდა. შინ დაბრუნება­ მინდოდა, მაგრამ რას წამოვიდოდი, 16.000 ევრო მქონდა ვალი. ეს ის დრო იყო, დიდი თანხები რომ ჯდებოდა საქართველოდან სხვა ქვეყანაში წასვლა. ამ მძიმე პერიოდში, ჩემი დის მეგობარი, თბილისელი ბიჭი გავიცანი. მგულშემატკივრობდა, მამშვიდებდა და შეგვიყვარდა ერთმანეთი. როგორც კი პირველი ბავშვი გავაჩინე, საშინელი დეპრესია დამეწყო და წლისთავზე ბავშვთან ერთად საქართველოში დავბრუნდი. ქირით ვცხოვრობდი, მუშაობაც დავიწყე, მაგრამ მეუღლემ საბერძნეთში დაბრუნება მთხოვა. 2015 წელს გადავწყვიტე რომელიმე პროფესიას დავუფლებოდი. თავდაპირველად სტილისტობა ვცადე, შემდეგ კოსმეტოლოგიის­ შესწავლას შევუდექი. მერე შევიტყვე, რომ მეორე ბავშვი მეყოლებოდა და სწავლა შევწყვიტე.

შემდეგ იყო "კოვიდი"... ამ პერიოდში ფილოსოფიამ გამიტაცა, დავფიქრდი სულიერებაზე, ჩვენსა და სამყაროს კავშირზე, რატომ მოვედით ამქვეყნად... მჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს და მივხვდი, სწორედ ის დრო იყო, სწავლა გამეგრძელებინა. ჯერ რვათვიანი კურსი დავამთავრე. მერე ჩავაბარე და 2025 წელს დავასრულე საბერძნეთის წამყვანი პროფესიული ინსტიტუტი IEK AKMI ( ევროპაში აღიარებული პროფესიული განათლების ცენტრი) და მივიღე საერთაშორისო CIDESCO დიპლომი ესთეტიკაში. ამ ეტაპზე ვსწავლობ სამედიცინო კოსმეტოლოგიას ITEC პროგრამით (Iბრიტანეთის საერთაშორისო გამოცდებისა და კვალიფიკაციის სისტემა სილამაზის და თერაპიის სფეროში). ასევე ვირიცხები IEK AKMI-ში ექთანის სპეციალობაზე.

2023 წელს საბერძნეთის სახელმწიფომ ახალგაზრდა წყვილებისთვის, ვისაც არ ჰქონდა სახლი, შემოთავაზება გამოსცა,­ რომ აძლევდა სესხს დაბალ პროცენტში. განაცხადი შევიტანეთ და იმდენი შევძელით, 2025 წელს ჩვენს სახლში შევედით.

მართალია, სესხი 30-წლიანია, მაგრამ არ გვაშინებს. იყო პერიოდი, როდესაც კუნძულზე ვცხოვრობდი, შვილები დატოვებული მყავდა და დიდ ვილაში უცხოელებთან ვმუშაობდი. ამ ყველაფერში ჩემი შრომისმოყვარეობა მეხმარება. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადავლახავთ. თუ მოვინდომებთ, მიზანს დავისახავთ, ყველაფერს შევძლებთ.

არასდროს ვიტყვი, რომ მარტო ვიყავი, ყველა ჩემს მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებსა და შვილებს. უფროსმა ლუკამ, რომელიც 14 წლისაა, 8 წლის ალექსანდრე გამიზარდა. ახლაც რაღაც საქმეების გამო საქართველოში ვარ და ჩემი ლუკა უვლის ძმას.

- საბერძნეთში ესთეტიკური ცენტრიც გახსენით.

- დიახ, ვარ ესთეტიკური ცენტრის კოსმეტოლოგი და თანადამფუძნებელი.

ახლახან შევიტყვე, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება მეწვია, მალე მესამე შვილი მეყოლება. მისი სახით ღმერთმა გამომიგზავნა საჩუქარი იმისთვის, რაც გადავლახე.

სულ ვამბობ, 50 წლის რომ გავხდები, აუცილებლად დავწერ წიგნს ჩემს ცხოვრებაზე, იმიტომ, რომ არსებობს რაღაც ფურცელი, რომელიც ჯერ არავისთვის გამიხსნია და ამ წიგნში აუცილებლად გავხსნი.

- როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს?

- არ ვარ მშიშარა, გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრს ვფიქრობ...

ბოლოს საქართველოში უნდა დავბრუნდე...

40 წლის როცა გავხდები, ჩემი შვილი 17-ის იქნება. დიდი სურვილი მაქვს მასთან ერთად სახელმწიფო გამოცდები ჩავაბარო. ვეუბნები, შვილო, ისწავლე აქ (საბერძნეთში), მერე წადი, გამოადექი შენს ქვეყანას-მეთქი. ვოცნებობ გახდეს პლასტიკური ქირურგი, მე მისი დამხმარე კოსმეტოლოგი ვიქნებოდი, ორივენი სილამაზის ინდუსტრიაში დავსაქმდებოდით.

მეუღლემ რამდენიმე თვეა, მეგობართან ერთად კვების ობიექტი გახსნა. სულ მეუბნება, რომ ჩვენ ერთმანეთს მივეცით სტიმული.

- სანუკვარი ოცნება აისრულეთ... ალბათ, ძალიან ბედნიერი ხართ.

- სრულყოფილად ბედნიერი ვიქნები მაშინ, როდესაც ტყუპისცალ ძმას ვიპოვი. მის გარეშე ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ნაწილი მომაჭრეს. მჯერა, რომ ცოცხალია, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის საქართველოში არ არის.

იმ წელს, როდესაც დავიბადეთ თბილისის პირველ სამშობიაროში, 1989 წლის 28 სექტემბერს, დედასთან ერთად იმშობიარა ქალმა, რომელსაც აშშ-დან პრეპარატი ჩამოუტანეს. მამა მოსკოვში იყო, 29-ში ჩამოვიდა და უთხრეს, თქვენს შვილს ფილტვი არ გაეხსნა, მაგრამ აქ ვიღაცას აშშ-დან ჩამოუტანეს პრეპარატი, აღარ გამოადგა, იქნებ თქვენს ბავშვს გამოადგესო. მამამ წამალი იყიდა, მეორე დღეს კი აუწყეს, თქვენი შვილი გარდაიცვალაო...

დედას რთული მშობიარობა ჰქონია, ახსოვს, როგორ ეკითხებოდნენ ვინ მიეხმარებოდა ტყუპის გაზრდაში, რამდენი შვილი ჰყავდა... მასაც 30 სექტემბერს უთხრეს ჩემი ძმის გარდაცვალების ამბავი. ცნობა გამოვითხოვე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ტყუპისცალი უკვე 29 სექტემბერს გარდაცვლილად მერაბ სტურუას, ანუ მამაჩემის სახელით და გვარით იყო დარეგისტრირებული.

- მამამ თუ ნახა გარდაცვლილი?

- არა და მიზეზი, როგორც ნათესავებმა­ თქვეს, ის იყო, რომ ჩვენს დაბადებამდე ერთი ბავშვი უკვე დასაფლავებული ჰყავს­ (თვე-ნახევრის), გული აწუხებს, ცოდვააო...

- დედამ დაიჯერა თქვენი ძმის გარდაცვალების ამბავი?

- ეჭვი დედას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეხვდა ჩვენს პედიატრს, რომელსაც მოუკითხავს, ბავშვები როგორ არიანო? დედიკოს უთქვამს, ერთი გარდაიცვალაო. ექიმს შეუცხადებია, კი მაგრამ რატომ, მე ორივე 8 ბალით შევაფასეო! დედას უთქვამს, რატომ 10 ბალით არაო? იმიტომ, რომ შვიდთვიანები იყვნენო, უპასუხია.

"ამერიკა... წამალი..." მაშინ ამომიტივტივდა, როდესაც ათენში, სალამინზე მონასტერში წავედი. იქ წინასწარმეტყველი მღვდელი მოღვაწეობს. ბევრი ხალხი იყო ტაძარში. მათ შორის გამომარჩია, მიმიხმო და მითხრა: შენ ძმას იპოვი, რომელსაც ამდენი­ ხანია ეძებ. დამშვიდდი, ისიც გეძებსო. შენი ძმა არის იქ, სადაც დიდი სასახლეებიაო. მერე მონაზონმა ამიხსნა, ხშირად სასახლეებს როცა ამბობს, ამერიკას ახსენებსო.

ვეძებდი, კიდევ ვინ იმშობიარა თბილისის პირველ სამშობიაროში იმ დღეს, როდესაც ჩვენ გავჩნდით, მაგრამ ვერაფერს გავხდი. პირველი სამშობიაროდან ძნელია ინფორმაციის მოპოვება. წლების წინ ხანძარი გაჩნდა და არქივი დაიწვა. არავის გავკიცხავ, უბრალოდ ძმა მინდა ვიპოვო.

- დნმ-ის ანალიზის მერე რა პროცედურებია გასავლელი?

- ჩემი მონაცემები დნმ-ის ამერიკის ბანკში გაიგზავნა. გადამოწმდება, თუ ჩემს ძმას ან ძმისშვილს აღებული აქვს დნმ-ის ანალიზი აუცილებლად მიჩვენებს დამთხვევას. პასუხი წინასაახალწლოდ მექნება.

- დედაზე მიამბე.

- ირლანდიაშია, ონკოლოგიური ავადმყოფია, ოპერაცია გაიკეთა გულზე, 20 დეკემბერს ჩემთან ჩამოვა. ახალ წელს ერთად ვიქნებით და პასუხსაც ერთად გავიგებთ. მასაც სჯერა, რომ შვილს იპოვის.

საკუთარ თავს პირობა მივეცი, ძმას რომ ვიპოვი, დედა, ჩემი და და მე ჩემი ოჯახით საქართველოში ჩამოვალთ, ერთად მივალთ მამას საფლავზე და გავახარებთ.