33 წლის ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა საფრანგეთში მოკლა: ლელა ტოროშელიძეს ის სამსახურთან ჩაუსაფრდა - რას წერს ფრანგული მედია?
საფრანგეთის ქალაქ მულუზში შემზარავი ფემიციდის შემთხვევა მოხდა. ქმარმა, საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ყოფილი ცოლი, ლელა ტოროშელიძე სამსახურთან ცივი იარაღით მოკლა. ფრანგული მედია მომხდარს აქტიურად აშუქებს.
შაბათს, 25 ოქტომბერს, დილით, საფრანგეთის ქალაქ მულუზში, (ზემო რეინის დეპარტამენტი) ბარის მიმტანი, ლელა ტოროშელიძე საკუთარ სამსახურთან სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედიდან იყო.
ადგილობრივი პროკურატურის ინფორმაციით, ქალს "რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა" მიაყენეს, როდესაც ის დაწესებულების გახსნას აპირებდა. ლელა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
როგორც ფრანგული მედიასაშუალებები (მათ შორის, blue News სააგენტო Agence France-Presse-ზე დაყრდნობით) იუწყებიან, დაღუპული ქალი საქართველოს მოქალაქე იყო და მულუზში ცხოვრობდა. პროკურატურა მომხდარს ფემიციდის კვალიფიკაციას ანიჭებს.
ფრანგული მედიის ცნობითვე, ბრალდებული მისი ყოფილი მეუღლეა.
გამოძიების პირველადი მონაცემებით, ლელა ტოროშელიძე 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა. პროკურორი ნიკოლა ჰაიცი აცხადებს, რომ მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამჟამად პოლიცია ეძებს.