"რუსთაველზე "გაჭედილი" კრიზისი: როდის და რა სცენარით შეიძლება დასრულდეს დროში გაწელილი გაურკვევლობა?! - "2026 წელი მთელი რეგიონისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან...
ბოლო დროს მთელი პოლიტიკური პროცესი რუსთაველის რამდენიმე წუთით გადაკეტვა-არგადაკეტვაზეა დაყვანილი. რას აჩვენებს ეს ყველაფერი, ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიცია გამქრალია, საპროტესტო მოძრაობა კი ისევ ჩართულია პოლიციასთან დაპირისპირებაში ანუ სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობს, პოლიტიკური პროცესი კი მკვდარია. ეს ორი მდგენელი - პოლიტიკა და სამოქალაქო პროტესტი ერთად თუ არ არის, ცალ-ცალკე შედეგს ვერ მიაღწევს. პროტესტანტები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. სწორედ მათ გამოა, რომ ქვეყანა ახლა ფეთქავს და რაღაცნაირად კიდევ აჩვენებს, რომ ამ საზოგადოებას აქვს ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბების სურვილი. მეორე მხრივ, ამ პროტესტს უნდა ჰყავდეს ხალხი, რომელიც შეძლებს ილაპარაკოს, ხელისუფლებასთან იქნება თუ ქვეყნის გარეთ.
ეს პროტესტი უთავო მხედარს ჰგავს, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მათი სახელით ვერავინ ლაპარაკობს, პოლიტიკურად ვერ ხერხდება იმ უზარმაზარი ენერგიის კაპიტალიზაცია, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. თუკი პოლიტიკურ პარტიებს ეს არ შეუძლიათ, მაშინ რაღაც პოლიტიკური "თავი" უნდა შეიქმნას. მე არ მესმის არც ერთი იმ ადამიანის, რომელიც გაიძახის, არაფერი საჭირო არ არის, უბრალოდ, ქუჩაში ვიდგებით და ყველაფერი თავისით მოხდებაო. არ მოხდება თავისით. ეს არ არის ხელისუფლება, რომელსაც, თუ სერიოზული პრობლემები არ შეექმნა, ცვლილებებზე წავა.
დასავლეთმა თუ არ დაინახა, რომ ქვეყანაში გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში არსებულ ქვეყანაში ვითარების მართვა შეუძლია, არ მიიღებენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის იცვლება მაშინ, როდესაც ქვეყანაშიც და მის გარეთაც ხედავენ ალტერნატივას. ცვლილებები არ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ცუდი ხელისუფლებაა.
როდესაც ხელისუფლება გიპირისპირდება შიშველი ძალით, შენ გაქვს ორი გზა: კედელი თუ აგიშენა, გაქანდე და თავი მიარტყა, ან შემოუარო და გზა გააგრძელო. რატომ არ შეიძლება, რომ ამ ეტაპზე მაინც რუსთაველზე აქციები განვაგრძოთ მაგალითად, ერთი გზის პირას, ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს კილომეტრებზე გაიშალოს დროშებით, პლაკატებით, მთელი რუსთაველი დავიკავოთ და მთელი ის ხალხი, რომელიც ტროტუარებზე ივლის, და ისინიც, ვინც გზაზე მანქანებით ივლის, ფაქტობრივად, აქციების თანამონაწილე გავხადოთ, უზარმაზარი პერფორმანსები მოვაწყოთ ყოველ საღამოს ისე, რომ გზა არ გადაიკეტოს და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, რომ ადამიანები დააკავოს. ამას მაგალითისთვის ვამბობ და შეიძლება უფრო ჭკვიანური რაღაცებიც მოიგონონ. მთავარია პროტესტი, მისი შენარჩუნება და მეტიც, გაძლიერება. ხელისუფლებას უნდა დაანახო, რომ ეს პროცესი მინავლების პროცესში კი არ არის, მატულობს და მატულობს. რა მოაქვს იმას, რომ ათობით ადამიანს აკავებენ? კანონმდებლობა ისე შეიცვალა, რომ ამ ათობით თუ ასობით ადამიანს ხუთი დღით კი აღარ დააკავებენ, სისხლის სამართლის მუხლებით გაუშვებენ ციხეში. ეს როგორ შეეხიდება საპროტესტო მოძრაობას?
უდიდესი პატივისცემა და სიყვარული მათ, ვინც გამოდის და აპროტესტებს, მაგრამ, ხანდახან გმირობაზე უფრო მნიშვნელოვანი ჭკუაა. ჭკუამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ მაინცდამაინც თავის გაწირვა არ გახდეს საჭირო.
- თავად იმ პროცესებით, რაც "ოცნებაში" მიდის, წესით, მათივე მომხრეებიც უნდა იყვნენ აღშფოთებული?..
- სოცქსელებში, ასე თუ ისე, ისმის ეს აღშფოთება, მაგრამ აშკარაა, რომ არ არის იმ კონდიციამდე, რომელიც მათ სახელისუფლებო პარტიას ჩამოაშორებს. მეორე მხრივ, ამას ოპოზიციაც უწყობს ხელს - ძალიან ცოტა ადგილს ტოვებენ იმისათვის, რომ მმართველი პარტიიდან ადამიანი წამოვიდეს და მათ მხარეს დადგეს იმ აგრესიით, რომელიც ისმის ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ვერ ხვდებიან ერთ რამეს - ხელისუფლება რომ დაამარცხო, მას მომხრეები უნდა დააკარგვინო და არა პირიქით...
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის ნაკლებად დამაჯერებელია, რასაც ექსპერტების ნაწილი ამბობს, ივანიშვილს ფული შემოაკლდა და ახლა ამოღება უნდაო. მე უფრო სხვა რამ მგონია. ივანიშვილმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მას მუდმივი პარტნიორები პოლიტიკაში არა ჰყავს... ბოლო 20 წელი რომ ავიღოთ, მოდი, შევხედოთ ამ პერიოდს, როგორც ორი ოლიგარქის - ივანიშვილისა და პატარკაციშვილის ბრძოლას. ივანიშვილი ამ ბრძოლაში ბევრად მოქნილი აღმოჩნდა, შევიდა ალიანსში სააკაშვილთან და მთავრობის ხელით, ფაქტობრივად, გაანადგურა პატარკაციშვილი. თან ამ პროცესში ხელი შეუწყო სააკაშვილის სრულ დისკრედიტაციას, შემდეგ უკვე სააკაშვილი გადააგდო, ოღონდ ალიანსში შევიდა პროდასავლურ პარტიებთან, რაც ძალიან სჭირდებოდა 2012 წელს არჩევნებში გასამარჯვებლად, რათა ამ პროცესში თუნდაც შეერბილებინა დასავლეთის რეაქცია ოლიგარქის პოლიტიკაში გამოჩენაზე. თუმცა, 2022 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეცდომა დაუშვა. დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ძალიან მალე გაიმარჯვებდა და გადავიდა ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, თავის პარტიაშიც ის ხალხი დააწინაურა, რომელიც ამ ანტიდასავლური დღის წესრიგით იყო დაკავებული. ახლა ვითარება იცვლება, რუსეთი ვერ იმარჯვებს.
გარდა ამისა, 2026 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება რეგიონისთვის, იმიტომ, რომ სომხეთში არჩევნებია და შემდეგ გადაწყდება, ამერიკა შემოდის თუ არა რეგიონში, ან რუსეთი რჩება თუ არა. ივანიშვილი არასდროს არ დაეტაკება გაქანებულ მატარებელს. თუ დასჭირდება, შეარბილებს, ასე ვთქვათ, პრორუსული ფლანგის გავლენას...