რისთვის დაჰპირდა სტალინი მილიონ დოლარს ორ თბილისელს... - კვირის პალიტრა

რისთვის დაჰპირდა სტალინი მილიონ დოლარს ორ თბილისელს...

საქართველოში უკვე ბევრი იცნობს ქართული წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის მოღვაწეობას და თითქოს ახალი რაიმე ინფორმაციის მოპოვება ამ მიმართულებით ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ამ სტატიის ავტორმა ისტორიის ფურცლები "გადაქექა" და ძალიან საინტერესო ფაქტს მიაგნო, თუ როგორ აპირებდა სტალინი მილიონ დოლარამდე გადახდას იმ ამერიკულ გამანადგურებელ თვითმფრინავში, რომელიც ორმა თბილისელმა შექმნა!

1938 წელს საბჭოთა კავშირი ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების (იმჟამად ასე ეწოდებოდა აშშ-ს) მთავრობისგან დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის საფას­ურად აპირებდა Seversky Aircraft­ Company-ს მიერ შექმნილი ორადგილიანი გამანადგურებელ 2PA-ს სერიული წარმოების ლიცენზიის შეძენას.

ამ საავიაციო ფირმის დამფუძნებელი­ და პრეზიდენტი გახლდათ ალექსანდრ პროკოფიევ-სევერსკი, რომელიც 1894 წლის 24 მაისს დაიბადა ტიფლისში (1936 წლის 17 აგვისტომდე ასე იწოდებოდა თბილისი), ხოლო ამ ფირმის მთავარი კონსტრუქტორი 1896 წლის 9 სექტემბერს, ასევე ტიფლისში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი) გახლდათ.

deseversky-1200x629-1761515897.jpg

მათ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს, მას შემდეგ, რაც სევერსკი ბოლშევიკებს რუსეთიდან გაექცა, ხოლო ქართველიშვილმა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ ჯერ საფრანგეთს შეაფარა თავი, შემდეგ კი ამერიკაში გადაბარგდა.

აქედან გამომდინარე, არც სევერსკი და არც ქართველიშვილი ბოლშევიკებისადმი დიდ სიყვარულს არ გრძნობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ ფირმას გაკოტრებისგან გადასარჩენად ჰაერივით სჭირდებოდა შეკვეთები და სტალინის შეთავაზებული მილიონი დოლარი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, არ აპირებდნენ ბოლშევიკების სამხედრო ავიაციის გაძლიერებას თავიანთი პირმშოთი.

საქმეში ჩაერია აშშ-ის მთავრობა, რომელიც დაინტერესებული იყო საბჭოთა კავშირთან ვაჭრობის განვითარებით და სევერსკი-ქართველის დუეტი აიძულა ორი ერთეული 2PA ტიპის გამანადგურებელი გაეგზავნათ მოსკოვში გამოსაცდელად.

2025011000001682620-1761515898.jpg

ამერიკელებს ჯერ კიდევ მაშინ კარგად მოეხსენებოდათ ბოლშევიკების ჯაშუშური­ მიდრეკილებები, ამიტომაც სევერსკიმ ცალკე საამქრო ააშენა, რათა 24 საბჭოთა ინჟინერს, რომლებიც ამ ორი გამანადგურებლის აწყობის პროცესის ყველა დეტალს აკვირდებოდნენ, სხვა ამერიკული სამხედრო საიდუმლოებები არ გაეგოთ.

ამასთან, ამერიკელმა გენერლებმა ალექსანდრე ქართველიშვილს ბოლშევიკებისთვის მისაყიდ გამანადგურებლებში ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ახალი ძრავის ნაცვლად, უფრო მოძველებული, 750 ცხ.ძ.-იანი ძრავა დააყენებინეს, რათა საბჭოთა კონსტრუქტორებს არ "მოეპარათ" ახალი ძრავის საინტერესო იდეები.

ორივე გამანადგურებელი 1938 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩაიტანეს და მათი საფრენოსნო გამოცდა დაიწყეს.

და მოხდა საოცრება - საბჭოთა კონსტრუქტორები თვალებს არ უჯერებდნენ, სევერსკი-ქართველის ორადგილიანმა და შესაბამისად, უფრო მძიმე 2PA გამანადგურებელმა სასწავლო საჰაერო ბრძოლებში ყველანაირად დაჯაბნა საბჭოთა პილოტების­ სიამაყე, ერთადგილიანი გამანადგურებელი, პოლიკარპოვის И-16, მიუხედავად იმისა,­ რომ მათ თითქმის ერთი და იმავე სიმძლავრის ძრავები ეყენა!

ამ მოულოდნელობის მთავარი ახსნა კი ის გახლდათ, რომ სევერსკის ფირმის მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრე ქართველმა ბევრად დახვეწილი აეროდინამიკური ფორმა მისცა თავის ორადგილიან გამანადგურებელს, რომელსაც, ამასთანავე, თითქმის ათასი კმ-ის დაფარვა შეეძლო ძირს დაუჯდომლად, რაც იმდროინდელი­ გამანადგურებლებისთვის წარმოუდგენელი მიღწევა იყო.

stalini-w-h-1761515897.jpeg

სევერსკი-ქართველის შორსმფრენი და ორადგილიანი გამანადგურებელი (ეკიპაჟის მეორე წევრი ტყვიამფრქვევით თვითმფრინავის უკანა სექტორს იცავდა) პირდაპირ მისწრება გახლდათ ბომბდამშენი თვითმფრინავების გასაცილებლად, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ამის აუცილებლობაზე არათუ საბჭოთა, არამედ ამერიკელი გენერლებიც ვერ ხვდებოდნენ, რაც ძალზე ინანეს ოთხი წლის შემდეგ, როდესაც "ლიუფტვაფეს" "მესერშმიტები" გერმანიის თავზე თითქმის უპრობლემოდ აგდებდნენ საბჭოთა "პეტლიაკოვებსა" და ამერიკულ "მფრინავ ციხესიმაგრეებს"...

ამერიკული ბომბდამშენების ეკიპაჟებმა­ შვება მხოლოდ მას შემდეგ იგრძნეს, როდესაც მათ გვერდში ამოუდგნენ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გამანადგურებლები - P-47 თჰუნდერბოლტ-ები, რომლის კოსტრუქტორი ასევე ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილი გახლდათ, მაგრამ ეს ცალკე სტატიის თემაა...

P.S. მართალია, სევერსკი-ქართველის 2PA გამანადგურებელს არ მოუხდა საბჭოთა წითელი ვარსკვლავების დახატვა ფრთებზე, მაგრამ ქართველიშვილის P-47 თჰუნდერბოლტ-ის 203 ერთეული ლენდ-ლიზის პროგრამით აშშ-მა მაინც მიაწოდა სტალინის "არწივებს"...

P.P.S. სევერსკისა და ქართველიშვილის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც 1931 წელს სევერსკის დაფუძნებული საავიაციო-საკონსტრუქტორო ფირმა Seversky Aircraft Company 1939 წელს დირექტორთა­ საბჭომ ღეპუბლიც Aviation Corporation-ად გადააკეთა და სევერსკი ფირმიდან გაუშვა, ხოლო ქართველიშვილი ახალი ფირმის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ კონსტრუქტორად დანიშნა.

თუმცა სევერსკი ქართველიშვილს კი არა, საკუთარ თავს უნდა დამდურებოდა, რადგან აშშ-ის მაშინდელმა ხელისუფლებამ მას არ აპატია სწორედ 2PA ტიპის 20 გამანადგურებლის კონტრაბანდული გზით (სიამის გავლით) მიყიდვა იაპონიისთვის, სწორედ იმ იაპონიისთვის, რომელსაც თეთრი სახლი პოტენციურ მოწინააღმდეგედ აღიქვამდა და რომელიც 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ აშშ-ის რეალურ მტრად გადაიქცა.