"ქმარს რომ გავცილდი, კლუბში მოცეკვავედ ვმუშაობდი, მისმა მეპატრონემ ორსულს აბორტის ფული მომცა - ჯერ შვილისთვის ძალიან ახალგაზრდა ხარო... არავის ვურჩევ, - კვირის პალიტრა

"ქმარს რომ გავცილდი, კლუბში მოცეკვავედ ვმუშაობდი, მისმა მეპატრონემ ორსულს აბორტის ფული მომცა - ჯერ შვილისთვის ძალიან ახალგაზრდა ხარო... არავის ვურჩევ, ღამის ცხოვრებას მიენდოს. მანდ მაინც ეშმაკისეულია ყველაფერი" - ნანა ტომარაძის სულისშემძვრელი ამბები წარსულიდან და ახალი ცხოვრების დასაწყისი

"ჩემი შვილის მამა მუსლიმანია და ბავშვი რომ გაიზრდება, თავად აირჩევს რელიგიას..."

სილამაზით გამორჩეული ნანა ტომარაძე ხშირად ხვდება პრესის ყურადღების ქვეშ... იგი პირველად 13 წლის ასაკში გათხოვდა, 20 წლით უფროს მამაკაცზე, დღეს ხშირად ამხელს მის ყოფილ მეუღლეს პედოფილიაში... შემდეგ კიდევ რამდენიმე ქორწინება იყო, მათ შორის ჰყავდა უკრაინელი მეუღლეც... ბრიტანული გამოცემა - "The Time" ვრცელ სტატიას უძღვნიდა იმ უცხოელ ქალებს, რომლებიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სტატიაში საუბარი ქართველ მებრძოლ ქალებზეც - ნანა ტომარაძესა და დარეჯან მაისურაძეზეც იყო...

ნანა ტომარაძემ ქვეყანა დატოვა, შვილთან ერთად, ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, მანამდე კი მარტოხელა დედობის ურთულესს პერიოდზე გვიამბო...

- ნანა, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე დარჩით მარტო...

- დიახ, ჩემი შვილის მამა მუსლიმანია. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ ბავშვი რომ გაიზრდება, თავად აირჩევს რელიგიას... კლუბში მოცეკვავედ ვმუშაობდი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდებოდი. იმ დროს უკვე მე და ბავშვის მამა ერთად აღარ ვიყავით. კლუბში მუშაობა რომ დავიწყე, ბავშვობის მეგობრებიც დაკარგული მყავდა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შედეგად და სანაცნობო წრე, ძირითადად, კლუბებიდან მყავდა. მისმა მეპატრონემ აბორტის ფული მომცა - ჯერ შვილისთვის ძალიან ახალგაზრდა ხარო. მეც უკვე სამსახურზე, მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე ვფიქრობდი. ამ საზოგადოებამ ტვინი ამირია. იმის მაგივრად, რომ ერჩიათ, ბავშვი გააჩინეო, პირიქით, თავისკენ მექაჩებოდნენ. ამ გადმოსახედიდან არავის ვურჩევ, ღამის ცხოვრებას მიენდოს. მანდ მაინც ეშმაკისეულია ყველაფერი, მხოლოდ გართობაა, არაფერი სერიოზული. დიდი ხანია, ამას მივხვდი.

1369cead-7a07-406c-a3d6-d5145d709db1-1761666908.jpg

- სად და როგორ პირობებში გიწევდათ ცხოვრება?

- ორსულობის პერიოდში მეგობრებთან ვცხოვრობდი, რაც ურთულესი იყო. მათ ვეხმარებოდი, სადილებს ვამზადებდი, ვალაგებდი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შემეძლო და დედასთან წასვლა გადავწყვიტე. დედა უკვე ძალიან ცუდად დამხვდა. ფიზიკურად, მორალურად ძალიან იყო შერყეული. ღრმა დეპრესია ჰქონდა, რადგან ყველა ერთდროულად ამოუწყდა: მშობლები, და-ძმები... თან არა სიბერით, არამედ - ისე მიჰყვნენ ერთმანეთს. როგორც ვიცი, დაწყევლილი ოჯახი იყო უკრაინაში... დედა ძალიან დიდ სტრესში იყო, რადგან საქართველოში სახლის დაკარგვა, გამოსახლებები გადაიტანა, უკრაინაში კი - ოჯახის წევრების დაკარგვა. მაინც ვამჯობინე ცხოვრება დედასთან ერთად გამეგრძელებინა და მასთან გადავედი იმ გამყინვარებაში. დედა ცუდად იყო, მამაჩემი მატერიალურად ვეღარაფერს წვდებოდა. ბიზნესმენი არასოდეს ყოფილა, ჩვეულებრივი ხელოვანი ადამიანია, ოჯახი წვალებით გაჰქონდა. მეც ძალიან ბევრი სანერვიულო მქონდა, რადგან ბავშვის მამას აღარ უნდოდა ჩემთან კონტაქტი.

- დედასთან რამდენ ხანს დარჩით?

- ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ... 2013 წელს მამაჩემი იყო ჩვენთან სტუმრად მოსული და მეორე ოთახში მამას ყვირილი გავიგონე, ნანა დროზე შემოდიო... მაშინვე მივხვდი, რომ დედაჩემი კვდებოდა. რვა თვის ორსული დედას ჩავეკარი, უკვე ხროტინებდა, ჩემს ხელში დალია სული... მაშინ მხოლოდ 22 წლის ვიყავი. იმ დღეს თითქოს ერთბაშად გავიზარდე. მივხვდი, რომ ეს ცხოვრება, თურმე, ასე ადვილიც არ ყოფილა. დრო მოვიდა გაძლიერების, რაღაცის შეცვლის.

nana-tomaradze-3-1687946119.jpg

დღემდე ძალიან მაწუხებს, დედას გვერდით დგომა სათანადოდ რომ ვერ შევძელი და მეგობრებს გადავყევი... ოჯახის ახლობელმა დედაჩემისთვის ორადგილიანი საფლავი იყიდა, ქელეხიც მან გადაუხადა... დედას გარდაცვალების შემდეგ ვარკეთილში გადავედი საცხოვრებლად, მამასთან. მშობიარობამდე, ყოფილი ქმარი შორიდან გვეხმარებოდა, ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში, ამას ვერასოდეს დავუკარგავ. რაც შეეძლო, ყურადღებას იჩენდა, ასე ვთქვათ, შვილს მუცელში უვლიდა... თვითონაც სახლი არ ჰქონდა, სტამბოლში ბარმენობით ირჩენდა თავს. მართალია, ჩვენ დაშორებულები ვიყავით, მაგრამ დავურეკე და გავაგებინე, დედა გარდამეცვალა-მეთქი... სულ ვოცნებობდი, ოჯახი ბედნიერად ცხოვრებას როგორ გავაგრძელებდით, მაგრამ ბავშვის მამამ ვერ შეძლო ეპატიებინა, კლუბში რომ დავბრუნდი, თუნდაც -ცოტა ხნით. მე მისი დღეს კარგად მესმის, მაგრამ კლუბში მართლა არაფერი დამიშავებია, იქ ცეკვის მეტს არაფერს ვაკეთებდი. მეც მალევე მივხვდი, წამოსვლა რომ ჯობდა და წამოვედი კიდეც.

ჩემი შვილი რომ გაჩნდა, კლუბის მეპატრონისგან 3 000 ლარი ვისესხე. თუმცა მეტი მეკუთვნოდა, იმდენი მქონდა ნამუშევარი. ერთი თვე რომ გავიდა, კლუბის მეპატრონემ დამირეკა, ბავშვს ბუნებრივ კვებას თავი დაანებებინე, კლუბში დაბრუნდი, იმუშავე და ვალი ჩამასესხეო. ორმოცი დღეც კი არ მაცალა, როგორც ქალმა ვერ გამიგო, ამიტომაც ორმოცი დღის გასვლის შემდეგ სამსახურში გასვლა გადავწყვიტე. ბავშვის მამაც ჩამოვიდა შვილის მოსანახულებლად, მაგრამ კონფლიქტი მოგვივიდა და ისევ თურქეთში დაბრუნდა. მე მას ავუხსენი, რომ ასე ცხოვრებას ვეღარ შევძლებდი.

ჩემმა დამ მითხრა, რომ შვილის გაზრდაში ვერ დამეხმარებოდა, რადგან სამუშაოდ უნდა გასულიყო. თვითონაც ქმარს ახალი გაშორებული იყო, ორი შვილი უნდა შეენახა და სამსახური მისთვის აუცილებელი იყო. ჩემი ძმაც უკვე ცალკე, თავისთვის იყო, თან დედის გარდაცვალება იმდენად მძიმედ განიცადა, რომ დღემდე სტრესი აქვს. დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს ოჯახით.

nana-tomaradze-8-1687946523.jpg

ასე რომ, სრულიად მარტო დავრჩი. ჩემი მეუღლის შესახებ არაფერი ვიცოდი, რაღაცებს ახლა ვიგებ... მეგონა, რომ შემირიგდებოდა და არ შემირიგდა, არც მცდელობა ჰქონია. მე უკვე ცხოვრებაში ბევრი რამ მქონდა გადატანილი და ვხვდებოდი, რომ დამოუკიდებლობა ყველაზე ხელსაყრელი იყო ჩემი და ჩემი შვილის მომავლისთვისაც. გაჩერების და მოდუნების უფლება არ მქონდა. უკვე კლუბის მეპატრონეც ძალიან მაწუხებდა, 3 000 ლარი სასწრაფოდ უნდა ჩამასესხოო. როგორც ვახსენე, მისი ვალი არც მქონდა, რადგან ძალიან ბევრი ნამუშევარი მქონდა, მაგრამ ძალით მექაჩებოდა - მოცეკვავე სჭირდებოდა. ცოტა ხანს მივედი, ვიმუშავე, როგორც კი თანხა შეგროვდა, ბარმენთან ვუთხარი, ბიჭი გავაჩინე და ვეღარ ვაკადრებ ჩემს თავს, ჩემს შვილს და ვერავის, ისევ ამ სფეროში დავრჩე-მეთქი. ვთხოვე, რამე სამსახურის შოვნაში დამხმარებოდა. ბარმენმა - ბექა თორაძემ მომისმინა, შეისმინა ჩემი თხოვნა და ძალიან დამეხმარა, თურქების კლუბში მიმიყვანა. იქიდან გამომდინარე, რომ მე მოცეკვავედ ვეღარ ვიმუშავებდი, დავთანხმდი და ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე კლუბში მუშაობა ბარმენად დავიწყე. ჯერ ვსწავლობდი ბარმენობას, შემდეგ - ერთი წელი ვიმუშავე.

საღამოს შვიდი საათიდან დილის შვიდ საათამდე ვმუშაობდი, 13 საათი იქ ვიყავი. ჩემი მეზობელი - ვიოლეტა ავიყვანე ძიძად, რომელიც ჩვენგან ერთი სართულით დაბლა ცხოვრობდა. მან დაიტოვა ჩემი შვილი. 24-საათიანი გამოდიოდა, რადგან იმ დონეზე დატვირთული ვიყავი, ბავშვს ყოველდღე ვერ ვნახულობდი. ხელფასი 1 100 ლარი მქონდა და 1 200 ლარს ვუხდიდი ძიძას. ათასი ლარი მისი ხელფასი იყო და დანარჩენი რძის პროდუქტებისთვის. ჩემ შესახებ ხალხის ჭორები არა და არ წყდებოდა, ახლა იმაზე ილანძღებოდნენ, თუ რატომ ვმუშაობდი თურქულ ბარში ბარმენად მთელი ღამე. თურქულ კლუბში თუ ვინმე მიმტანად ან ბარმენად მუშაობს, ყველა სუსტი ყოფაქცევის ქალად წარმოუდგენიათ.

სულ სუსტი ყოფაქცევის ქალად რატომ მხედავდნენ, ვერ ვხვდებოდი?!

nana-tomaradze-1-1687945655.jpg

13 საათს თავდაუზოგავად ვშრომობდი, ძიძის ფული რომ გადამეხადა და ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა. ამ დროს სულ წნეხში ვიყავი, რომ თურქულ კლუბში, თურმე, ცუდ გზას ვადექი. მოცეკვავე ვიყავი და ასეთი დამოკიდებულება იყო, ბარმენობის დროსაც იგივე, არაფერი იცვლებოდა... ძალიან დაღლილი ვიყავი ამდენი ჭორით, მაგრამ ვუმკლავდებოდი, არ ვუსმენდი. მე ყოველთვის იმის მჯეროდა, რასაც დედაჩემი გამუდმებით მიმეორებდა - შვილო, სადაც უნდა იყო, შენი თავი არასოდეს დაკარგო, შენს თავს პატივი ეცი და ცუდ გზას არასოდეს დაადგეო. ეს იყო ჩემთვის, როგორც კანონი. ამ დამოკიდებულებას არასოდეს ვივიწყებდი, მაგრამ საზოგადოებისთვის რთულად აღსაქმელი იყო.

ვისაც ეს ყველაფერი არ გამოუცდია, ვერც მიხვდება, რაც გამოვიარე.

ძალიან ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, მაინც კლუბში დავრჩი და ჩემს საქმეს ვაგრძელებდი. შემდეგ უკვე ირანელების კლუბში გადავედი, იქვე, მახლობლად. იქაც გარკვეული პერიოდით დავრჩი... შემდეგ კი სად არ ვიმუშავე: უძრავი ქონების სააგენტოში, სასტუმროს მიმღებში, ხან ლოჯისტიკის ტრენინგებზე დავდიოდი, ვსწავლობდი. სერტიფიკატიც ავიღე. სულ მიდრეკილი ვიყავი რაღაც წინსვლისთვის, მაგრამ ფინანსები ხელს არასოდეს მიწყობდა. ერთი წელი ველოდებოდი ჩემი შვილის მამას. შედეგ გავიგე, რომ თურქ ქალზე დაქორწინდა. ჩვენ არ ვიყავით ოფიციალურად დაქორწინებულები... მის შესახებ რომ გავიგე, გული ძალიან მეტკინა. წარმოიდგინეთ, ერთი წელი ველოდებოდი. შემდეგ მივხვდი, რომ მასთან დაკავშირებით აზრი აღარაფერს ჰქონდა.

- საბოლოოდ დაშორდით?

- დიახ... შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება კარგისკენ შეცვალა და ყველაფერი ამოატრიალა. ბევრს ვმოგზაურობდით, ვსწავლობდი, ხატვა დავიწყე, ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ბავშვის წამოყვანაც მინდოდა ჩემთან, მაგრამ ვეღარ ხერხდებოდა. ორიენტირებული ვიყავი სწავლაზე, კარიერის აწყობაზე. მეგონა, ჩვენი ძიძა - ვიოლეტა დედის მაგივრობას გაუწევდა. მეც სულ მეუბნებოდა, თითქოს ჩემი მეორე დედიკო იყო. ის პერიოდი თვითრეალიზებით ვიყავი დაკავებული, თან ბავშვს ყურადღების გარეშე არასოდეს ვტოვებდი. ვცადე მისი წამოყვანა, ჩემთან ერთად რომ ეცხოვრა, მაგრამ ძალიან ტიროდა, ბჟირდებოდა. ხან ვიოლეტასთან ერთად იყო, ხან ჩემთან... ბოლოს ისე მოხდა, ძიძას ბავშვი იმ დონეზე შეუყვარდა, რომ მეზობლებმა მითხრეს, ჭორები დადის, დედამ ბავშვი მიატოვაო... არადა, ძიძა იყო, რომელსაც 12 წლიდან ვიცნობდი და ვენდობოდი. თავად მოისურვა, უკეთესი იქნება ბავშვი ჩემს სახლში ცხოვრობდეს, რატომ უნდა ვიარო მეოთხე სართულზე, როცა ასე ახლოს ვართო. ხუთი წლის იყო უკვე გაბრიელი, როცა მივხვდი, რომ მეტად წინ ვეღარ წავიდოდი. ბავშვიც უკვე ჩემთან მეტ დროს ატარებდა, ძალიან მომეჩვია, აღარ ტიროდა. მე უკვე ძალიან მენატრებოდა, არავინ იცის, ხუთი წლის განმავლობაში რამდენჯერ მიტირია, რას განვიცდიდი. მინდოდა მყარი ოჯახი, ჩემს შვილთან წყნარად, მშვიდად ცხოვრება, მაგრამ ცხოვრებამ იქეთ წამიყვანა, რომ როგორც შევძელი, ისე გავზარდე ჩემი პატარა. ჩემთან რომ წამოვიყვანე, მახსოვს, ძიძამ მომაძახა, ბავშვი მზამზარეულზე გინდოდაო. ამ სიტყვებმა ძალიან დიდ სტრესში ჩამაგდო, კიდევ უფრო დამთრგუნა. 24 საათი ვშრომობდი, ვწვალობდი და უცებ ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ასეთ რამეს მეუბნებოდა. თითქოს მე აღმა-დაღმა დროის გასატარებლად დავქროდი და შვილისთვის არ მეცალა, ახლა კი უცებ მომინდა. უდიდესი სტრესი მქონდა, ერთი წელი ამ ოჯახს არ ველაპარაკებოდი, ძლივს გავუძელი იმ ნერვიულობას, მაგრამ საბოლოო ჯამში, შევრიგდით. დღეს პატივს ვცემთ ერთმანეთს, მაგრამ სულ ტკივილად დამრჩა მისი სიტყვები. მე, მარტოხელა გოგო, ამდენი სიძნელით მოვდიოდი და კიდევ ასეთ რამეს მეუბნებოდა...

- როგორ აგეწყოთ ურთიერთობა იმჟამინდელ მეუღლესთან?

- შემდეგ ჩემი და გათხოვდა. მე იმ სახლიდან წამოსვლა მომიხდა, რადგან იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. ისეთი პირობა შემიქმნეს, იქიდან რომ წამოვსულიყავი. ისე, აღარც მინდოდა იქ გაჩერება, რადგან ადგილი არ იყო. წამოვედით, ბავშვიც წამოვიყვანე.

97137558-9511-4195-8b9c-a6de767ce935-1761666762.jpg

ჩემმა მეორე ნახევარმა იზრუნა ბინაზე, ჯერ ქირაობდა, შემდეგ მაჩუქა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ასეთმა პიროვნებამ მიღალატა, სხვა ქალი გაიჩინა. არადა, იმ ქალთან ერთად ბარში რომ ვიჯექი, მეუბნებოდა, ამ მამაკაცთან შენ ფულის გამო ხარო, რაზეც ძალიან დიდი კონფლიქტი მომივიდა. საბოლოო ჯამში, ისინი ერთად აღმოჩნდნენ, ჩემი ცხოვრებიდან წავიდა... მე სულ მატყუებდა, რაღაცებს მიმტკიცებდა.

ბინა, რომელიც მაჩუქა, იპოთეკით შეიძინა, გადახდა თვითონ ეკისრებოდა. მე გამიფორმა, ჩვეულებრივად მაჩუქა. არ ვიცი, ამ გოგომ ასეთი რა უთხრა, პირი შეკრეს ჩემ წინააღმდეგ. ორი წელი მატყუებდა, თურმე, მას ხვდებოდა. ეს მამაკაცი მაძახებდა, რომ თურმე ექვსი წლის განმავლობაში მას ფულის, სახლის გამო ვიყენებდი. ვერაფრით დავამტკიცე, რომ ასე არ იყო. ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და სიმართლეს ყველას პირში ვეუბნები, მაგრამ არ ვიცი, იმ გოგომ რით მოაჯადოვა, საბოლოო ჯამში, რაღაცების მტკიცებით ძალიან დავიღალე. დავუბრუნე მას ბინა და საცხოვრებლად მამაჩემთან გადავედი, სადაც დღემდე ვცხოვრობ.

nana-tomaradze-4-1687946057.jpg

კარგა ხნის შემდეგ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც უკრაინელი გახლდათ. ომშიც იმიტომ წავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ იქ იყო ჩემი მეუღლე, ძმა, მისი ოჯახი... ქმრის დედასთან და მამასთან წავედი, მეგონა, ჩემებს გვერდით დავუდგებოდი, მაგრამ ყველა ჩამეხსნა, გაქრნენ. ქართულ ლეგიონში მოვხვდი. რითიც შემეძლო, ყველას გვერდით ვედექი. ომის ამბებზე ბევრი რომ არ ვისაუბრო, მივხვდი, რომ ყველა თავისთვის იყო, ზოგი კარგ, ზოგი ცუდ საქმეში. დას არ მოვუკითხივარ, ძმასთან კი სამთვე-ნახევრის განმავლობაში სულ ხაზზე ვიყავი, მინახულა კიდეც. დასთან კონფლიქტი მქონდა, უკრაინის ომში წასვლამდე. ბინის შესახებ დღემდე გვაქვს სიტყვიერი დავა, დათმობაზე არც ერთი მივდივართ... იმდენად ბევრი სირთულე შემხვდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, საქართველო დამეტოვებინა... ჩემი შვილი ამჟამად მამასთანაა, თურქეთში, მე კი ესპანეთში ვარ... იმედი მაქვს, ახალი ცხოვრებაც მალე დაიწყება და უკეთესობისკენ შეიცვლება...

(სპეციალურად საიტისთვის)