რატომ უჩივის ფრანგული Lacoste ქართველ ნიანგ გამბის?
პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსმა თემურ დოდელიამ 2023 წელს პირველი ქართული საჭადრაკო კომიქსი შექმნა, რომლის გმირიც ნიანგი გამბი გახდა.
ერთი წლის შემდეგ, საქპატენტმა თემურ დოდელიას იდეა - სასაქონლო ნიშანი დააპატენტა, თუმცა დროთა განმავლობაში, ავტორს ფრანგულ ბრენდთან შეჯახებამ მოუწია - Lacoste ჩივის და კატეგორიულად მოითხოვს ნიანგის ლოგო ტანსაცმელზე არ დაიტანონ. რამდენიმე დღეში, ისევ საქპატენტის მიერ დანიშნული კომისია გადაწყვეტს, არის თუ არა მსგავსება ფრანგულ "ლაკოსტის" ლოგოსა და ქართულ ანიმაციურ ნიანგ "გამბის“ შორის.
როგორც ავტორი გვიყვება, ბავშვი ჭადრაკის სწავლას კომიქსის საყვარელ გმირთან ერთად იწყებს და მისი ეს იდეა ემსახურება იმას, რომ ბავშვებს ინტერესი გაუჩნდეთ, ხალისით და თამაშით ისწავლონ ჭადრაკი, მათთვის ის მარტო რიცხვები და მშრალი თამაში რომ არ იყოს.
ცნობისათვის: "ახალქალაქი ჰესის“ უფროსი თემურ დოდელია ჭადრაკში ოსტატობის კანდიდატი და ლიცენზირებული მწვრთნელია, არის ორი წიგნის და არაერთი ინოვაციის ავტორი.
თემურ დოდელია:
- გამოვეცი პირველი ქართული საჭადრაკო კომიქსი, რომელსიც ცოტა ზღაპრულად მაქვს ახსნილი პირველი სვლები (ეს კომიქსის პირველი ნაწილია). ანიმაცია, ჩემი სცენარით, ზალიკო სულაკაურს დავახატვინე. კომიქსის გმირია ნიანგი "გამბი“, რომელთან ერთადაც ბავშვი იწყებს ჭადრაკის სწავლას. სახელის იდეა ლაზიერის გამბიტიდან მომივიდა, "გამბიტი" იტალიური სიტყვაა და ფეხის დადებას ნიშნავს, ნიანგი ფეხს ვერ დაუდებს და კუდის დამდებია, რაც ცოტა იუმორით, ცოტა ზღაპრულად გადავწყვიტე. გადავიღე წუთნახევრიანი ანიმაციაც, რომელიც მთლიანი კომიქსის ტრეილერია. მოკლედ, გამოვეცი კომიქსი, რომელიც ბევრს მოეწონა, ქართული ჭადრაკის სამყარო ინფორმირებულია - გავუზიარეთ ნონა გაფრინდაშვილს, ნანა ალექსანდრიას, ნანა იოსელიანს... საქპატენტში მივიტანე ერთ-ერთი ფოტო ნიანგი გამბის გამოსახულებით და მისი დარეგისტრირება გადავწყვიტე, ანუ ავიღე სასაქონლო ნიშანი. ეს იქნება ჩემი ლოგო, რომელსაც დავიტან, მაგალითად, ჭიქაზე, მაისურზე, კეპზე... ამ პროცედურას - სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირებას 1 წელი სჭირდება. იქ ერთ-ერთი იყო ტანსაცმლის კლასი (მაგ. ლოგო კეპზე რომ იყოს დატანილი, ეს ტანსაცმლის კლასია). მოკლედ, 1 წლის თავზე საქპატენტიდან მივიღე დადებითი პასუხი, თანხმობა სასაქონლო ნიშანზე - "ჩესს გამბი“ (Chess Gambi). საქპატენტს აქვს ასეთი წესი, რომ თანხმობის შემდეგ, ვისაც პრეტენზია აქვს, 3 თვის განმავლობაში შეუძლია შეიტანოს განაცხადი იმაზე, რომ თანახმა არ არის დაპატენტებაზე. სამი თვის თავზე, ბოლო დღეს მითხრეს, რომ ვიღაცამ შეიტანა განაცხადი. ვრცლად