"ქეთი სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ფეხი მოიტეხა, ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ყველა ვეხმარებით, ნიკა ყურადღებას არ აკლებს ცოლ-შვილს" - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე ოჯახსა და პოლიტიკაზე? - კვირის პალიტრა

"ქეთი სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ფეხი მოიტეხა, ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ყველა ვეხმარებით, ნიკა ყურადღებას არ აკლებს ცოლ-შვილს" - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე ოჯახსა და პოლიტიკაზე?

ცნობილ ქართველ მსახიობს - ნანა ლორთქიფანიძეს ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით, თუ როგორია მისი დღევანდელობა მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი შვილიშვილის ბებია გახდა...

თუმცა ქვეყანაში შექმნილი, უკიდურესად გამწვავებული მოვლენების ფონზე, პოლიტიკაზე დასმულ კითხვებსაც მსახიობმა გულწრფელად უპასუხა...

- ქალბატონო ნანა, როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ჩემი დღევანდელობა არის - შრომა, შრომა და შრომა, სახლში თუ გარეთ..

- რაც კიდევ ერთი შვილიშვილი შეგეძინათ, იმის შემდეგ საქმე მოგემატათ?

- დიახ, რასაკვირველია, საზრუნავი კიდევ დამემატა... კიდევ ორი უფროსი შვილიშვილი მყავს და როგორც ყველა ქალს უწევს ჯაფა - სადილი, ვახშამი, სარეცხი და შემდეგ სამსახური, მეც ასე ვარ.

- უფროსი შვილიშვილები თქვენთან არიან?

- ამჯერად ჩემთან არიან, რადგან ჩემმა ქალიშვილმა ფეხი მოიტეხა. მასთანაც თითქმის ყოველდღე მივდივარ. სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ასე დაემართა. უფროსი ბავშვები სკოლაში დადიან, დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასასვლელად გამზადება სჭირდებათ, რასაც მე ვაგვარებ. ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით. მეუღლე ძალიან უდგას გვერდით.

- როგორი მამაა ნიკა?

- ნიკა ძალიან ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი მამაა, კარგი მეუღლე. ძალიან იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ ნიკა ყურადღებას არ აკლებს ცოლ-შვილს და ქეთის ძალიან ეხმარება. ბებია-ბაბუაც ძალიან ჩართულები არიან და მოკლედ, ყოველდღიურად ყველანი მაქსიმალურად ვართ პატარა რეზის გაზრდით მოცულნი.

- საზოგადოების ვიწრო წრიდან იყო მათ ასაკობრივ სხვაობაზე აქცენტი, ამას როგორ შეხვდით?

- ამას ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის მთავარია, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარს, ბედნიერები არიან და თვითონ ვერანაირად გრძნობენ, რამე ასაკობრივი სხვაობა ხელს უშლიდეთ. თან არც ისეთი სხვაობაა, საერთოდ, სალაპარაკოდ რომ ღირდეს. ამისთვის არც ერთს ყურადღება არ მიგვიქცევია, ღიმილისმომგვრელი იყო ეს ყველაფერი. მაგის გამო გაბრაზება მართლა არ შემიძლია, ისედაც ამდენი სანერვიულოა, ისეთი ყოფა გვაქვს.

- როცა შინ ამდენად დაიტვირთეთ, სამსახურს როგორ ასწრებთ?

- ძალიან რთულია, რადგან იმავდროულად რეპეტიციები, სპექტაკლები და გასვლითი სპექტაკლები მაქვს. მოგეხსენებათ, ტელევიზიაში გადაცემის წამყვანიც ვარ. ალბათ, ზოგს ამას ვაკლებ, ზოგს იმას, მაგრამ საერთო ჯამში, ვცდილობ, ყველგან მაქსიმუმი გავაკეთო, რადგან ბუნებით მაქსიმალისტი ვარ.

- დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე რას იტყვით?

- ძალიან დაძაბული სიტუაციაა, იმ მხრივ, რომ საზოგადოება ძალიან გაიყო. ვინმეს რამეს არ ვაბრალებ, მაგრამ ეს საპირისპირო მხარის დამსახურებაა. მე და ჩემს ახლობლებს არავისთან გვიჩხუბია, არავინ მინდა რამეში დავარწმუნო და ჩემს მხარეზე გადმოვიყვანო. თვითონ, გარკვეულმა ადამიანებმა ასე გაგვიწყვიტეს კონტაქტი და ურთიერთობები, პოლიტიკის გამო, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ადამიანი თუ მიყვარს, ჩემი მეგობარია და ვატყობ ამაზე საუბარი არ სურს, სულ არ დაველაპარაკები, სხვა სალაპარაკოს მეტი რა არის?!

- მთავრობას, რომელსაც ენდობით, ამდენად დიდი კორუფციული ფაქტები რომ გამოუვლინდა, თქვენთვის მტკივნეული არ იყო?

- რასაკვირველია ძალიან ცუდი ფაქტებია, ძალიან იმოქმედა მთავრობის მომხრეებზე და მათ შორის, ჩემზეც. სანუგეშებელი მაინც ის არის, რომ ხელისუფლებების დამოკიდებულების ცვლილებას მოვესწარით. ყველა ხელისუფლება თავის წარმომადგენლების კორუფციულ ფაქტებს რაღაცნაირად ატარებდა, ხელს აფარებდნენ. თუ ასეთი ღია ბრძოლა უნდა გამოცხადდეს კორუფციასთან, მარტო სხვებს კი არა, შინაურებსაც უნდა შეეხოთ! კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს! თუ ახლა ეს მაგალითი იქნება იმის, რომ არავის დაინდობენ, იქნებ, კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას! მარტო ჩვენი ქვეყანა ხომ არ არის ასე? აგერ საფრანგეთის პრეზიდენტს - ნიკოლა სარკოზის ხუთი წელი მიუსაჯეს.

მე ვერანაირ ანალიზს ვერ გავაკეთებ, რაც საქართველოში მოხდა. როგორც რიგითი მოქალაქე, ჯერ მაინც საბოლოო გამოძიების შედეგს ველოდები. მგონია, რომ რაღაცები გაირკვევა და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რასაკვირველია, არავის დანდობა არ უნდა იყოს! კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა ვაგოთ! მე თუ მაქვს პრეტენზია, რომ სხვის მიერ კანონის დაუმორჩილებლობა არ მომწონს, მეც უნდა დავემორჩილო რაღაც კანონებს!

- სამწუხაროდ, გარდაიცვალა ლაშა ბასლანძე... სოციალურ ქსელში ნახავდით უარყოფით კომენტარებს და ამაზე რა აზრის ხართ?

- საშინელებაა, ვეღარც კი ვკითხულობდი კომენტარებს, იმდენად იმოქმედა ჩემზე. როგორ შეიძლება ახალგაზრდა, გარდაცვლილ ადამიანზე ასეთს წერდნენ?! იგივე ხდებოდა, ლევან გაჩეჩილაძე რომ გარდაიცვალა.

გამოვუტანოთ დასკვნა, ვინ აკეთებს ამას? - ვინც საზოგადოება დაჰყო!

- „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ემხრობით?

- დიდი ხნის წინ უნდა აკრძალულიყო! თუმცა ალბათ ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხერხდა, გარედანაც ისეთი ზეწოლაა. ეს უშლიდათ ხელს, თორემ ეგ პარტია დიდი ხნის წინ იყო ასაკრძალი, ჯერ კიდევ 2012 წელს! სამწუხაროდ, ვერ გააკეთეს და მეც უფრო ჰუმანურად ვუდგები ამ ყველაფერს: შანსი მისცეს ყველას - მომღერლებს, მსახიობებს, პოლიტიკოსებსაც კი.. ჩვენ რა დღეშიც ვიყავით მათი მმართველობის პერიოდში, ამის შეხსენება, მგონი, აღარავის სჭირდება. რობერტ სტურუა ქვეყნიდან გააძევეს, მარტო თეატრიდან კი არა! არსად არ გვაჭაჭანებდნენ, ვინც მათი მომხრე არ იყო. ეს ხომ ამ ხელისუფლებას არ უქნია და მაგას ვამბობ, რომ მისცეს შანსი, ადამიანურად გვეცხოვრა. თუმცა ვერაფერი შეიშვნეს.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ზემოთ, წყლის აპარატებთან რომ ავდიოდით, შესვენებაზე წყლის დასალევად, ეგენი ვერ ამოდიოდნენ და თუ ისინი ავიდოდნენ, მერე ჩვენ ვეღარო... აი, ეს მოხდა. 2012 წლიდან მოყოლებული, უნიათოებს ეძახდნენ და ალბათ ეგონათ, რომ მართლა უნიათოები არიან. ახლა ნახავენ რაც არიან!

ეს არ არის მხოლოდ კორუფცია, სერიოზული დანაშაულები აქვს წინა ხელისუფლებას ჩადენილი. ახლა თუნდაც ლაშა ბასლანძის მაგალითი ავიღოთ, ოთხჯერ დააპატიმრეს და წამებაში, ცემაში ლამის სული ამოხადეს. სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებოდა ყველას, ვინც მაგათ ციხეში იყო... საგამოძიებო კომისიას რომ ვუსმენდი, ცუდად ვხდებოდი. მეგონა, ყველაფერი ვიცოდი, რასაც სჩადიოდნენ, რადგან ძალიან ჩართული ვიყავი იმ დროს ოპოზიციურ მოძრაობაში, თან გია გაჩეჩილაძესთან ვმუშაობდი. საზოგადოებრივ დარბაზში წერილები მოგვდიოდა პატარა ბავშვების, რომლებიც საპატიმროში ჰყავდათ. გვწერდნენ, გვაუპატიურებენო, ასეც იყო, თუ არა - გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ახლა ამბობენ, ცოცხების სცენა დადგმული იყოო, მაგრამ მაგათ ენას ხომ ძვალი არ აქვს. რასაც უნდათ, იმას აბრალებენ ადამიანებს.

(სპეციალურად საიტისთვის)