პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - ჩამოართმევენ თუ არა სააკაშვილის ოჯახის წევრს ქონებას?!
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, სტუ-ს რექტორმა საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების განცხადებით, 17 ოქტომბერს მიმართა.
„საქართველოს პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურას ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების) შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა.
დავით გურგენიძის განმარტებით, უნივერსიტეტი პროკურატურისგან ითხოვს, რომ ქონება, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის მხრიდან მიტაცებული იქნა, დაყადაღდეს და შემდგომ კვლავ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.
როგორც აკადემიკოსმა განმარტა, ეს საქმე, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულია და პროკურატურამ უნდა მოიკვლიოს.
„წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] ოჯახის მიერ. ჩვენმა სპეციალისტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, სამართლის და აუდიტის სამსახურებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და ეჭვია, რომ იქ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მიგვემართა. აღნიშნული საკითხი მრავალი წელია შესწავლის საგანია უნივერსიტეტისთვის - რთული იყო ამ დოკუმენტების მოძიება, მაგრამ დიდი შრომა გასწიეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, მოპოვებული იქნა არაერთი მასალა - როგორც ელექტრონული, ასევე 108 ფურცელზეა ფიზიკური მასალა, სადაც მრავალი დოკუმენტია. ეს უკვე ხდება გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანი - ისინი უფრო მარტივად მოიკვლევენ ამ საბუთებს. ვფიქრობთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა მოიძიოს მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება”, - განაცხადა გურგენიძემ.
დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტის ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, სასწრაფოდ დაყადაღებაა საჭირო, რაც პროკურატურას მოსთხოვეს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვთხოულობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.