სუსტი ნერვების მქონეებმა არ წაიკითხოთ: გამოთვალეს, რამდენი ადამიანი დაიღუპება, თუ რუსეთი "განკითხვის დღის იარაღით" ბრიტანეთს დაარტყამს - კვირის პალიტრა

სუსტი ნერვების მქონეებმა არ წაიკითხოთ: გამოთვალეს, რამდენი ადამიანი დაიღუპება, თუ რუსეთი "განკითხვის დღის იარაღით" ბრიტანეთს დაარტყამს

დიდ ბრიტანეთში გამოთვალეს, რამდენი ადამიანი დაიღუპება, თუ [რუსეთი] ლონდონს, გლაზგოს და სხვა ქალაქებს ბირთვული იარაღით დაარტყამს“, - ნათქვამია გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „თუ ხვალ ომი იქნება“: ადამიანთა დაღუპვის საშინელი ციფრები, რომელსაც ბირთვული დარტყმა გამოიწვევს“ (ავტორი - ემილი მალია).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით (სუსტი ნერვების მქონე მკითხველებს ამ სტატიის წაკითხვას არ ვურჩევთ):

გლობალური დაძაბულობის ზრდის კვალობაზე, გამოქვეყნდა ახალი დაზუსტებული მონაცემები, თუ როგორი შედეგები ექნება დიდ ბრიტანეთზე [რუსეთის] ბირთვულ დარტყმას.

საფოლკის საგრაფოში მდებარეობს ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა - „ლეიკენჰიტი“, რომელსაც აშშ აკონტროლებს და სადაც, ალბათ, მოკლე ხანში ამერიკულ (ნატოს) ბირთვულ იარაღს მიიტანენ. ეს არის უდიდესი რისკი დიდი ბრიტანეთისათვის, იმდენად, რამდენადაც ქვეყანა შეიძლება აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების წინახაზზე აღმოჩნდეს.

ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსება დიდ ბრიტანეთში ბირთვული დარტყმის მიყენების ალბათობას ზრდის. ომის შემთხვევაში, ლეიკენჰიტის ბაზა, სავარაუდოდ, ყველაზე პირველი და მთავარი სამიზნე გახდება, ვიდრე მოწინააღმდეგე მთელ ბრიტანეთში მდებარე სხვა სამხედრო ობიექტების დაბომბვას დაიწყებს.

რა თქმა უნდა, აშშ-ს (ნატოს) და რუსეთს შორის ბირთვული ომი მთელი დედამიწისათვის კატასტროფა იქნება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა უშუალო გავლენას მოახდენს ატომური დარტყმა დიდი ბრიტანეთის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე.

ორგანიზაცია „ბირთვული განიარაღების მოძრაობის“ (CND) მონაცემებით, ნებისმიერ ქალაქზე თუ დასახლებულ პუნქტზე განხორციელებულ ერთ ბირთვულ დარტყმასაც კი ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკოგარემოსათვის კატასტროფული შედეგები ექნება. რასაკვირველია, უფრო ფართოდ გავრცელდება რადიოაქტიური დაბინძურების არეალი. ზოგადად კი, ბირთვული ომი კაცობრიობისათვის და ჩვენი ცივილიზაციისათვის დამღუპველი იქნება. სამწუხაროდ, ატომური დარტყმების მიყენების შესაძლებლობა ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად იზრდება.

მსხვერპლი ეპიცენტრში: მშრალი ციფრები

რუსული ბირთვული სტრატეგიული რაკეტის - „ტოპოლის“ («Тополь» – „ალვის ხე“) დარტყმის შედეგად ლონდონზე, დაახლოებით, მილიონი ადამიანი დაიღუპება. მოსკოვი გლაზგოს თუ დაარტყამს, მოკვდება 326 ათასი, კარდიფში კი - 196 ათასი.

ბირთვული აფეთქების ცენტრში ტემპერატურა ცელსიუსით რამდენიმე მილიონ გრადუსს მიაღწევს. აფეთქებისაგან წარმოქმნილი თბური ტალღის („გავარვარებული ჰაერის“) შედეგად ადამიანის ორგანიზმის ქსოვილი აორთქლდება - ეს მოხდება, დაახლოებით, ოთხი კვადრატული კილომეტრის რადიუსში. 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკში ამერიკული ატომური ბომბების აფეთქების შედეგად ერთი კილომეტრის რადიუსში მხოლოდ ადამიანთა ჩრდილებიღა დარჩა, ქვაზე გამოსახული. იმ დროს დაიღუპა, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი, რომელთა უმეტესი ნაწილი მშვიდობიანი მცხოვრებლები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ზელენსკის დილემა ანუ ახლოვდება თუ არა კატასტროფა? - ტრამპი: "უკრაინამ უარი უნდა თქვას დონბასზე, რუსეთის სასარგებლოდ ან რუსეთი უკრაინას გაანადგურებს"

გაიყინება თუ არა უკრაინა ზამთარში?! - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი

"მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!

"ევროპას თანამედროვე ჩერჩილი სჭირდება... ევროპის ლიდერებმა პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანელი ლიდერის სულს უნდა მოუხმონ" (The Daily Telegraph)

ისინი, ვინც შენობებში იქნებიან - ეპიცენტრიდან 6 კილომეტრში - დაიღუპებიან ან დარტყმითი ტალღისაგან (შეკუმშული ჰაერის ზემოქმედებისგან), ან გაჩენილი ხანძრების შედეგად წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურისაგან. გარდა ამისა, ხანძრების ერთობლიობა წარმოქმნის „ცეცხლოვან ზღვას“, რომელიც სწრაფად გამოიყენებს ჟანგბადს, რაც, თავის მხრივ, ცოცხალი არსებისათვის, ასევე, სიკვდილის მომტანია.

როცა მაღალი ტემპერატურით „ცეცხლის ზღვა“ იქმნება, ხდება ჰაერის მასების შეკუმშვა-გაფართოება დედამიწის ზედაპირიდან ახლო სიმაღლეზე. ამის შედეგად შეიძლება გრიგალები წარმოიქმნას და ის ადამიანებიც, რომლებიც თავს შეაფარებენ და პირველ ეტაპზე როგორღაც ცოცხლები დარჩებიან, ჟანგბადის უკმარისობის გამო მაინც დაიღუპებიან. ორგანიზაციის ანგარიშში ასახული მონაცემებით, „ელვისებური სიკვდილის“ დონე ბირთვული დარტყმის ზონაში 90%-ს გადააჭარბებს.

ბირთვული დარტყმის ფარგლებს მიღმა

იმ რაიონისაგან მოშორებით, რომელიც უეცარი ნგრევის ქვეშ აღმოჩნდება, თანდათან მოიმატებს ადამიანთა სიკვდილიანობა ანუ მათი გარდაცვალების რიცხვი, ვინც პირველ აფეთქებას გადაიტანს. დაახლოებით 11 კილომეტრში აფეთქების ეპიცენტრიდან ადამიანები მიიღებენ დამწვრობას და სხვადასხვა გარე ორგანოების (უმეტესად კიდურების) დაზიანებას, რომლებსაც ამპუტაცია დასჭირდებათ. ხშირი იქნება დაბრმავებისა და შიდაორგანოების დაზიანების ფაქტები.

ჩვეულებრივი ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფებისაგან განსხვავებით, ბირთვული აფეთქებისას სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალი იქნება, რადგან ექსტრენული დახმარების სტრუქტურებს არ ექნებათ თავიანთი ფუნქციების დროულად და სწრაფად შესრულების შესაძლებლობა - ატომური დარტყმის შედეგად ისინიც დაზარალდებიან და მათი ტექნიკაც განადგურდება.

ცოცხალი დანაკარგების განუზომელი მასშტაბი დიდი ბრიტანეთის სამედიცინო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს: ეპიცენტრიდან 17 კილომეტრში უამრავი დაზარალებული იქნება, ჩამსხვრეული ფანჯრებისა და დაზიანებული შენობებისაგან.

გრძელვადიანი შედეგები: შიმშილობა და კლიმატის ცვლილება

ბირთვული დარტყმის შემდგომ დღეებში ისინიც კი, ვისაც იღბალი ჰქონდა და გადარჩა, ძლიერი რადიოაქტიური დასნებოვნების ქვეშ აღმოჩნდება (ატმოსფერული ნალექებისა და გაჭუჭყიანებული ჰაერის გამო). მათი უმრავლესობა ერთ კვირაში მოკვდება. რადიაციის შედეგები სხვადასხვანაირად გამოვლინდება: ზოგს თმა გასცვივდება, ზოგს ღრძილებიდან სისხლდენა დაეწყება, ბევრს ექნება ციებ-ცხელება, პირღებინება, შიდასისხლდენა და ფსიქოლოგიური გადახრები.

მათ, რომლებიც რადიოაქტიური გამოსხივების დაბალი დონის არეალში მოხვდებიან, მაინც გამოუვლინდებათ გართულებები, მაგალითად, ფეხმძიმე ქალებს - მუცლის მოშლა და მძიმე მშობიარობა. გრძელვადიანი პროგნოზით, რადიაციის კვალი თავს იჩენს კიბოს დაავადებების სწრაფი ზრდით... მოსახლეობაზე ასეთი ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება 20 წელზე მეტხანს გაგრძელდეს, აფეთქების დროიდან. ბავშვები, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში რადიაციის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდებიან, დაიბადებიან მნიშვნელოვანი ანომალიებით და მათ ხშირად ლეიკემია („სისხლის გათეთრება“) დაემართებათ.

მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხესთან ერთად, ბირთვული იარაღი, როგორც წესი, სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებასა და კლიმატს ისეთი მასშტაბით, რომელიც სხვა სახეობის იარაღის გამოყენებისას ვერანაირად შეედრება. პროგნოზების თანახმად, ბირთვული ომის შედეგად დედამიწის დარჩენილი მოსახლეობა (ალბათ, ორ მილიარდამდე) შიმშილობის ზღვარზე დადგება, კლიმატის დარღვევის („ბირთვული ზამთრის“) შედეგად, რომელიც სურსათ-სანოვაგის წარმოებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

წყარო