"ჩემი მანქანა მოპარული ტაქსით დაამტვრია სამმა თინეიჯერმა გოგომ. ისე დაილეწა, რომ ვერ მოძრაობს... დღეს ჩავუარე და შევამჩნიე ღორის ფორმის ყულაბა, კაცის პერანგი, უკან ბევრი ტანსაცმელი და... მძინარე კაცი"
კინორეჟისორი და ვიზუალური მხატვარი ანნა ძიაპშიპა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის კუთვნილ მანქანაში, რომელიც არასრულწლოვნებმა დაუზიანეს, შენიშნა, როგორ ჩასახლდა უცხო მამაკაცი:
"თავს კი არ გახვევთ ჩემს პრობლემას, მაგრამ არ შემიძლია ეს რომ არ გაგიზიაროთ. თებერვალში სახლთან დაპარკინგებული ჩემი მანქანა მოპარული ტაქსით დაამტვრია სამმა თინეიჯერმა გოგომ. მანქანა ისე დაილეწა რომ ვერ მოძრაობს და სახლთან აყენია, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა და გაჭედილი სასამართლოს გამო ძაან გაიწელა ყველაფერი. პერიოდულად ვუყურებ და საშინლად ვბრაზდები დაუგეგმავ უმანქანობაზე.
დღეს ჩავუარე და ლურჯი, ფაიფურის, ღორის ფორმის ყულაბა შევამჩნიე, მერე კაცის გაუთავებული კუბოკრული პერანგი, ჩამოკიდებული არომატიზატორი და უკან ბევრი ტანსაცმელი, ასევე მძინარე კაცი. შეიძლება სადმე აბაზანაც აქვს მოშენებული, ღორის ფორმის ყულაბაში აგროვებს ფულს, რომელიც შეიძლება ჩემი მანქანის დღიური გაქირავებით მიღებული შემოსავალია.
ვზივარ ახლა მაღაზიაში, ვუყურებ ჩემს მანქანას და ნახევარი საათია პატრულს ველოდები, რომელსაც მოქალაქეებისთვის აღარ სცალია და თან ცოტა მეშინია ამხელა ამბის ბოლოს მაინც მე არ დამიჭირონ".