"მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც ახლახან ასე... დიაგნოზის შესახებ პირველად 2011 წელს გავიგე, 5 წლის შემდეგ აღმოჩნდა რეციდივი" - ნატო მეტონიძე კიბოს დიაგნოზსა და მკურნალობაზე
ოქტომბერი ტრადიციულად ძუძუს კიბოსთან ბრძოლის გლობალური თვეა, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს დროული დიაგნოსტიკის სასიცოცხლო მნიშვნელობას. "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, ცნობილი ექიმი კოტე მათითაშვილი თავის პოდკასტში უმნიშვნელოვანეს თემას შეეხო და სტუმრად მომღერალი, ნატო მეტონიძე მიიწვია.
ნატო მეტონიძე არის ქალი, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ვერაგი დაავადება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახლა მეორედ უწევს ამ რთული გზის გავლა. მომღერალი გულწრფელად იხსენებს პირველ დიაგნოზს 2011 წელს, იმ საშინელ შიშსა და განცდებს, რაც დიაგნოზის გაგებამ მოიტანა. ის საუბრობს იმ უდიდეს როლზე, რომელიც მკურნალობის პროცესში მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერამ ითამაშა.
სამი წლის წინ, ერთხელ გამორჩენილი ანალიზის შემდეგ გაიგო, რომ დაავადება 5-წლიანი სიმშვიდის შემდეგ, მეორედ, უკვე მეტასტაზური ფორმით დაუბრუნდა:
- ახლა მეორედ გავდივარ ამ გზას. კლასიკური ვარიანტია, რომ გგონია, შენ არასოდეს დაგემართება. შემდეგ ცოტა ხანს ვერ აცნობიერებ და მერე გიწევს. პირველად 2011 წელს გავიგე დიაგნოზის შესახებ, სარკეში აღმოვაჩინე, თვალსაჩინო იყო. შემდეგ ექიმს მივაკითხე, ოპერაცია ავსტრიაში გავიკეთე, სხივური თერაპიაც იქ ჩავიტარე. აღმოჩნდა, რომ კარგ ეტაპზე აღმოვაჩინე დაავადება. ამ დაავადებასთან ბრძოლა თუ გიწევს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიაკითხო სპეციალისტს. ამ დროს ბევრად მარტივია აქედან თავის დაღწევა და გზას, რასაც გადიხარ, ისიც.
- რა რეაქცია გქონდათ, დიაგნოზის შესახებ რომ შეიტყვეთ.
- საშინელი შიში იყო, ამ დროს ძალიან ცუდი პროგნოზები მოგდის თავში, არასასიამოვნოა. თან მაშინ არ იყო ჩვენთან ასე მედიცინა. შემდეგ უღრანი ტყეა, არ გინდა გაიგო და წარმოიდგინო, რომ ეს შენ დაგემართება ან შენს ოჯახში ვინმეს.
თავიდან არ მინდოდა ყველასთვის მეთქვა. ორმა ჩემმა მეგობარმა იცოდა და ჩემმა დამ. ძალიან მჭირდებოდნენ ეს ადამიანები. მე თანახმა ვიყავი აქ გამევლო ეს მკურნალობა, მაგრამ რატომღაც აიჩემეს, რომ უცხოეთში ჯობდა. ადამიანების მხარდაჭერა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავი მარტო არ იგრძნო.
ჩემს მეგობარს უკვე ჰქონდა ეს გზა გავლილი, ავსტრიაში, იმ ექიმთან, რომელთანაც მან იმკურნალა. თავდაპირველად გავიკეთე ოპერაცია, მორფოლოგიის პასუხი რომ მოვიდა აღმოჩნდა პირველი სტადია. ამის გამო, ქიმია არ დამჭირდა, მხოლოდ სხივური და ჰორმონო თერაპია დამჭირდა. შემდეგ ექვს თვეში ერთხელ შემოწმებაზე დავდიოდი, შემდეგ წელიწადში ერთხელ.
მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც ახლახან ასე...
მანამდე არ ჩამიტარებია სკრინინგი, უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი, როგორც იქცევიან ახლა სხვა ქალები. სადღაც შუა გზაში მივხვდი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მინდა, რომ ეს ყველამ გაიაზროს. არ აისხლიტონ, მივიდნენ სპეციალისტთან. უბრალოდ ღმერთის ნება იყო, რომ გადავრჩენილიყავი და დავრჩენილიყავი ამ ქვეყანაზე.