"ყველაფერი მჭირდება, მაგრამ არაფერს ვითხოვ. 12-კაციანი მაგიდა ჩემს ოჯახში ყოველ საუზმეზე ივსება - მრავალ შვილს სტუმარიც ხომ მრავალი მოსდევს! ბაზარში ტომრობით ვყიდულობ იმ სურსათს, რომელიც მე ვერ მომყავს. ტანსაცმელს კი იმის მიხედვით ვყიდულობ, ვის როგორ აქვს შემოლანძღული"
ქუთაისში ახალგაზრდა ქალმა, მარიამ იმედაძემ, მეცხრე შვილი გააჩინა. პატარა გაბრიელი ჯანმრთელია, ბევრს ჭამს და სძინავს; ძილში ვიღაცას უცინის. როგორც ჩვენში ამბობენ, თავის ანგელოზებს. შალამბერიძეების შვილს ჩვენს ქვეყანასთან ერთად ძალიან სჭირდება ანგელოზების მფარველობა, - ვინც დღეს ჩვენში მრავალ შვილს აჩენს, თავადაც იცის, რომ დიდ ბედნიერებასთან ერთად, დიდი ტვირთიც გამზადებული აქვს, რისი არც ეშინია და არც წუწუნებს, რაც გმირობაა. ახლა წარმოიდგინეთ შალამბერიძეების 9 შვილი და კიდევ ამ შვილების შვილები, რომლებიც მომავალში მთელი სოფელი გახდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე წამომიდგენია და მათ მამიკოს, მიხეილ შალამბერიძესაც, რომელიც შვილებისთვის თავდაუზოგავად შრომობს, დასვენების დღეებში კი შვილებსაც იხმარებს.
- მეცხრე შვილის დაბადებას გილოცავთ შალამბერიძეების ოჯახს. ალბათ, მიხვდით, თქვენთან, ბავშვების მამასთან საუბარი რატომ ვარჩიე, თქვენს მეუღლეს იმდენი საქმე აქვს, რომ მომერიდა თუნდაც მცირე დრო მეთხოვა საუბრისათვის.
- მარიამს ისეთი უნარი აქვს ბევრი საქმის ერთად კეთების, თქვენთვის დროს როგორ არ გამონახავდა. ისე კი, ნამდვილად გაგიკვირდებათ, ყოველდღე რომ უცქიროთ. მეზობლები მეუბნებიან, საქმეს მარიამი აკეთებს და თავბრუ ჩვენ გვეხვევაო.
- ცხრა შვილის გაზრდა იოლი არ არის. ვინმე გეხმარებათ, მაგალითად, დედათქვენი?
- კარგი იქნებოდა, მაგრამ დედაჩემი თავის მოხუც დედას უვლის და მაგითაც კმაყოფილი ვარ. ქუთაისთან ახლოს, ჩემს სოფელში, ზედა მესხეთში, ვშრომობ. ძროხაც მყავს, ღორიც და ფრინველიც. ბავშვები ქალაქში, ქუთაისში დადიან სკოლასა და ბაგა-ბაღში. შაბათ-კვირას და არდადეგებზე მოჟრიამულდებიან ხოლმე ჩემს დასახმარებლად. არც ერთი მათგანი არ მეუბნება, სოფელში წამოსასვლელად რატომ მოგვაცდინე, საკუთარი საქმეები ხომ ჩვენც გვაქვსო!

საკუთარი მარჯვენის იმედი მაქვს და კიდევ უფლის. სახელმწიფოს არ ვეტყვი, გინდა თუ არა, ჩემზე იფიქრე და მომეხმარეო და იცით, რატომ? პირველ რიგში ჩემს შვილებს სხვის იმედზე ყოფნას არ ვასწავლი! კაცს ყველაფერი მიეცემა, თუკი იმ ძალას გამოიყენებს, ზემოდან სამყაროს მბრძანებელმა რომ აჩუქა. სხვა რაც მეძლევა სახელმწიფოსგან, არ გავაკრიტიკებ, მხოლოდ მადლიერებას გამოვთქვამ.
- არადა, აბსოლუტურ უმრავლესობას ბევრ შვილზე საუბრისაც კი ეშინია, ამბობს, გიჟი უნდა ვიყო, ამ გაჭირვებაში ბევრი შვილი რომ გავაჩინო.
- მეც მინდა ჩემი შვილები განათლებულები იყვნენ, მაგისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ რა განათლებაზეა ლაპარაკი, თუ ადამიანს მეორე ადამიანი არ უდგას გვერდით? დედმამიშვილზე დიდი საყრდენი განა არის ვინმე, რაც უფრო მეტი გყავს, მით უკეთესი! ღმერთმა ყველას მისცეს დედმამიშვილი. როგორც ჩემი შვილებისთვის მინდა სიკეთე, ისე ვუსურვებ სხვის შვილებსაც, ამიტომ ბევრ დედმამიშვილსაც. ჩემი ქვეყანაც ზუსტად ჩემი შვილებივით მიყვარს და მეფიქრება, ამიტომ გავაჩინეთ 9 შვილი. ისეთი დრო გვაქვს, ხალხი ერთ შვილსაც ძლივს აჩენს და მეორეზე აღარ ფიქრობს. ზოგიერთი აღარ ოჯახდება. გაიძახიან, ოჯახი რაში გვჭირდება, მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგადო! კარგად როგორ იქნები, თუ კარის შემომღებს აღარავის ელი?!

- როგორ უმკლავდებით ამდენი შვილის თუნდაც გამოკვებას.
- 12-კაციანი მაგიდა ჩემს ოჯახში ყოველ საუზმეზე ივსება - მრავალ შვილს სტუმარიც ხომ მრავალი მოსდევს! ამიტომ ბაზარში ტომრობით ვყიდულობ იმ სურსათს, რომელიც მე ვერ მომყავს. ტანსაცმელს კი იმის მიხედვით ვყიდულობ, ვის როგორ აქვს შემოლანძღული.
- მაინც რა გჭირდებათ, რას მოითხოვთ, თუკი აუცილებლობაა?
- ყველაფერი მჭირდება, მაგრამ არაფერს ვითხოვ, სანამ შრომისთვის ძალა მყოფნის. დღეს ჩემი მარჯვენა მეხმარება, მალე შვილებიც წამომეწევიან და უფრო მომეხმარებიან.