"ქალი ამტკიცებდა, რომ მათ სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ მაშინ, როცა ის მხოლოდ 17 წლის იყო. ენდრიუ კი მასთან სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულმა ჯეფრი ეპშტეინმა დააკავშირა" - პრინცი ენდრიუ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს
პრინცი ენდრიუ "პრინცის“ ტიტულს კარგავს და უინძორის სასახლეს ტოვებს, მას შემდეგ, რაც სექსუალური ტრეფიკინგის საქმეში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური მოკვლევა მიმდინარეობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეფის ძმა ამიერიდან ენდრიუ მაუნტბატენ უინძორის სახელით იქნება ცნობილი.
სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფემ "დღეს დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინც ენდრიუს სტილის, ტიტულებისა და პატივის ჩამორთმევის მიზნით“. ამასთან, ის სასახლეს დატოვებს და კერძო საცხოვრებელში, სანდრინგემის მამულში გადავა.
ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ეს "ზომები აუცილებელია“ იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. სასახლე ასევე გამოხატავს მხარდაჭერას "ნებისმიერი და ყველა ფორმის ძალადობის“ მსხვერპლთა მიმართ.
ცნობისთვის, პრინცი ენდრიუ არის დედოფალ ელისაბედ მეორის უმცროსი ვაჟი, მეფე ჩარლზ მესამის ძმა.
შეგახსენებთ, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ის ციხეში გარდაიცვალა. რაც შეეხება, პრინც ენდრიუს, 2021 წელს ვირჯინია ჯუფრემ უჩივლა მას - ქალი ამტკიცებდა, ენდრიუსთან რომ სექსუალური კონტაქტი ჰქონდა მაშინ, როცა ის მხოლოდ 17 წლის იყო. ენდრიუ მოზარდ გოგონასთან კი ეპშტეინმა დააკავშირა. ენდრიუმ ბრალდებები უარყო, თქვა, რომ "არ ახსოვს ეს ქალი" და რომ "არაფერი უკანონო არ ჩაუდენია".