გადამღობი აეროსტატები კრემლის თავზე - როგორ ემსგავსება პუტინის მოსკოვი სტალინის დროინდელს
გასულ ღამესაც უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მორიგი მასობრივი საჰაერო შეტევა განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ჩრდილო-კავკასიისკენ, ისე -თავად მოსკოვისკენ...
კრემლის კედლებთან საზენიტო ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული პიკაპების გამოჩენაზე ამ ბლოგში უკვე ვწერდით(იხილეთ 27 ოქტომბრის სტატია „კრემლის კედელთან საზენიტო ტყვიამფრქვევებით - ანუ ის, რაც მიიღო პუტინმა თავისი 25-წლიანი აგრესიული პოლიტიკით“), ამჯერად კი იმ აეროსტატებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც მალე შეიძლება გამოჩნდნენ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის თავზე, უკრაინული დრონების შეტევებისგან თავის დასაცავად...
გადამღობი აეროსტატების გამოყენება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს, როდესაც სამხედრო ავიაცია იბადებოდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს ამგვარი აეროსტატები იცავდნენ ომში მონაწილე ქვეყნების ყველა დედაქალაქს, მათ შორის - ლონდონს, ბერლინსა თუ მოსკოვს.
რაც შეეხება კონკრეტულად საბჭოთა კავშირის დედაქალაქს, მთელი ომის განმავლობაში, 1941 წლის 22 ივლისიდან (გერმანულმა „ლიუფთვაფემ“ მოსკოვის პირველი მასობრივი საჰაერო დაბომბვის განხორცილება ამ ომის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე სცადა) 1945 წლის გაზაფხულამდე, მოსკოვზე 134 საჰაერო შეტევა მიიტანეს, საერთო ჯამში - 9 ათასამდე გერმანული ბომბდამშენის მონაწილეობით, რომელთაგან უშუალოდ მოსკოვის ცენტრისკენ გაჭრა მხოლოდ 243-მა ეკიპაჟმა შესძლო. მოსკოვზე ჩამოყრილი იქნა 1 526 ფუგასური და 45 ათასამდე ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი (ეს გერმანული ცეცხლგამჩენი ბომბები მხოლოდ 1,3 კგ-ს იწონიდნენ).
მოსკოვის საჰაერო თავდაცვის ბრძოლებში საბჭოთა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საზენიტო არტილერიამ, საერთო ჯამში, 1 305 გერმანული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.
და ამ მნიშვნელოვანი რიცხვიდან მხოლოდ 12 თვითმფრინავი ჩამოვარდა, მოსკოვის მისადგომებთან და უშუალოდ მოსკოვის თავზე აშვებული გადამღობი აეროსტატების რკინის ბაგირებზე წამოდების გამო. სულ წამოდების 92 ფაქტი დაფიქსირდა და ამ 12 ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდანაც ნახევარზე მეტი ის საბჭოთა გამანადგურებელი აღმოჩნდა, რომელთა მფრინავებმა შეცდომით გაიფრინეს აეროსტატების ქვეშ.
არადა, მოსკოვის თავზე ოთხწლიანი ომის პერიოდში, დაახლოებით, 217 ათასჯერ აწიეს გადამღობი აეროსტატები, რაც ნამდვილად არ მეტყველებს მათი საბრძოლო გამოყენების მაღალ ეფექტიანობაზე.
თუმცა აქ აუცილებლად გასათვალსიწინებელია ფსიქოლოგიური მომენტი - როდესაც გერმანული „იუნკერსის“ ეკიპაჟი ხედავდა მოსკოვის თავზე, 3-4 კმ სიმაღლეზე აწეულ აეროსტატებს, ხვდებოდა რომ მიწასთან ისინი რკინის ბაგირებით იყვნენ მიბმულნი და ამ აეროსტატების ქვეშ გაფრენისას ძალიან იზრდებოდა იმის საფრთხე, რომ ფრთებით წამოსდებოდნენ აეროსტატების ქვეშ ჩამოშვებულ რკინის ბაგირებს.
ამიტომაც „ლიუფთვაფეს“ ბომბდამშენების ეკიპაჟები 4 კმ-ის მაღლა ადიოდნენ და იქიდან აწარმოებდნენ დაბომბვას, რაც უკვე ბევრად ნაკლები სიზუსტით გამოირჩეოდა ანუ გადამღობი აეროსტატები მაინც ასრულებდნენ თავის დანიშნულებას, რომ გერმანულ თვითმფრინავებს ზუსტად არ დაებომბათ კონკრეტული მნიშვნელოვანი ობიექტები მოსკოვში, მათ შორის - კრემლიც...
დღევანდელი, პუტინის მოსკოვი უკვე ემსგავსება სტალინის დროინდელ მოსკოვს - ყოველ ღამე ისმის საჰაერო განგაშის სიგნალები, ხოლო ქუჩებში მოძრავ მანქანებზე დამონტაჟებული ხმამაღლა მოლაპარაკეებით მოსახლეობას აფრთხილებენ, ახლოს არ მივიდნენ ფანჯრებთან...
მაგრამ რამდენად ეფექტიანი იქნება ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი საბრძოლო გამოცდილების გამოყენება გადამღობი აეროსტატების სახით, რომ მათ დაიცვან აგრესორი ქვეყნის, რუსეთის დედაქალაქი უკრაინული დრონების შურისმაძიებელი საჰაერო შეტევებისგან?
ასევე დაგაინტერესებთ:„წყალდიდობებით ომი“ ანუ დატბორე მტერი, რომ ვეღარ შემოგიტიოს - რატომ აუფეთქეს უკრაინელებმა რუსებს ბელგოროდის წყალსაცავის დამბა
ნატოს ქვეყნის პარალიზება რა ადვილი ყოფილა - ლუკაშენკოს ულვაშებში ეღიმება...
პუტინ, დონ კიხოტი ხარ? ქარის გენერატორებს რაღას ერჩი?
ის ძირითადი უკრაინული შორსმფრენი დრონები, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები მოსკოვისკენ მიმართავენ, აღჭურვილნი არიან მხოლოდ ინერციული და GPS-ს ნავიგაციის სისტემებით ანუ მიფრინავენ დაპროგრამებულად კონკრეტული უძრავი სამიზნისკენ.
შესაბამისად, მათ დისტანციურად არ მართავენ ოპერატორები და ამ დრონებს არ შეეძლებათ საჰაერო მანევრის შესრულება, თუკი მოსკოვის თავზე აწეული იქნება გადამღობი აეროსტატების ჯგუფი ჩამოშვებული ბაგირებითა და ბადეებით, რომელებსაც ეს დრონები წამოედებიან და ჩამოვარდებიან.
მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუკი იგივე უკრაინულ კამიკაძე-დრონ „ლიუტიზე“ დამატებით დაამონტაჟებენ ვიდოკამერასა და ორმხრივი რადიო-ვიდეო კავშირის საშუალებებს, ოპერატორს უკრაინიდან შეეძლება დროულად აღმოაჩინოს გადამღობი აეროსტატები და საჰაერო მანევრით აარიდოს დრონი მათზე წამოდებას.
სხვათა შორის, გადამღობი აეროსტატების თემა კიდევ უფრო აქტუალურია თავად უკრაინელებისთვის, დედაქალაქ კიევის დასაცავად, რომელსაც ყოველღამე ათობით ირანულ-რუსული „შაჰიდ/გერან-2“ უტევს-გადამღობი აეროსტატების მთელი ფლოტის კიევის მისადგომეთან ჰაერში აწევის შემთხვევაში, რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმების ეფექტიანობა მნიშვნელოვანდ შემცირდებოდა...
და ერთიც - რუსული, ისევე როგორც უკრაინული კამიკაძე-დრონები, როგორც წესი საჰაერო შეტევებს ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენისას ახორციელებენ, როდესაც რთულია მათი დროული აღმოჩენა სახმელეთო რადიოლოკატორების საშუალებით, ხოლო ჰაერში ,აეროსტატის ბორტზე ატანილ კომპაქტურ რადიოლოკატორს(ისეთივეს,როგორსაც გამანადგურებელი თვითმფრინავების ცხვირის ნაკვეთურში აყენებენ) ბევრად უფრო შორ მანძილზე შეეძლებოდა დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონების დროული აღმოჩენა...