"დღეში 20 წუთით მაინც თვალებში ვუყუროთ ჩვენს შვილებს, დავინტერესდეთ მათი ემოციებით, გავიგოთ, რას განიცდიან და რა პრობლემები აქვთ" - როგორ ყალიბდებიან მოძალადე მოზარდები?
ამბობენ, რომ ბავშვის გული "სუფთა დაფაა", თუმცა ფაქტები ადასტურებს, რომ ყოველთვის ასე არ არის - ისტორია იცნობს 10, 12, 14 წლის დამნაშავეებს, რომლებმაც გაუგონარი დანაშაული ჩაიდინეს. მაგალითად, 1996 წლის 2 თებერვალს მთელმა ამერიკამ შეიტყო 14 წლის ბარი ლუკაიტისის შესახებ, რომელიც ვაშინგტონის ერთ-ერთ სკოლაში კოვბოის ჩაცმულობით გამოცხადდა და არავინ იცოდა, რომ კოვბოის კოსტიუმის ქვეშ შაშხანასა და ორ პისტოლეტს მალავდა... იმ დღეს ბარიმ რამდენიმე ადამიანი ჩაცხრილა, მათ შორის თანაკლასელებიც. საბედნიეროდ, ერთ-ერთმა მასწავლებელმა მოახერხა და დამნაშავეს შაშხანა წაართვა, თორემ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. სასამართლომ ბარი ლუკაიტისს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
როდესაც მსგავს ისტორიებს ეცნობი, ძალაუნებურად გებადება კითხვა, სად და როგორ ყალიბდებიან დამნაშავე მოზარდები? ამავე შეკითხვით ფსიქოთერაპევტ მანანა სოლოღაშვილს მივმართეთ:
- როდესაც მოზარდი თავის კლასელებს ჩაცხრილავს, მას ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ან ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლია, თორემ ერთჯერად ძალადობაზე ასე არ პასუხობენ. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა მოზარდზე ფიზიკურად ან სექსუალურად იძალადეს და მერე ის საშიშ დამნაშავედ ჩამოყალიბდა.
უპირველესი მიზეზი, რის გამოც ბავშვი მოძალადედ ყალიბდება, სიყვარულის დეფიციტია - როდესაც ვერ განიცდის სათანადო ყურადღებას და როცა მისი მშობლები ინდიფერენტულები არიან. არანაკლებ მძიმე ფაქტორია ძალადობრივი ატმოსფერო ოჯახში: როცა მშობლებს შორის ხშირია კონფლიქტი და მოზარდი ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ან ეკონომიკურ ძალადობას განიცდის. ბუნებრივია, ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი თავადაც მოძალადე გახდეს.
თუ ბავშვზე ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს, ასეთი ბავშვი მასთან შედარებით სუსტს პოულობს და მასზე ძალადობს. ზოგჯერ ის უმცროს დას ან ძმას ჩაგრავს და მთელი აგრესია მასზე გადააქვს.
- თანამედროვე სკოლებში ბულინგი არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა...
- თუ ატყობთ, რომ თქვენი შვილი დაძაბულია, ძილის პრობლემები აქვს, სკოლაში წასვლა არ უხარია და თითქოს იზოლაციაშია, უნდა ესაუბროთ და გაიგოთ, რა ხდება მის ცხოვრებაში. მოზარდი უნდა ხედავდეს, რომ მშობელი მასზე ზრუნავს, ხშირად ესაუბრება და მისი პრობლემები აღელვებს, ამ დროს ის უფრო მიმნდობი გახდება. დასჯით და მენტორული ტონით ვერც ერთი მშობელი შვილის გულს ვერ მოიგებს. სკოლასაც დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს, მაგრამ ამაზე მშობელმა და პედაგოგმა ერთად უნდა იზრუნონ. მოზარდები თავიდანვე უნდა შეეჩვიონ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას. ძალიან კარგი შედეგი მოაქვს ტექნიკას, რომელსაც "შეჩერდი და იფიქრე" ჰქვია: ვიდრე აგრესიას აგრესიით უპასუხებს, ბავშვი უნდა მიეჩვიოს, რომ დაფიქრდეს და თავი შეიკავოს. სკოლაში ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირია, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მაშინვე არ უნდა უპასუხოს, უფროსებს გაენდოს და თავის დასაცავად საპასუხო ძალადობა კი არა, სხვა გზები მოძებნოს.
ზოგიერთ ბავშვს სკოლაში დასცინიან სიმსუქნის, მეტისმეტი სიგამხდრის ან ულამაზო ნაკვთების გამო. ამ შემთხვევაში ბავშვმა მშობლისაგან ემოციური სითბო და მხარდაჭერა უნდა იგრძნოს: უნდა ვუთხრათ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ბუთხუზაა თუ გამხდარი, ისეთი გვიყვარს, როგორიცაა და სულაც არ არის მნიშვნელოვანი, ვინ რას ფიქრობს მასზე. თუ საჭიროა, მასწავლებელიც უნდა ჩავრიოთ და გავაფრთხილოთ, რომ ბავშვები ერთმანეთს დასცინიან, ჩაგრავენ და თუ საქმე ფიზიკურ ძალადობამდეა მისული, მაშინ ექიმების და პოლიციის ჩარევაცაა საჭირო. რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ ხანგრძლივი ბულინგი მოზარდებში დეპრესიას და თვითმკვლელობის სურვილს იწვევს. ზოგჯერ ბავშვები ისეთ აკრძალულ მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა ჩაკეტვა, მძევლად აყვანა, ფიზიკური შეურაცხყოფა...
იმისათვის, რომ პატარა, უცოდველი არსება დამნაშავედ არ ჩამოყალიბდეს, სკოლის და ოჯახის თანადგომას და ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ხშირად უფროსი და-ძმები უმცროსებზე ეჭვიანობენ და მათ ჩაგრავენ. არც ეს არის სასიამოვნო...
- ყველაზე დიდი კონკურენტები ხშირად დედმამიშვილები არიან. დედ-მამის ყურადღება და ზრუნვა უფროსზეც და უმცროსზეც თანაბრად უნდა განაწილდეს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ დღეში 20 წუთით მაინც თვალებში ვუყუროთ ჩვენს შვილებს, დავინტერესდეთ მათი ემოციებით, გავიგოთ, რას განიცდიან და რა პრობლემები აქვთ. დღის ბოლოს უნდა გამოვკითხოთ, როგორი დღე ჰქონდა, ვინმემ ხომ არ გააბრაზა, რა მოეწონა, ან ვინმე ცუდად ხომ არ მოექცა, ვინმეს მისი დახმარება ხომ არ დასჭირდა... საერთოდ, სიტყვები "უფროსი" და "უმცროსი" ბავშვებს ძალიან აკომპლექსებს. მშობელმა უფროსს არ უნდა უთხრას, რომ უმცროს დას ან ძმას ყველაფერი უნდა დაუთმოს, ან უმცროსმა უფროსს უნდა დაუჯეროს. ეს სტერეოტიპული აზროვნებაა და უმჯობესია, ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა დავაკისროთ. როდესაც ოჯახში ბავშვს ელოდებიან, უფროსი დედმამიშვილი წინასწარ უნდა შეამზადონ და პატარა ისე შეაყვარონ, რომ მან არ იეჭვიანოს. როდესაც დედა უმცროს შვილს ეფერება და ამ დროს ოთახში უფროსი შემოვა, ისიც უნდა მოიხმოს, გულში ჩაიხუტოს და მოეფეროს. დედ-მამა უნდა ცდილობდეს, რომ შვილებს ყველაფერი თანაბრად გაუნაწილოს - ყურადღება, სიყვარული, ქონება და ა.შ...
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მისი შვილი ცხოველებს აწვალებს?
- ეს ძალადობის ერთ-ერთი მძიმე და შემაშფოთებელი გამოვლინებაა, რომელიც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში ექიმების და მშობლების ერთობლივი ჩარევაა საჭირო, რომ ასეთ ბავშვს დაეხმარონ და მსგავსი საქციელი ჩვევად არ ექცეს. საერთოდ,
მოძალადე და აგრესიული ბავშვების მიმართ მშობლის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს: როგორც გითხარით, მოძალადე ხშირად თავად არის ხანგრძლივი ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლი, ამიტომ მოზარდის მსგავსი საქციელი ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე