აფხაზმა მარიონეტებმა ნაძირლობის ფსკერი ჩახვრიტეს: გალში ქართველ მასწავლებლებზე დიდი "ნადირობა" დაიწყო - "ჩუმად ასწავლიან ქართულს და ანგარიშს თბილისს აბარებენ"
ოკუპირებულ გალის რაიონში ქართველი მასწავლებლების წინააღმდეგ დიდი ტერორი დაიწყო. აფხაზი სეპარატისტები გალის სკოლებში ეძებენ "შესაძლო ჯაშუშებს" და "მტერ სახელმწიფოსთან კავშირის მქონე" პედაგოგებს. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქართველი მასწავლებლების "საქართველოსთან ჯაშუშური კავშირის" დასადგენად გამოძიებას ატარებს. უკვე დაკავებულია ერთი მასწავლებელი. დაკითხვაზე იბარებენ ყველას, ვინც ბოლო დროს ენგურის ხიდი გადაკვეთა და არაოკუპირებულ საქართველოში იმყოფებოდა. პარალელურად დე ფაქტო სამთავრობო ტელეგრამარხებზე დაიწერა რამდენიმე პედაგოგისა და დირექტორის გვარი, ვინც, მათი მტკიცებით, "უკვე გამოაშკარავებულია" მტერ სახელმწიფოსთან კავშირსა და ანგარიშის ჩაბარებაში. განცხადება გაავრცელა დე ფაქტო განათლების მინისტრმაც, რომელმაც გალის სკოლების "საეჭვო მასწავლებლებისგან გაწმენდა" დააანონსა, თქვა, რომ მათი ადგილი "განათლების სისტემაში" არ არის და გამოძიებას მხარდაჭერას უცხადებს.
ქართველი მასწავლებლების დევნა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, როდესაც გალის სოფელ შაშიკვარაში საკუთარ სახლში ღამით ნიღბიანმა პირებმა დააკავეს 39 წლის შალვა ხიზანიშვილი. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ხიზანიშვილმა საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცა გალში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის ფოტოები, ამის სანაცვლოდ ჯილდოდ მიიღო ფული და ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც თურმე ეზოში ძაღლის სადგომში ჰქონდა დამალული. მას ჯაშუშობა ედება ბრალად და 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემდეგ დაიწერა, რომ ხიზანიშვილი გალის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგია. ის რუსულ ენას ასწავლიდა. ბიოლოგიის პედაგოგია მისი დედა, რომელიც მეორე დღესვე დაიბარეს დაკითხვაზე, როგორც "ჯაშუშის" ოჯახის წევრი. სწორედ ამის შემდეგ იწყება ქართველი მასწავლებლების წინააღმდეგ დიდი კამპანია და დაშინება-შანტაჟი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან. გალში ყველა მასწავლებელი უკვე იმის შიშითაა, რომ შეიძლება სკოლიდან გაუშვან, მასწავლებლობა აუკრძალონ, ან ყველაზე უარესი - დაბრალდეთ ჯაშუშობა და 10-15 წლით გაუშვან აფხაზურ ციხეში.
გალელი მასწავლებლების წინააღმდეგ მთელი კამპანია გაჩაღდა ე.წ. პროსამთავრობო ტელეგრამარხებზე. როგორც წერენ, უკვე ცნობილია რამდენიმე პედაგოგი, ვინც მტრულ სახელმწიფოს აბარებს ანგარიშს გალის სკოლებში სწავლების შესახებ, იღებს ქართულ ხელფასებს და თურმე მალულად ქართულსაც ასწავლის, მიუხედავად იმისა, რომ ეს "აფხაზური კანონით" აკრძალულია.
"კოლეგებმა შენიშნეს, რომ გალის რაიონის დირექტორებისა და მასწავლებლების ნაწილი არა მხოლოდ რეგულარულად იღებს ხელფასს საქართველოდან, არამედ ანგარიშს აბარებს საქართველოს ხელისუფლებას", - წერს "ამრა-ლაიფი".
ტელეგრამარხი ავრცელებს ქართულ ენაზე შედგენილ რამდენიმე დოკუმენტს, სადაც ჩამოთვლილია სკოლის მოსწავლეების ვინაობა. წერილებს ხელს აწერენ დამრიგებლები და დირექტორები. ზოგ წერილში აღნიშნულია, რომ თბილისიდან ფინანსურ დახმარებას ელიან და ადრესატია თბილისში გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია და აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტრო.
გალელი მასწავლებლების ბრალდებების გასამყარებლად ტელეგრამარხებზე იმოწმებენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის განცხადებას, რომელიც მან ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში 15 სექტემბერს სასწავლო წლის დაწყებისას გააკეთა.
"აქედან ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას აფხაზეთიდან დევნილ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ ქართულ ენაზე განათლების მიღებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პედაგოგებს, რომლებიც დიდი რისკისა და შიშის ფასად ახერხებენ სასწავლო პროცესის ქართულ ენაზე წარმართვას და ამით აფხაზეთში საქართველოსა და მის მომავალს ინარჩუნებენ", - თქვა გიორგი ჯინჭარაძემ. განცხადება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ფეისბუქის გვერდზეც არის გამოქვეყნებული.
აფხაზები ამბობენ, რომ ეს განცხადება აფხაზეთის სუვერენიტეტისათვის სახიფათოა. "თურმე გალში მალულად ისევ ქართულად ტარდება გაკვეთილები, თურმე ანგარიშს აბარებენ თბილისს და ამისთვის საჯაროდ მადლობას იღებენ ოფიციალური პირისგან".
"2025 წლის 15 სექტემბერს "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის" მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს მნიშვნელობას და მას საქართველოს მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა. საქართველოსთვის ანგარიშების წარმდგენ პირებს შორის არიან სოფელ ბაგრიაპის (ზემო ბარღების) საშუალო სკოლის დირექტორი კობა რიგვავა; სოფელ გაგიდის საშუალო სკოლის დირექტორი ხვიჩა ჩიტაია და გალის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებელი მაია შონია. არიან სხვებიც. ანგარიშები იგზავნება არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ აფხაზური მარკებითაც. აქცენტი კეთდება პერსპექტიული სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე მათ განცხადებაზე ქართული სკოლის პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?", - წერს "ამრა-ლაიფი".
"ქართველი მასწავლებლების საქმეს" დიდი გამოხმაურებები ჰქონდა კომენტარებშიც. ითხოვდნენ ყველა საეჭვო მასწავლებლის საჯაროდ მხილებას და გაძევებას: "დაასახელეთ ეს ჯაშუშები და გაასამართლეთ, ან გააძევეთ მე-5 კოლონის ეს წარმომადგენლები აფხაზეთიდან. არ იქნება სამიზნე, არ იქნება პრობლემა..." "ისინი არასდროს დაიცავენ არც აფხაზებს და არც აფხაზეთის ინტერესებს. ისინი ქართველები არიან. ისინი თავის დროს ელოდებიან"...
დე ფაქტო განათლების მინისტრის ხანა გუნბას განცხადებით, "სამინისტრო" სრულად უჭერს მხარს "სამართალდამცავი ორგანოების" ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს "აფხაზეთის სახელმწიფოს" ინტერესების დაცვას.
"განათლების სისტემაში უნდა დასაქმდნენ პირები, რომლებიც ნამდვილად ერთგული არიან თავიანთი ქვეყნის ინტერესების. თუ ჩვენს სისტემაში არიან განსხვავებული აზროვნების მქონე ადამიანები, განათლების სამინისტრო ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი ადამიანები აღარ მუშაობდნენ განათლების სისტემაში", - თქვა მან.
რა ხდება დღეს გალში, დაიწყო თუ არა გალის პედაგოგების დაშინება-შანტაჟი და აფხაზეთის ა/ო მთავრობის თავმჯდომარის განცხადება ქართულად სწავლებაზე გახდა თუ არა საბაბი გალის მასწავლებლებზე წნეხის დასაწყებად, აფხაზეთის ა/ო მთავრობიდან პასუხად მხოლოდ ზოგადი განცხადება მივიღეთ: "ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ყველა პრობლემა ზედმიწევნით კარგადაა ცნობილი: საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩვენი მხრიდან მოცემული ვითარების რაიმე სახით შეცვლა ან ჩარევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის საერთაშორისო დღის წესრიგში ჩასმას".
"ეს არის გამოცხადებული ტერორი"
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: "სამწუხაროდ, გალში მასწავლებლებზე წნეხი სამი ათეული წელია სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება, თუმცა ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმი ძალიან გამკაცრდა და სკოლებში ადამიანებს არ აძლევენ მშობლიურ ენაზე არც სწავლის, არც სიმღერის და არც მეტყველების უფლებას. ეს საკითხი ბევრჯერ დამდგარა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს წინაშეც. სიახლეა ის, რომ ბოლო პერიოდში ზეწოლა უფრო გაძლიერდა. დააკავეს ერთი მასწავლებელი, შოთა ხიზანიშვილი, თითქოს იარაღი უპოვეს. ე.წ. განათლების მინისტრიც გამოვიდა მუქარით, გალის სკოლებში წმენდა დააანონსა და ე.წ. უშიშროებას დაუჭირა მხარი. ჩვენ ამ თემას ყურადღებით ვაკვირდებით და ყველა დონეზე, შინ და გარეთ ყველას მივაწოდეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ხელში მხოლოდ საერთაშორისო ბერკეტებია, სხვა არაფერი შეგვიძლია, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ. ეს არის გამოცხადებული ტერორი ქართველი მასწავლებლების წინააღმდეგ. არც მალავენ, რომ ამ ადამიანების დასჯას და გასახლებას აპირებენ. გამორიცხული არ არის მუქარა შეასრულონ, ქართველი მასწავლებლები გაათავისუფლონ სკოლებიდან და აუკრძალონ პედაგოგიური საქმიანობა, აიძულონ დატოვონ საკუთარი სახლები. ქართულად სწავლების გამო ადამიანის დაპატიმრება წარმოუდგენელია.
ვნახეთ მათი გამოქვეყნებული დოკუმენტებიც, სადაც წერია, კლასებში ბავშვების რა რაოდენობა სწავლობს, შემცირდა თუ გაიზარდა, სხვა არაფერი. იმათ კი ატეხეს განგაში, აი, მიმართავენ თბილისს, ესე იგი, აქვთ კავშირიო. კავშირი ბუნებრივია არსებობს, ნაცნობები, ნათესავები ყველას ჰყავს ენგურს აქეთ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ბავშვი ცდილობს სკოლის დასრულების შემდეგ არაოკუპირებულ საქართველოს უნივერსიტეტებში ჩააბაროს. როგორ ჩააბარებს ბავშვი უნივერსიტეტში, თუ ქართული ენა არ იცის? ასევე ამბობენ, რომ დაუშვებელია, გალში მასწავლებლები თბილისიდან რომ იღებენ დანამატებს. ეს წლებია ასეა და იცოდნენ. სხვათა შორის, გალის რაიონში ძალიან ბევრი აფხაზი პედაგოგია, აფხაზურს რომ ასწავლის და მათი დიდი უმრავლესობა თბილისიდან დახმარებას იღებს.