500 000 ლარი გადაიხადა ნარკოტიკებისთვის დაკავებული ბრიტანელი სტუდენტის ოჯახმა: როგორ გრძნობს თავს 19 წლის ფეხმძიმე პატიმარი? - რას ამბობს ბელა კალის დედა?
მედიის ინფორმაციით, დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებული ბრიტანელი სტუდენტის ოჯახმა საპროცესო შეთანხმების თანახმად 500 000 ლარი გადაიხადა.
Reuters-ისა და BBC-ის ინფორმაციით, ფული 19 წლის ბელა მეი კალის ოჯახმა შეაგროვა.
დაკავებულის დედამ, ლიან კენედიმ მედიას დაუდასტურა, რომ ოჯახმა თანხა გადარიცხა და ახლა პროკურატურამ უნდა დაადასტუროს, რომ ის მიღებულია.
ბელა მეი კალი შემდეგ მოსმენამდე, რომელიც ორშაბათს არის დაგეგმილი, პატიმრობაში დარჩება.
"ჩვენ დავადასტურეთ, რომ თანხა გაიგზავნა. რაც შეეხება ბელას, ის ორსულობის 35-ე კვირაშია, თუმცა თავს მხნედ გრძნობს“ - განაცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ ბრალდებულის დედამ.
ბელა კალის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით მოლაპარაკებები "დასრულების პირასაა“.
“საპროცესო შეთანხმების პირობები ოჯახისთვის ცნობილია. საჭიროა ტექნიკური საკითხის მოგვარება, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება“, - განაცხადა მან.
როგორც ბრიტანული მედია წერს, სასამართლო გარიგების შესაბამისად, ბელა კალის სასჯელი 500 000 ლარის სანაცვლოდ, 2-წლიან პატიმრობამდე შემცირდება.
მანამდე ორსულ ახალგაზრდას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.