როგორ მოვიქცეთ სტენოკარდიული შეტევის დროს?
სტენოკარდია (გულის იშემიური დაავადება) გულის კუნთის არასაკმარისი სისხლმომარაგებით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც გულმკერდის არეში მწვავე ტკივილით ვლინდება. სტენოკარდიული შეტევის დროს სწორი და დროული რეაგირება გადამწყვეტია, რადგან არასწორმა ქმედებამ შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
სტენოკარდიასა და მიოკარდიუმის ინფარქტს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ზოგიერთი ხელშემწყობი ფაქტორის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია და ეს საგრძნობლად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ასეთი ფაქტორებია მოწევა, სმა, ჭარბი წონა. რისკის ზოგიერთი ფაქტორის, მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის აღმოსაფხვრელად კი მეტი ძალისხმევა და ხშირად მედიკამენტური ჩარევაც კია საჭირო.
სტენოკარდიის შეტევის სიმპტომები:
მწვავე ტკივილი გულმკერდში: ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მჭრელი, მჩხვლეტავი ან მწველი. ის ხშირად გრძელდება რამდენიმე წუთს.
ტკივილის ირადიაცია: ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მარცხენა მხარზე, კისერზე, ყბაზე ან ზურგზე.
ქოშინი და სუნთქვის გაძნელება.
სისუსტე და ოფლიანობა.
შფოთვა და შიშის შეგრძნება.
როგორ მოვიქცეთ სტენოკარდიული შეტევის დროს?
1. შეწყვიტეთ აქტივობა და დაისვენეთ: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა. დაჯექით ან დაწექით, გულის დატვირთვა რომ შემცირდეს.
2. გამოიყენეთ ნიტროგლიცერინი: თუ ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ ნიტროგლიცერინი, დაიდეთ აბი ენის ქვეშ.
3. დარეკეთ 112-ზე: თუ 5 წუთის განმავლობაში ტკივილი არ შემცირდა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
4. ასპირინი: თუ ალერგია არ გაქვთ ასპირინზე, დაღეჭეთ ერთი აბი. ეს ხელს შეუწყობს სისხლის გათხელებას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი რეაგირება?
სტენოკარდიული შეტევა გულის ინფარქტის წინამორბედია. თუ დროულად არ მოხდება რეაგირება, შეტევა შეიძლება ინფარქტში გადაიზარდოს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. სტენოკარდია ქრონიკული დაავადებაა და მისი მართვა აუცილებელია.
ექიმი თამარ მამაცაშვილი